კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2 ნოემბრის სატრანსპორტო ვაკუუმი გორში

2 ნოემბერი, 2007
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას გორიდან მხოლოდ ლეიობორისტები და რესპუბლიკელების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ.

ჯერ კიდევ 2 კვირით ადრე, ავტოსადგურებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამართალდამცავებმა ტექპასპორტების შემოწმება დაიწყეს.

შალვა ტლაშაძე: (რესპუბლიკური პარტია) - ,,ავტოპარკში დიდი შეკრება ჩატარდა, სადაც მძღოლებს პირდაპირ უთხრეს, რომ 2 ნოემბრის აქციისთვის ხალხი არ ჩაეყვანათ თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდნენ და მათ მანქანას ხაზიდან მოხსნიდნენ. ჩვენ არაერთ მძღოლს დავუკავშირდით, რომლებმაც პირდაპირ განგვიცხადეს, რომ მათთვის უმჯობესია გორში დარჩენა და სამსახურში ყოფნა. ფლავისმანიდან, მეღვრეკისიდან გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ წასვლა უნდათ მიტინგზე, მაგრამ ვერ ახერხებენ წამოსვლას. ჩვენ რაც მოვახერხეთ, ჩვენი ძალებით და ჩვენი მანქანებით შევეცდებით ხალხი თბილისში ჩავიყვანოთ. თუ ავტობუსები და ,,მარშუტკები“ არ გვეყოფა, ტაქსებით ჩავალთ.“

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გენერალური რეპეტიცია გორში 18 ოქტომბერს გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ გორში ოპოზიციას ხალხი ნაკლებად დახვდა. ეს თვით რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმაც აღიარა. აქციაზე დაახლოებით 70 კაცი იმყოფებოდა. უმრავლესობა კოლონაში შემავალი წევრები იყვნენ, რომლებიც ბორჯომისკენ და ახალციხისკენ ასევე მიტინგის ჩასატარებლად მიემართებოდნენ. რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გორში ხალხი ყველაზე მეტადაა დაშინებული და სწორედ ეს არის მიზეზი მოსახლეობის პასიურობისა.

თინა ხიდაშელის კომენტარს ადგილობრივი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ქეთევან ცაბაძე არ ეთანხმება. მისი თქმით, აქციაზე უმრავლესობა ლეიბორისტები იყვნენ.

,,მარტო მე დაახლოებით 170 კაცი მყავდა მოყვანილი გორის მიტინგზე. თუ ხიდაშელი იმას ამბობს, რომ მიტინგზე თავისი პარტიის წევრები არ მოვიდნენ, ეს სხვა საქმეა. საინტერესოა, რატომ არ იყო მიტინგზე რესპუბლიკელი და თანაც საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე? მე არ მიმაჩნია სწორად ის მოსაზრება, რომ გორში ოპოზიციას ხალხი არ ჰყავს. პირიქით, გზად რომ მოვდიოდით, უამრავი ადამიანი გვეგებებოდა“, - ამბობს ლეიბორისტი ქეთევან ცაბაძე.

სხვათა შორის დავით რაზმაძე გორის მიტინგის დროს არ ჩანდა. ის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრია, თუმცა ამავე დროს სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, კერძოდ, სოც-დაზღვევის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია. საკრებულოში მისი მუშაობის მიმართ ოპოზიციონერების მხრიდან პრეტენზიები ყოველთვის არის, რადგან უმეტესწილად სამთავრობო პარტიის წარმოდგენილ პროექტებს უჭერს მხარს.

,,კონსერვატორებმა“ კი ოპოზიციას სიურპრიზი 1 ნოემბერს მოუწყო. კონსერვატორების წევრებმა ზაქრო მებადურის მეთაურობით კონსერვატორების მანდატი საჯაროდ დახიეს. ,,ჩვენ არ გვინდა ისეთ მოძრაობას დავუჭიროთ მხარი, რომლებიც ოქრუაშვილს და მიხეილ ქარელს პოლიტიკურ პატიმრებად ნათლავს“, - განაცხადეს კონსერვატორებმა.

როგორც კონსერვატორული პარტიის ცენტრალურ ოფისში ამბობენ, ოფისი გორში დიდი ხნის წინ ჰქონდათ დახურული. თუ რა მოტივით, ეს უცნობია.

რაც შეეხება ავტოტრანსპორტს, როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ნიქოზი-თბილისის ელექტრომატარებლის გამცილებლებმა დაუდასტურეს, „ელექტრიჩკები“ 2 ნოემბერს მოძრაობას შეწყვეტს.

საბა წიწიკაშვილი, გორი


ახალი ამბები