კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარაჩოებზე შემდგარი ქუთაისი

19 ნოემბერი, 2007

ის, რომ ექვს თვეში ქუთაისი ევროპული დონის ეროვნული ქალაქი იქნება, დღეს მხოლოდ ხელისუფლებას ახარებს. ხელისუფლებამ გაიხარა მაშინაც, როცა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრალური ტერიტორია ხარაჩოებითა და სპეციალურად სიღნაღიდან ჩამოტანილი სცენა-ტრიბუნით გადაიხერგა და სრულიად ქუთაისმა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი დაპირებები ისმინა. მოგვიანებით, საგანგებო ზეიმი მორჩა და ხარაჩოებზე შემდგარი ქუთაისი ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა.

„მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ტერიტორია უნდა დავცალოთ და აქედან გადავიდეთ. ოღონდ სად, არავის უთქვამს. არც მიკვირს, რადგან დღეს ხელისუფლება ხალხზე ყველაზე ნაკლებად, ან საერთოდ არ ფიქრობს. ხარაჩოები ისე ააწყვეს, ჩვენთვის არც უკითხავთ, რას ვფიქრობდით და რას ვაპირებდით. რა თქმა უნდა, არც ფართზე და არც რაიმე შემოთავაზებაზე ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ“, - ამბობს ქუთაისის ძველ უბანში, პუშკინის ქუჩაზე განთავსებული მაღაზიის გამყიდველი ლალი მანაგაძე.

სავარაუდოდ, მის ბედს ქუთაისში, პუშკინის, წმინდა ნინოსა და ცისფერყანწელთა ქუჩაზე განთავსებული ბევრი ობიექტი და ოჯახი გაიზიარებს. მათ ამის შესახებ ჯერ კიდევ თვეების წინ ეუწყათ. მაშინ მდინარე რიონის პირზე განლაგებულ რამდენიმე ოჯახს ისიც უთხრეს, აქედან გადაბარგდით და კომპენსაციით დაგაკმაყოფილებთო. კომპენსაციას კი დღეს აღარავინ ახსენებს.

„დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გვითხრეს ამის შესახებ. მის შემდეგ არავინ გამოჩენილა. მაშინ ითქვა, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე 200 დოლარს გადაგვიხდიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. როგორც კი გამოჩნდებიან, ვეტყვით ამის შესახებ და ფართს აუცილებლად ქალაქის ცენტრში მოვითხოვთ“, - ამბობს ძველი ქუთაისის მკვიდრი გიორგი ბერიძე.

ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 30 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხის განკარგვა სპეციალურად „ქუთაისის აღმშენებლობისთვის“ შექმნილ ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდს დაევალა. თუმცა, თანხა ფონდის ანგარიშზე ჯერ არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ქუთაისის სამ ცენტრალურ ქუჩაზე უკვე გამოჩნდა სტენდები წარწერით „სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია „თბილისი“. ეს უკანასკნელი უკვე გახდა ქუთათურთა განსჯის საგანი. უკმაყოფილება იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ სამშენებლო კომპანია ადგილზე ვერ მოიძებნა და თბილისიდან მოიწვიეს. ისიც, სცენა-ტრიბუნის მსგავსად, საგანგებოდ სიღნაღიდან გამოამწესეს.

„ქუთაისი იბრუნებს ძველ ბრწყინვალებას“ - ამ დევიზით დამშვენებულმა ბილბორდებმა ქალაქში საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე გამოიწვია. „შეღებავენ ფასადებს, დააგებენ ქვაფენილს და აივნებიდან, ხალხის თვალის ასახვევად, ფარდაგებს გადმოფენენ. მერედა, ვინ გადმოდგება ამ აივნებზე, მშიერი ხალხი?“ - წინასწარმეტყველებენ ქუთაისელები. ადგილობრივი ხელისუფლება კი, განახლებულ ქალაქში ტურისტთა და ინვესტორთა მოზიდვას გეგმავს. ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ანდრო ლოსაბერიძის  განმარტებით, აიგება ფეშენებელური სასტუმროები, გაკეთდება რიონის სანაპირო ზოლი, სხვაც მრავალი  და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში  იქნება დიდი ფეიერვერკი. 30 მილიონიანი სიღნაღური მოდელის პრეზენტაცია ქვეყნის რიგით მეორე ქალაქში სწორედ ამ დღეს იგეგმება.


შორენა კაკაბაძე, ქუთაისი      

ახალი ამბები