კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ სამართალდამცავს ნარკოტიკების მოხმარებისთვის აპატიმრებენ

16 ნოემბერი, 2007

ოთხ ნოემბერს შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თავისსავესაცხოვრებელ სახლში #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჟუჟუნაძე დააკავა.
მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ფაქტზე აღიძრა. დაკავებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, მალხაზ ჟუჟუნაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი მისი არ არის და არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან.
 
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დაკავებაზე მეტად, შეურაცხმყოფელი ბრალდება აღელვებს.

საქმეს შს ახალციხის განყოფილების უფროსი გამომძიებელი ზაალ ტაბატაძე იძიებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებაში არავინ აკეთებს. მომხდარის შესახებ ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურებშიც დუმილს ამჯობინებენ. 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მალხაზ ჟუჟუნაძის საქმეს მოსამართლე რევაზ კაჭკაჭიშვილი განიხილავს.

"2007 წელს 3 ნოემბერს შს ახალციხის რაიგანყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #16070211 საქმეზე - მალხაზ ჟუჟუნაძის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ფაქტზე".

მალხაზ ჟუჟუნაძე პასუხისგებაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, II ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

გამომძიებელმა ზაალ ტაბატაძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მალხაზ ჟუჟუნაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, რასაც ფაქტობრივი და საპროცესო საფუძვლებით ხსნის: "მალხაზ ჟუჟუნაძე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. არ თანამშრომლობს გამოძიებასთან; და რაკი მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ედება, შესაძლოა, მკაცრი სასჯელის შიშით მიემალოს გამოძიებას, ან კვლავ გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა".

მოწოდებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მალხაზ ჟუჟუნაძე დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავს, რომლის აზრითაც, ბრალდებულის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე – დაპატიმრება. იგი მალხაზ ჟუჟუნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის მორხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი, რომელიც ბრალდებულს კარგა ხანია იცნობს, აცხადებს, რომ მისთვის იმთავითვე დაუჯერებელია მალხაზ ჟუჟუნაძის  დაკავება აღნიშნული ბრალდებით: 

"მალხაზ ჟუჟუნაძე შინაგან საქმეთა ორგანოების წარჩინებული და გამორჩეული თანამშრომელი იყო. თვით იმ შევარდნაძის ავბედით პერიოდში, როცა პოლიცია ნარკომანიაში, ნარკოტიკების ჩადებაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვასა და ათას რამეში იყო შემჩნეული, მიკვირდა კიდეც, ასეთ პატიოსან ადამიანს სამსახურში როგორ აჩერებდნენ".

მალხაზ ჟუჟუნაძე ნაციონალური პარტიის წევრია. ჟუჟუნაძის პატიოსნების დასასაბუთებლად ადვოკატი მის ახლანდელ თანამდებობასაც იშველიებს: "იგი დღემდე #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ცხადია, რაიმეში შემჩნეული რომ ყოფილიყო, ამ თანამდებობაზე არ დანიშნავდნენ".

ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ბრალდებულს დაკავებაზე მეტად შეურაცხმყოფელი ბრალდება აღელვებს.

"თუნდაც დავისაჯო, მაინც ვიტყვი, რომ ნარკოტიკები ჩემი არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემს სახლში", - აცხადებს მალხაზ ჟუჟუნაძე სამარჯიშვილის გადმოცემით.

სამარჯიშვილი არ გამორიცხავს, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი იყოს ნარკოტიკების ჩამდები: "ვცდილობთ, დავადგინოთ ვინ შედიოდა და გადიოდა მათ სახლში ბოლო დღეებში. შესაძლოა, ასეთი ვინმე შინაურულად - მოსაკითხად იყო მისული. შეიძლება, ფაქტი ბრალდებულის პოლიციურ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს. როცა პოლიციაში მუშაობ, ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლება".

"მალხაზის სუფთა წარსული სტიმულს მაძლევს, დავადგინო საბოლოოდ ჭეშმარიტება. იგი თუნდაც ერთხელ შემჩნეული, ან ადმინისტრაციულად დასჯილი რომ ყოფილიყო ნარკოტიკების მოხმარებაში, მის უდანაშაულობაში ვერავის დავარწმუნებდი", - აცხადებს ადვოკატი.

ოჯახის წევრებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირთ.

"არაფერი ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება", - აცხადებს მალხაზ ჟუჟუნაძის დედა ცისანა ჟუჟუნაძე.

"საუკეთესო, წესიერი ბიჭი... ასეთი ბრალდება შეუძლებელია", - ამბობენ დაკავებულის მეზობლები.

როგორც ადვოკატი აცხადებს, 6 ნოემბერს, საღამოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ბრალდებული თბილისის #5 საპყრობილეში გადაიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ ჟუჟუნაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები