კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამსახურდიასა და ნათელაშვილს ვერ პოულობენ

9 ნოემბერი, 2007

7 ნოემბრის აქციის შემდეგ უგზოუკვლოდ გაქრა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი. კოკო გამსახურდიასა და შალვა ნათელაშვილის ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის. როგორც ,,რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დარბევის შემდეგ ყველა მეტ-ნაკლებად მოწამლული იყო. ,,რესპუბლიკელები” ამჟამად თავს კარგად გრძნობენ და სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. გაცილებით გაურკვეველი ვითარებაა სხვებთან დაკავშირებით. 

დავით უსუფაშვილი: ,,ჩემი ინფორმაციით, უცნობია კოკო გამსახურდიასა და პარტია ,,თავისუფლების” კიდევ ორი წევრის ადგილსამყოფელი. არ ვიცით დაპატიმრებულები არიან თუ არა ისინი. ასევე ლეიბორისტური პარტიის წევრის კახა ძაგანიასგან შევიტყვეთ, რომ გუშინ ხელისუფლება შალვა ნათელაშვილს ეძებდა. უცნობია კოკა გუნცაძის ადგილმდებარეობაც”.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” თავადაც შეეცადა კოკო გამსახურდიას ნათესავებს დაკავშირებოდა. გაირკვა, რომ ვერც ერთი მათგანი 7 ნოემბრის შემდეგ მასთან კავშირზე ვერ გადის და არ იციან სად იმყოფება. 

ნათია თოიძე, პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების” პრეს-მდივანი: ,,კოკო გამსახურდია ბოლოს აქციის დაშლის შემდეგ ნახეს, როდესაც ის თავის თანამოაზრეებთან დავით ბარდაველიძესა (მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი) და კახა მიქაიასთან ერთად სამების ტაძრისკენ მიემართებოდა. ეს დაახლოებით ექვსიდან შვიდ საათამდე მოხდა. ცოტა ხანში ბარდაველიძეს დავუკავშირდი. მან მითხრა, რომ ისინი ოფისში ამოსვლას აპირებდნენ, მაგრამ რომ დაგვიანეს, დაახლოებით 8 საათისათვის ხელახლა გადავურეკე და ტელეფონები სამივეს გათიშული ჰქონდათ. მას შემდეგ ვერცერთ მათგანს ვერ მივაგენით. ისიც ვერ გავიგეთ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან. დღეს დახმარებისათვის სახალხო დამცველის მოადგილეს გიგა გიორგაძეს მივმართეთ”.

დაკარგულია შალვა ნათელაშვილიც. ლეიბორისტური პარტიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მას ვერაფრით უკავშირდება. ასევე ვერ პოულობენ მას ოჯახის წევრებიც.

ქეთი დოლიძე: ,,წუხელ შუაღამისას ჩვენს ოფისში შემოიჭრნენ ნიღბიანი პირები, რომლებმაც გატეხეს შალვა ნათელაშვილის კაბინეტის კარი და გადაქექეს მთელი დოკუმენტები. გარდა ამისა, პარალელურად ნიღბიანები შეიჭრნენ მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ასევე საბუთები წაიღეს. იგივე განმეორდა ბაზალეთში აგარაკზეც. უკანასკნელად ბატონი შალვა გუშინ საღამოს დაახლოებით ცხრა საათისთვის მე ვნახე, როდესაც ის ოფისიდან გადიოდა”.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” შსს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ოპოზიციის დაკარგული ლიდერების შესახებ სამინისტროს არანარი ინფორმაცია არ გააჩნია. ხიზანიშვილმა ასევე უარყო ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება დაკავებულნი იყვნენ. გარდა ამისა, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ შეიჭრა ლეიბორისტური პარტიის ოფისში და მისი ლიდერის სახლში.

კობა დავითაშვილი, რომლის შესახებაც ამ დრომდე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, საბოლოოდ თბილისში გამოჩნდა და პრესკონფერენციაც გამართა. დავითაშვილის თქმით, მას ელიავას ბაზრობაზე შვიდი კაცი დაესხა თავს, სასტიკად სცემეს და გორის საავადმყოფოშიც თავადვე მიიყვანეს”. ნაცემები არიან ძმები გაჩეჩილაძეებიც, მათ ფიზიკურად ჯერ კიდევ მიტინგზე გაუსწორდნენ. 

მობილური ტელეფონი გამორთული აქვს კონსერვატორული პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს. პარტიის აპარატის უფროსი ლელა მიქავა ამბობს, რომ ძიძიგურთან დაკავშირება მან თავადაც ვერ შეძლო, თუმცა იმ ინფორმაციის მიხედვით, რომლიც ბოლოს ჰქონდათ, ის კარგად უნდა იყოს.

რაც შეეხება, პარტია ,,საქართველოს გზას”, მისი პრეს-მდევნის სოფო ჯაჯანაშვილის განცხადებით, ახლა პარტიის თითქმის ყველა წევრს ტელეფონი გამოთიშული აქვს და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. უშუალოდ პარტიის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი კი თავს კარგად გრძნობს. პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ისინი 15 დღის განმავლობაში მოქმედებას წყვეტენ.

თეა თოფურია, ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები