კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში გააერთიანებული ოპოზიციის მიტინგი ხელისუფლებამ ვერ ჩაშალა - 2 ნოემბრის გენერალური რეპეტიცია შედგა

30 ოქტომბერი, 2007

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენა

სპეციალური რეპორტაჟი

გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი ხელისუფლებამ ვერ ჩაშალა. თუმცა, მის წინააღმდეგ აქამდე ნაცადი მეთოდი წარმატებით გამოიყენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ საპროტესტო მიტინგზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერების თავდასხმებს იქ შეკრებილი მოსახლეობა თავად იგერიებდა და ოპოზიციის ლიდერებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

განსაკუთრებული აქტიურობით კობა რიგვავა გამოირჩეოდა, რომელიც შამგონის ცნობილი ინციდენტის დროს აფხაზებმა გაიტაცეს და გათავისუფლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაძაბულ ვითარებას შ.ს.ს. სხვადასხვა სტრუქტურები თითქოს აკონტროლებდნენ. პოლიციის სამმართველოებისა და პატრულის თანამშრომლებმა აქციაზე დამკვირვებლის ფუნქცია უფრო შეასრულეს. მიტინგის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა სოსო რობაქიძე, პარლამენტარ ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, მაკა სახურია და „თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ კი კონსერვატორები ბიძინა გუჯაბიძე და ბეჟან გუნავა სასტიკად სცემა.

გაერთიანებული ოპოზიციის ავტოკოლონა სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიას დღის პირველი საათისათვის მიუახლოვდა. ოპოზიციის ლიდერები რაიონის მოსახლეობას გზადაგზა ხვდებოდნენ და ზუგდიდში ჩასვლისაკენ მოუწოდებდნენ. აბაშაში განსაკუთრებული პატივით პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი -  კონსტანტინე გამსახურდია მიიღეს. ხალხი მას ხელზე ამბორით ხვდებოდა და შველას სთხოვდა. მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე და დაშინების ფაქტებზე საუბრობდა. აბაშაში, ისევე როგორც სამეგრელოს სხვა რაიონებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება მძღოლებს აეკრძალათ. მათ მართვის მოწმობები 2 დღით ადრე ჩამოართვეს და ძალოვანი სტრუქტურებისაგან მკაცრი გაფრთხილებები მიიღეს.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხალხს ზუგდიდში დაგეგმილ მიტინგზე ჩაიყვანდნენ, დაკავებით ემუქრებოდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს სენაკში 3 000 მხარდამჭერი დახვდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების  ლიდერების მხრიდან მიმართვის შემდეგ ავტოკოლონამ გეზი ჩხოროწყუს რაიონისაკენ აიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციის დახვედრაზე დილიდანვე იზრუნა და ცენტრალური ბაზრის დაკეტვით ხალხის სიმრავლის პრობლემა გადაწყვიტა. წალენჯიხის რაიონში ჩასულ ოპოზიციის ლიდერებს კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხმაურიანი შეხვედრა მოუწყო. მუნიციპალიტეტის შენობასთან მათ გამოჩენას შუშების მსხვრევა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამგეობის შენობის დარბევის იმიტაცია თავადვე მოაწყო და ფანჯრის მინების მსხვრევა შიგნიდან დაიწყო. გამგეობის თანამშრომლებმა კი ინციდენტის გადაბრალება მომხვდურებზე სცადეს. მათი განმარტებებით, კონსტანტინე გამსახურდია, კობა დავითაშვილი და ჯონდი ბაღათურია შუშებს საკუთარი ხელებით ამსხვრევდნენ, რის შედეგადაც რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია მებონიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გია ხარჩილავამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები წალენჯიხიდან ზუგდიდისაკენ დღის 5 საათისთვის დაიძრნენ. ამ დროისათვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხალხის სიმრავლე უკვე შეინიშნებოდა. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ოფისი ერთგვარ ტრიბუნად იქცა, რომლის აივნიდან მოსახლეობას პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია და რაიონული ორგანიზაციის წევრი თენგიზ გერგედავა მიმართავდა. მას ,,ანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერები ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი ენაცვლებოდნენ. კინოთეატრ „ატრიუმთან“, იმ ადგილზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი და დოკუმენტური ფილმის „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის“ ჩვენება იყო დაგეგმილი, მოსახლეობა დილიდან იკრიბებოდა, თუმცა, ამ ტერიტორიაზე შეკრება ხელისუფლების  გადაწყვეტილებით შეუძლებელი გახდა. კინოთეატრ „ატრიუმის“ ტერიტორიაზე ბეტონის ფილები 2 დღით ადრე აყარეს და ქვის გორები დააყენეს. ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერებმა მიტინგის დაწყება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გადაწყვიტეს, სადაც ექვსის ნახევრისათვის მათ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შეუერთდნენ.

ხელისუფლებამ დაპირისპირების პროვოცირება სწორედ ილია ჭავჭავაძის სკვერიდან დაიწყო და სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, მიტინგის ჩატარების საბოლოო ადგილამდე ინტენსიურად გააგრძელა. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამიზნე თავიდანვე გოგა ხაინდრავა და პარლამენტარი ბეჟან გუნავა გახდნენ. ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ლიდერი დაცვის თანხლებითა და კორდონის საშუალებით გაჰყავდათ. პარალელურად, ძალოვანი სტრუქტურები ვითარებაზე კონტროლს ახორციელებდნენ. მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიციის ჯგუფები, რომლებიც ფოთისა და სენაკის ავტოტრასებიდან მოხსნეს და სამოქმედოდ ზუგდიდში გაამწესეს. ოპოზიციის მხარდამჭერებს ქალაქის ხეივანთან ხელისუფლების მომხრე რამდენიმე პირი შეეგება, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ხელში ეჭირათ. ხანდაზმულმა ქალბატონმა ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტის სურათი ხელიდან ააგლიჯა და ალიყურიც უთავაზა. ინციდენტიც ამით ამოიწურა, ხოლო სააკაშვილის გამოსახულებიანი პლაკეტები შემდეგ არავის უნახავს.

მიტინგზე არ გამოჩენილან შავოსანი დედები, რომლის შესახებაც ინფორმაცია ზუგდიდში დილიდანვე ვრცელდებოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, შავოსან დედებს გარკვეული თანხა გადაუხადეს, შავი ტანსაცმელიც შეუძინეს, გამოსაყენებელი ტექსტიც შეურჩიეს და ქალაქის შესასვლელის ორ ნაწილში გადაისროლეს. ამგვარი ღონისძიება ზუგდიდელმა პარლამენტარმა გრიგოლ ქობალიამ დაგეგმა, რომლის მითითებითაც გარემოვაჭრე ქალები „ვარდების რევოლუციამდე“ და მის შემდეგაც აქტიურად მოქმედებდნენ. სოფელ ცაიშსა და ოდიშთან მობილიზებული ჯგუფები ორგანიზატორებმა ზუგდიდში ჯერ კიდევ მიტინგის დაწყებამდე გადმოიყვანეს და „სპეცოპერაცია“ გადადეს. სამაგიეროდ, არც თუ ისე სუსტი სქესის წარმომადგენლები ძლიერით შეცვალეს და მიტინგის მონაწილეებთან დაპირისპირება რამდენჯერმე სცადეს. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები სიტყვით გამომსვლელი ოპოზიციის ლიდერებისაკენ თავდაუზოგავად მიიწევდნენ, თუმცა მათი მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა. ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა იერიშის მიტანა და ოპოზიციის წევრებთან მიახლოება ზურგიდან სცადეს. ახალგაზრდებმა ოპოზიციასთან ანგარიშსწორება იმ სამშენებლო მასალით, რკინის კონსტრუქციებით სცადეს, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის იყო განკუთვნილი, თუმცა, ამ შემთხვევაში, დაძაბული სიტუაციის განმუხტვა პოლიციის ჯგუფებმა მოახერხეს.

პოლიციამ ინციდენტის აღკვეთა კი მოახერხა, მაგრამ „ხალხის“ პარტიის ლიდერმა, კობა დავითაშვილმა ლაყე კვერცხების აცდენა ვერ შეძლო. ოპოზიციის ლიდერების მისამართით გაქანებულმა ბატის კვერცხებმა მორიგი დაპირისპირება სწორედ ამ დროს გამოიწვია. მიტინგი, კორდონის საშუალებით, პირველმა კობა დავითაშვილმა დატოვა, მას ირაკლი მელაშვილი და კახა შარტავა მიჰყვა, მოგვიანებით, გოგა ხაინდრავა გამოეყო მომიტინგეებს. ყველაზე ბოლოს კი მიტინგი კონსტანტინე გამსახურდიამ დატოვა. ბოლო შეფასებებიც მან გააკეთა:

„აღფრთოვანებული ვარ ამ მიტინგით, ზუგდიდელების სულისკვეთებით. გენერალური რეპეტიცია 2 ნოემბრისათვის, ფაქტობრივად, შედგა. აქ დღეს შიშის ნავსი გატყდა. სამეგრელო არ არის სააკაშვილის, გოროზიების, ახალაიების და ქობალიების საჯირითო ნაკრძალი“.

