კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორიონის მოლოდინში - უნარშეზღუდულ ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ

15 ნოემბერი, 2007

ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა #2. ეს კავშირი „ორიონი“-ის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ამჟამინდელი მისამართია. აქ, ორ პატარა ოთახში ხდება ის, რაც თითქმის წარმოუდგენელია მოხდეს ამ ტიპის ბავშვების მონაწილეობით. შემოსასვლელ კარს მიღმა ამ პატარა ადამიანების შეზღუდული შესაძლებლობები ქრება და ისინი თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად აღიქვამენ. სწორედ აქ არ ექცევიან მათ ისე, როგორც უნარშეზღუდულებს.

დღეს აქ უჩვეულო გამოცოცხლებაა. ამისი მიზეზი კი ის თეატრალური წარმოდგენაა, რომელიც კავშირ „ორიონთან“ არსებული უნარშეზღუდული მოზარდების თეატრში შეიქმნა. პედაგოგები თავიანთ აღსაზრდელებზე არანაკლებ ღელავენ და წარმოდგენისათვის ბოლო შტრიხებს ამზადებენ.

ცერებრალური დამბლით დაავადებული 9 წლის ანა წაქაძე დღეს „შემოდგომის დედოფალია“. მას მღელვარება ეტყობა, მაგრამ პროფესიონალი მსახიობივით ახერხებს ამ ღელვის დაფარვას:

„ეს ანასთვის პირველი წარმოდგენა არ არის. ამ კავშირში წესად აქვთ, ყოველთვიურად რაიმე ღონისძიება გამართონ და ამით ავადმყოფ ბავშვებს ცხოვრება გაულამაზონ. მას შემდეგ, რაც კავშირი „ორიონი“ აღმოვაჩინეთ, ჩვენთვის ამ მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლაც გაიოლდა“, - ამბობს ანას დედა თამუნა ლომინაშვილი.
„თქვენ ჩვენი სპექტაკლის სანახავად მოხვედით? ეს ტანსაცმელი ხომ ძალიან გვიხდება?“ გვეუბნება ეტლს მიჯაჭვული პატარა გიორგი, რომელმაც დღეს ჟანა მასწავლებლის გოგონასთან ერთად ვალსი უნდა იცეკვოს.

ჟანა მასწავლებელი კი „ორიონის“ ერთ-ერთი სულისჩამდგემელი ჟანა ფერაძეა. მისი შვილი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ დედის საქმინობის გამო დიდი დროის გატარება „ორიონში“, ფიზიკური ნაკლის მქონე თავის თანატოლებთან ერთად უხდება და მათ ისე ექცევა, როგორც თავის ჯანმრთელ თანატოლებს.

„ორიონი“ 2004 წელს ზესტაფონის მე-5 სკოლის რამდენიმე პედაგოგმა შევქმენით. საქმიანობის სამი წლის მანძილზე ორგანიზაცია „ქაუთენ ფართის“ დახმარებით 140 ეტლი დავარიგეთ გადაადგილების უნარშეზღუდულთათვის. ეს დღის ცენტრი ყოველდღიურად 15 ბავშვს ემსახურება. ჩვენი ბავშვების თეატრი კი რაიონში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილია“, - ამბობს ჟანა ფერაძე.

„ზოგჯერ ისე ვარ გულნაწყვეტი და იმედგაცრუებული, რომ გაგრძელება კი არა, აღარაფერი აღარ მინდა, მაგრამ რომ გავიხსენებ ამ ბავშვების მშობლებს და თავად ბავშვებს, გაჩერება არ შემიძლია. კარები რომ დავკეტო, ბავშვი და მისი მშობელი რომ მოვა, რა ვუთხრა, ხელფასი არ მომცეს და იმიტომ დავკეტე-თქო?“, - საუბარში გვერთვება „ორიონის“ აღმასრულებელი მდივანი ინა ზარნაძე.

მასაჟებისათვის საჭირო უძვირფასესი აპარატურა, რომლის მსგავსიც, რეგიონში კი არა, დედაქალაქშიც რამდენიმეა, „ორიონელებმა“ პროექტებით მოიპოვეს და ამას დიდ მიღწევად მიიჩნევენ. ხელფასები არ აქვთ, მაგრამ ქონება რჩებათ, რომელსაც სათუთად უფრთხილდებიან და უანგაროდ ახმარენ თავიანთ ბენეფიციარებს.
„დიდი ხვეწნის შემდეგ, როცა დაინახეს, რომ ძვირფასი აპარატურის დასადგმელი ადგილი არ გვქონდა, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ორგანიზაციამ თავის ოფისში სამი პატარა ოთახი გამოგვიყო, სადაც სხვადასხვა პროექტით მიღებული აპარატურაა განთავსებული“,  - ამბობს ჟანა ფერაძე.

იქვე, ერთ შედარებით დიდ ოთახშია მოწყობილი სახელდახელო სცენა, მთელი თავისი „ატრიბუტიკით“. ოთახში უკვე შეიკრიბნენ წარმოდგენაზე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის პატარა მსახიობების მშობლები ჭარბობენ.
ადამიანები, რომლებსაც ბედმა ავადმყოფი შვილის ყოლა არგუნათ, არაერთგვაროვნად აფასებენ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდნენ. მათ შორის ზოგიერთები ხშირად კავშირის საწევრო 5 ლარის გადახდაზეც წუწუნებენ.

„ჩემს შვილს ხერხემლის თიაქარი აქვს და ვერასოდეს გაივლის. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ თავს მოვერიო და სულიერად არ დავეცე. ჩემს მდგომარეობაში მყოფი ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაა ვალდებული, დაგვეხმაროს. ამ დროს ხშირად ავიწყდებათ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და შემდეგ მოვითხოვოთ დახმარება და თანადგომა სხვისგან. ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში გულხელდაკრეფილი კი არ უნდა იჯდეს, არამედ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს“, - ამბობს დათოს დედა ნატო გურგენიძე.

ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 წლამდე ასაკის 270 ბავშვია. მათ შორის 110 ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, 130 - გონებრივი შეზღუდულობით. 6 პარაფროფესიონალი რაიონის მასშტაბით 30 ბავშვს ემსახურება, თითოეული 5-ს, კვირაში 2-ჯერ. 15 ბავშვი ცენტრში დადის ყოველდღიურად. ასე რომ, კავშირი მთლიანად 45 ბავშვს ემსახურება, მაგრამ დახმარება გაცილებით მეტს სჭირდება.

„შემოდგომის ზეიმი“ ამჯერად პატარა სცენაზე მიმდინარეობს, მაგრამ მომდევნო დღეებში კავშირის თეატრის ბავშვები სპექტაკლებს თავიანთი თანატოლებისათვისაც გამართავენ, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში მათი ჯერ მიყვანა, შემდეგ კი, შენობებში შეყვანა პანდუსის უქონლობის გამო ხშირად ძალიან ჭირს.

„ორიონი“ ძველი ქართული სიტყვაა და განთიადის მოახლოებას ნიშნავს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს კავშირი ნამდვილად განთიადის მოახლოება იყოს იმ უნარშეზღუდული ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, ვინც თავის მძიმე ცხოვრებაში განთიადის დადგომას ყოველდღიურად ელოდება“, - ამბობს ჟანა ფერაძე.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნანათხოვარი ოთახების პატარა სცენაზე „შემოდგომის ზეიმი“ სრულდება. ანა მშვენიერი დედოფალია, გიორგი ეტლში ცეკვავს ვალსს. ერთგული მაყურებელი კი მხურვალე აპლოდისმენტებით აჯილდოვებს პატარა მსახიობებს. ისინი ყოველდღიურად ორიონის მოლოდინში არიან.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები