კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უმოქმედო“ ხელისუფლება და „მოქმედი“ ზღვა

30 ოქტომბერი, 2007
ზღვა ადლიას უტევს, ხელისუფლებამ კი მხოლოდ სიტუაცია შეისწავლა

ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ადლიაში, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საკითხი კვლავ გადაუჭრელია. პრობლემის მოგვარების მიზნით, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიაც შეიქმნა. კომისიამ მხოლოდ არსებული მდგომარეობა შეისწავლა, რეაგირება კი მხოლოდ ის არის, რომ სასტუმროების - „მედეასა“ და „მესხეთის“ ნანგრევები ადლიის სანაპიროზე დაიყარა.

„ამ მასალის დაყრით, პრობლემა, რომელიც სანაპირო ზოლის მიტაცებაა, არ გადაიჭრება“, - აცხადებენ ადგილობრივები. ისინი შიშობენ, რომ ზამთარში მათ კვლავ მეზობლებთან მოუწევთ „გადასახლება“.

სოფელ ადლიას ზღვა უკვე რამდენიმე წელია უტევს. ზღვის მიერ ხმელეთის მიტაცებამ სანაპირო ზოლში წელიწადში უკვე 7 მეტრს მიაღწია. სანაპირო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა გამაგრებითი სამუშაოები ამ ეტაპზე, ადგილზე ნანგრევევის ჩაყრით ამოიწურა.

დაყრილი ნანგრევები ნაპირზე გასწორებულიც კი არაა. ამასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლევან დოლიძე აცხადებს: „ზამთრამდე ვინმესგან ვითხოვებთ ტრაქტორს და ნანგრევებს ნაპირზე გავშლით. ტრაქტორის შენახვა გამგეობას ძვირი უხდება, ამიტომ უნდა ვითხოვოთ“.

„მოიტანეს და დაყარეს ეს ნანგრევები, განა ეს საკმარისია? ხელვაჩაურის გამგებელს ჩვენთან მოსასვლელი პირიც არ აქვს და შესაბამისად, არც მოდის“, - ამბობს სულიკო დოლიძე. დოლიძის სახლი იმ სამ სახლთაგან ერთ-ერთია, რომელშიც უკვე წელწადზე მეტია აღარ იცხოვრება. შტორმმა სახლს საძირკველი და კედელები გამოაცალა.

ფოტოს გადასაღებად მისულს, დოლიძეების სახლში მხოლოდ ძაღლი დაგვხვდა, რომელიც ისევ შემართებით იცავს უკვე სახლის მფლობელების მიერ იძულებით მიტოვებულ, შემორჩენილ კედლებს.

დოლიძეებს სახლი 25 წლის წინ, ზღვის სანაპიროდან 150-200 მეტრით დაშორებით აუშენებიათ. ოჯახის დიასახლისი, ესმა ბეჟანიძე, დღეს იმაზე ბრაზობს, სპეციალისტებმა წინასწარ რატომ ვერ გაითვალისწინეს საფრთხის შესახებ. 2003 წლიდან მათი სახლი ზღვის შემოტევებისგან ზიანდება. სახლის მხოლოდ ნახევარიღაა დარჩენილი. უკვე წელზე მეტია, დოლიძეები და მათ მსგავსად კიდევ ორი ოჯახი, მეზობლებთან ცხოვრობენ. ხოლო სანაპიროს მიმდებარედ მცხოვრები ცხრა ოჯახი, მოსალოდნელ საფრთხეს „გაუშინაურდა“. ერთ-ერთ მათგანს, ქალბატონ ლამარას პრეზიდენტზე გადაცემული წერილის იმედი ჰქონდა, თუმცა დღეს აღნიშნავს, რომ შეცდა: „პირადად გადავეცი წერილი პრეზიდენტს და ვესაუბრე კიდეც ჩვენს პრობლემაზე. პრეზიდენტი შემპირდა, რომ საკითხის შესწავლას ლევან ვარშალომიძეს დაავალებდა. მართალია, პრობლემა სერიოზულია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაპირი დროებით მაინც გაამაგრონ“.

სხვის ჭერქვეშ შეკედლებულ სამ ოჯახს სახელმწიფო მხოლოდ ბინის ქირას 150 ლარს უხდის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლევან დოლიძის თქმით, „სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულ ოჯახებისთვის, მუნიციპალიტეტის ჭარბი შემოსავლებიდან ბინის ქირის სახით, ორი წლის მანძილზე 12 180 ლარია გადახდილი. სხვა სახის ფინანსური დახმარება ამ ოჯახებზე არ გაცემულა“.

ასეთი კომპენსაციის მოლოდინში ადლიაში კიდევ ცხრა ოჯახი იმყოფება. მათ საცხოვრებელ სახლებს ზღვა თანდათან უახლოვდება. ზღვისპირა ზოლში მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებისგან პასუხს, მორიგი შტორმული პერიოდისგან კი, დარჩენილი საკარმიდამო ნაკვეთების მიტაცებას და სახლების ნგრევას ელიან.

ხელისუფლებამ კი, მხოლოდ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შექმნით ამოწურა მოქმედებები. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა შეისწავლა იქ არსებული სიტუაცია, გაკეთდა შესაბამისი დასკვნებიც, მაგრამ დასკვებს ვერ მოგაწვდით. ახლა, აჭარის მთავრობას მიეცა დავალება, მოლაპარაკება აწარმოოს შესაბამის ფირმებთან, ვინც სამუშაოებს შეასრულებს“. 

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი კი აღნიშნავს: „ეს პრობლემა აჭარის მთავრობის კომპეტენციაში არ შედის, კომპეტენტური საქართველოს მთავრობაა. ვიცი, რომ სპეციალური კომისია იყო შექმნილი და პრობლემაზე მუშაობდნენ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიუროს იურისტი ბაკურ ბოლქვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა ადლიის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობისათვის რიგით პირველია, რომელიც სასწრაფოდ გადაწყვეტასა და მოგვარებას საჭიროებს: „ამ კუთხით წლების მანძილზე, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაფერი კეთდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ზღვამ ხმელეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია მიიტაცა და თუ კვლავ ასე გაგრძელდა, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სანაპირო ზოლს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ სასწრაფო ღონისძიებების გატარებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი


ახალი ამბები