მიტინგის დასრულების შემდეგ ცემას ვერც „თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერი გოგა ხაინდრავა გადაურჩა. უცნობმა პირმა ავტომანქანის საჭესთან მჯდომ ხაინდრავას სახეში მუშტი ჩაარტყა და გაქცევა მოახერხა. ამ დროს, მასთან ერთად „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა ლიდერები, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი იმყოფებოდნენ. გაქცეულს შარვლის მარცხენა ჯიბეში საბრძოლო იარაღი ედო.

ამ ინციდენტის შემდეგ დაპირისპირების მორიგმა ტალღამ ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გადაინაცვლა. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებმა გზა ჩაკეტეს და ავტომანქანებში გოგა ხაინდრავას ძებნა დაიწყეს. უშედეგო ძებნის შემდეგ ხელისუფლების აქტივისტებმა გაშლილი დროშა იმ ავტომანქანიდან გადმოათრიეს, რომელსაც სოსო რობაქიძე მართავდა და სადაც პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძე, მისი მეუღლე მაკა სახურია და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი ისხდნენ. გადაცმული პოლიციელები და ნაცმოძრაობის ლიდერები კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდა წევრებს ქუჩის სავალ ნაწილზე თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს. სწორედ ამ დროს სცადა ბიძინა გუჯაბიძემ ახალგაზრდა თანაპარტიელების დაცვა და დაპირისპირებულ ხროვას შეერია. ამ ინციდენტის დროს სხეულის დაზიანებები ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად სოსო რობაქიძემაც მიიღო, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილი და მაკა სახურია პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ისინი ზუგდიდის პოლიციის სამართველოში გადაიყვანეს.

მაკა სახურია:„5 ახალგაზრდა მამაკაცი მომვარდა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩამტენეს. ზურგში მირტყამდნენ, უხეშად მექცეოდნენ. თავდაპირველად ახსნა-განმარტების მიცემა მომთხოვეს, თუმცა შემდეგ მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. კვლავ მანქანაში ჩამსვეს და ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლთან“ ჩამომსვეს“.

ღამის 9 საათისათვის კი რაიონის გამგობის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული წევრები პარლამენტარ ბეჟან გუნავას თავს მოულოდნელად მაშინ დაესხნენ, როდესაც იგი ბიძინა გუჯაბიძესთან, მაკა სახურიასთან, სოსო რობაქიძესა და ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ტელე „იმედისა“ და რადიო „იმედის“ ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. 30-მდე ახალგაზრდა ბეჟან გუნავას უმოწყალოდ სცემდა.  იგი ჯერ მიწაზე დაანარცხეს, ხოლო შემდეგ წიხლებს სახეში ურტყამდნენ. პარლამენტარმა გაქცევა სცადა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, კობა რიგვავა, გოგა ღურწკაია, გელა თოლორაია, ირაკლი თორდია და გიორგი სამუშია მას ფეხდაფეხ მისდევდნენ. გუნავამ სუპერმარკეტში შეღწევა მოახერხა, მაგრამ მის ცემას იქაც განაგრძობდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფი და უბნის ინსპექტორები მხოლოდ ერთი საათის დაგვიანებით გამოჩნდნენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც თავდამსხმელების მიმართ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ და არც მათი დაკავება უცდია ვინმეს. სუპერმარკეტში საათნახევრიანი ტყვეობის შემდეგ ბეჟან გუნავა სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თენგიზ გუნავამ და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა კობა ნარსიამ გაათავისუფლა. სახედასისხლიანებული პარლამენტარი სოსო რობაქიძის ავტომანქანაში ჩასვეს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გუნავას ცემა კიდევ ერთხელ სცადა, მუშტები თავში ურტყა, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსნებს არც ის ახალგაზრდა დაუკავებიათ.

ლაშა ჩხარტიშვილი: „ეს დიქტატურაა და არა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ფიზიკური ძალადობის გარდა, საზოგადოების სამართლიან პროტესტს ვერაფრით უპირისპირდება. ეს არის ზღვარგადასული ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ ახორციელებს. მედიას და ტელეკამერებს ასლან აბაშიძის დროსაც ერიდებოდნენ... მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ახალაიებმა მიზანმიმართულად განახორციელეს“.

 ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები