კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტირებული ლოკიანების ოჯახი ისევ რუსეთში წასვლაზე ფიქრობს

31 ოქტომბერი, 2007

რუსეთიდან დეპორტირებული ადამიანების საქართველოში დაბრუნების დღიდან ერთი წელი გავიდა. დეპორტაცია მოსკოვში მცხოვრებ ლოკიანების ოჯახსაც შეეხო, რომლებიც ახლა მშობლიურ ქალაქ ახალციხეში ცხოვრობენ.

2006 წლის სექტემბრის ბოლო კვირას საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობამ  პიკს მიაღწია. მატულობდა დეპორტირებული ადამიანების რაოდენობა. პოლიცია იჭერდა და აპატიმრებდა ქუჩაში შემხვედრ ნებისმიერ ქართველს. რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქსენოფობიურ დევნას რამდენიმე ქართველის სიცოცხლეც შეეწირა. დეპორტაციის მსხვერპლი აღმოჩნდა ჟუჟუნა და ნოდარ ლოკიანების ოჯახიც.

ლოკიანების ოჯახი საქართველოში 2006 წლის ოქტომბერში დაბრუნდა.
ისინი ვაჟიშვილ ანტონთან ერთად ათი წლის განმავლობაში მოსკოვში, მიტინას რაიონში ცხოვრობდნენ, სადაც, მათი თქმით, ბევრი ქართველი იყო.

ჟუჟუნა ლოკიანი კაფეში მზარეულად მუშაობდა, მეუღლე და ვაჟიშვილი კი -ავტოსერვისში. ისინი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებდნენ და საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებსაც არსებობისთვის საჭირო თანხას უგზავნიდნენ.

ჟუჟუნა ლოკიანი იხსენებს, რომ მათთვის მოულოდნელობა იყო სიტუაციის რადიკალური შეცვლა: ,,ერთი თვე ვიმალებოდით. მეზობელი გვპატრონობდა და საჭმელს გვიზიდავდა. უფასო თვითმფრინავს ველოდებოდით. საშველი რომ აღარ დაადგა, მოვიძიეთ თანხა და ერევანში გადმოვფრინდით“.

ამჟამად ჟუჟუნა ლოკიანი ახალციხის ერთ-ერთ კაფეში კვლავ მზარეულად მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის ცხრა საათიდან იწყება და საღამოს ათ საათამდე გრძელდება. ანაზღაურება არც თუ სახარბიელოა - დღეში ხუთი ლარი. მისი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაბს და, როგორც თვითონ ამბობს, საარსებო კაპიკებს იღებს.

„სააკაშვილი რომ ამბობდა, ჩამოდით ხალხო, დაგაკმაყოფილებთო, ეს არის დაკმაყოფილება?“ - კითხულობს ჟუჟუნა ლოკიანი.

ლოკიანების ვაჟი ანტონი მოსკოვში, რუსი მეუღლის ოჯახში დარჩა. როგორც მშობლები ამბობენ, დღეისათვის მას საფრთხე აღარ ემუქრება.

დახმარების თხოვნით ლოკიანების ოჯახს არავისთვის მიუმართავს. „არც კი ვიცოდით, სად უნდა მივსულიყავით“, - ამბობენ დეპორტირებულები.

სამსახური ან ორგანიზაცია, რომელიც დეპორტირებულებზე რაიმე სახის ინფორმაციას ან თუნდაც სტატისტიკურ მონაცემებს ფლობდეს, ახალციხეში არ აღმოჩნდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ ფაქტს პრობლემად არ აღიქვამენ. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

2007 წლის 26 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომელსაც სწორედ დეპორტირებულების უფლებების უხეში დარღვევა ედებოდა საფუძვლად. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვდა, რუსეთს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაკისრებოდა. ეს ყველაფერი დეპორტირებულებს აიმედებდა, რომ სახელმწიფო მათ დახმარების ხელს გაუწვდიდა.

ლოკიანების ოჯახი უფლებაშელახულად თავს ახლა უკვე საკუთარ სამშობლოში გრძნობს. რუსეთში ერთთვიანი მალვა და შიში მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდია, მაგრამ ისინი კვლავ რუსეთში დბრუნებაზე ფიქრობენ.

„ჩვენ ვარსებობთ. ამას ცხოვრება არ ჰქვია. დაბრუნება გვინდა, აქ ასე ვერ ვიცხოვრებთ“, - ამბობს ჟუჟუნა ლოკიანი.


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები