კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზურ არმიაში ქართველი მამაკაცების იძულებით გაწვევა გრძელდება

22 ნოემბერი, 2007

რისთვის სჭირდებათ აფხაზებს უიარაღო ქართველები?!

აფხაზურ არმიაში ქართველი მამაკაცების გაწვევამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მასიური ხასიათი მიიღო. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ქართველები ოჩამჩირისა და სოხუმის სამხედრო ნაწილებში მაინც ხვდებიან. დე ფაქტო მთავრობის შეიარაღებული ძალების რიგებში ამჟამად 52 მამაკაცი მსახურობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აფხაზმა ბოევიკებმა გაზაფხულზე, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან იძულებით,   იარაღის გამოყენების მუქარით წაიყვანეს.

რამდენიმე დღეში, საშემოდგომო გაწვევის შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 15 ნოემბერს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში შეიარაღებული ძალების რეფორმირების აუცილებლობაზეც საუბრობდა და გალის მოსახლეობის მისამართით მუქარანარევ განცხადებებსაც არ იშურებდა. „გალის იმ მკვიდრმა, რომელმაც ქართულ არმიაში იმსახურა, საქართველოში უნდა იცხოვროს და არა აფხაზეთში დაბრუნდეს. თუ ისინი აფხაზეთის მაცხოვრებლად ან მოქალაქეებად თვლიან თავს, მაშინ ამ ქვეყნის კანონები უნდა დაიცვან“.

აფხაზურ არმიაში ქართველი ბიჭების გაწვევას აფხაზი ძალოვანები თითქმის ერთი მეთოდით აღწევენ. ეს ღონისძიება ძალდატანებით ხორციელდება, საკუთარი ნებით იქ არავინ მიდის. გაწვევის პროცესის დაწყებამდე სოფელში აფხაზი ბოევიკები კბილებამდე შეიარაღებული შედიან. ამ დროს მთელი სოფელი ალყაშია, იკეტება შარა-გზები, წვევამდელებს სახლში უვარდებიან, ლოგინებიდან მძინარეს ყრიან, შემდეგ კი „სპეცპრიომნიკებში“ მიჰყავთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჩამჩირისა და სოხუმის მიმართულებით სამხედრო ნაწილებში გადაჰყავთ. ისინი, ძირითადად, საპატრულო_საგუშაგო პოსტებზე მსახურობენ, სამხედრო ტექნიკასა და სამხედრო საიდუმლოების შემცველ ობიექტებს მათ არავინ აკარებს, ქართველების განკარგულებაში არც ერთი სახეობის საბრძოლო იარაღი არ არის. უიარაღო ქართველები აფხაზურ არმიაში წელიწადნახევრიდან ორ წლამდე რჩებიან, თუმცა, მცირე ნაწილი გაქცევასა და მიმალვასაც ახერხებს.

გალის რაიონის სოფლებიდან: წარჩედან, ოქუმიდან, ღუმურიში და ჩხორთოლიდან აფხაზურ არმიაში გაწვევა გასულ წელს დაიწყო. მიმდინარე წელს კი, იძულებითი გაწვევები განახლებაში, ფიჩორში, ნაბაკევსა და ოტობაიაში განხორციელდა. წვევამდელთა შორის 35 წლამდე ასაკის ის მამაკაცებიც არიან, რომლებიც ადრე დემობილიზებული იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთისა და პოსტსაბჭოური ქვეყნის სხვადასხვა არმიებიდან. არიან ისეთი ქართველებიც, რომლებიც გაწვევაზე თავის არიდებას გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ახერხებენ. ეს თანხა  სოფლებში განსხვავებულია და 500 აშშ-დან 200 აშშ. დოლარამდე მერყეობს, თუმცა ეს დროებითი გამოსავალია და სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

გაზაფხულზე, სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელთან 1 500 ლარის გადახდის შემდეგ ფიჩორელი ალექსი სიჭინავა თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ აფხაზი ძალოვნები მას დილის 5 საათზე შინ დაადგნენ. სიჭინავამ გაქცევა სცადა და სახლის მეორე სართულიდან გადახტა. შედეგად მან მძიმე ტრავმული დაზიანებები მიიღო და მკურნალობის კურსი ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიარა. ორი თვის შემდეგ ფიჩორში დაბრუნებული ალექსი სიჭინავა შეიარაღებულმა აფხაზებმა ხელში ჩაიგდეს და ოჩამჩირის სამხედრო ნაწილში გაამწესეს.

აფხაზურ არმიაში 2006 წელს 30-მდე ქართველი გაიწვიეს. წელს კი მათი რიცხვი 52 გახდა. თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ ეს მონაცემები არასრულია და მასში გალის რაიონული ცენტრი არ არის მითითებული.

ოტობაიელმა გია მიქაიამ აფხაზურ არმიაში 2 წელი დაჰყო და 4 თვის წინ დაბრუნდა. როგორც სხვა დანარჩენი, არმიაში ისიც ძალის გამოყენებით გაიწვიეს: „2005 წლის შემოდგომაზე, ოქუმში, ჩემს დედულეთში ვიყავი. დილის 6 საათზე ოთახში 8 ნიღბიანი აფხაზი შემოვიდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე მე და ჩემი ბიძაშვილი სახლიდან გაგვიყვანეს. გალის „სპეცპრიომნიკში“ იმავე დღეს აღმოვჩნდით. იქ კიდევ 7 ქართველი წვევამდელი დაგვხვდა. ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში გვეძებდნენ. დედას ნერვიულობის ფონზე ინსულტი განუვითარდა... „სპეცპრიომნიკში“ მე, ჩემი ბიძაშვილი და ძმები ბულისკირიები დავრჩით. დანარჩენებმა ფული გადაიხადეს და გაათავისუფლეს. გალიდან სოხუმის სამხედრო კომისარიატში აღმოვჩნდით. აფხაზმა სამხედრო პირებმა, როდესაც გაიგეს, რომ ღერძზე აზიდვაში გინესის რეკორდის დასამყარებლად ვიბრძოდი, ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და გარიგებაზე წამოვიდნენ. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში დამპირდნენ, თუ რუსეთის მოქალაქეობას მივიღებდი და ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზებდი, სოლიდურ დაფინანსებასაც მპირდებოდნენ. მე უარი ვუთხარი. როცა გაიგეს პროფესიით იურისტი ვიყავი, მთავარ სამხედრო შტაბში ხელშეკრულებით დარჩენა შემომთავაზეს. ამაზეც უარი განვუცხადე და საბოლოოდ მაიაკის სამხედრო ნაწილში, მესაზღვრეებთან გადამისროლეს. იქ ექვსი თვე ვიმსახურე. ერთ-ერთ საგუშაგოზე უიარაღოდ ვიდექი. შემდეგ საბერიოში აფხაზურ ბლოკპოსტზე, ორი თვის შემდეგ კი გალის შტაბში გადამიყვანეს“.

აფხაზური არმიიდან დემობილიზებული გია მიქაია დღეს ამბობს, რომ აფხაზი სამხედროები განსაკუთრებულ აგრესიას ქართველი ჯარისკაცების მიმართ არ იჩენდნენ, მაგრამ ცინიზმს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს უხვად აყრიდნენ. სამხედრო ნაწილებში „დედოვშინა“ და ქურდული გარჩევები ძალადობის შეუცვლელი ფორმაა. ხშირ შემთხვევაში იქ დამკვიდრებული რეჟიმის მსხვერპლი ქართველები არიან, თუმცა აფხაზი და სომეხი ეროვნების ჯარისკაცებიც არანაკლებ ზარალდებიან. ხშირია ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი, მაგრამ დეფაქტო მთავრობა მას უბედური შემთხვევის კვალიფიკაციას აძლევს. გია მიქაია: „ჭუბურხინჯელი ბაჩი ჭედია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზური მხარის მტკიცებით უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქართველი ჯარისკაცი ჯავშანტექნიკაში ჯდებოდა. ამ დროს თითქოს ლუქი მოულოდნელად დაიხურა და ახალგაზრდა ბიჭის სხეული ორად გახლიჩა“.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის წარმომადგენლობაში ქართველების აფხაზურ არმიაში გაწვევას დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ერთგვარ ტერორად, ძალის დემონსტრირებად აფასებენ. თორნიკე კილანავა - გალის მიმართულების კოორდინატორი: „ეს ერთგვარი ბეგარაც არის. ამავე დროს აფხაზი სამხედროებისათვის იგი რუსული კაპიტალის ამოქაჩვის საუკეთესო საშუალებაა. ეს მოსაზრება ლოგიკურია იმითაც, რომ ქართველი ჯარისკაცები მინიმალურად საპასუხისმგებლო პოსტებზე მსახურობენ, არა აქვთ ურთიერთობა არც საავიაციო და არც საკომუნიკაციო აპარატურასთან, მათ განკარგულებაში არ არის არც ერთი სახის საბრძოლო მასალა“.

რამდენიმე დღის წინ ოჩამჩირის საზღვაო პორტში განლაგებული სატანკო ნაწილი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და აფხაზური შენაერთებისაგან მთლიანად გაათავისუფლეს. მათი დიდი ნაწილი დეფაქტო მთავრობის შ.ს.ს. განკარგულებაში, დრანდისა და გუდაუთის ციხის დაცვაში გადაიყვანეს, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ტერიტორიიდან გაყარეს, თუმცა რეალურად გაქცევის იმიტაცია მოაწყვეს.

15 ნოემბერს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში და სამხედრო კომისარი, ვახტანგ ცუგბა აფხაზურ შეიარაღებულ ძალებში გაწვევასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. სერგეი ბაღაფში დაუშვებლად მიიჩნევს ისეთ ვითარებას, როცა გალის რაიონში მცხოვრები ქართულ არმიაში მსახურობს. „თუ ისინი აფხაზეთის მაცხოვრებლებად ან მოქალაქეებად თვლიან თავს, მაშინ ამ ქვეყნის კანონები უნდა დაიცვან“.

დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გააქტიურებას დღეს სოხუმის მახლობლად, თავდაცვის სამინისტროს „წებელდას“ პოლიგონზე დაწყებულ სამხედრო წვრთნებსაც უკავშირებენ. ამ პოლიგონზე მესამე სამთომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობასთან სამხედრო სროლების ეტაპი მიმდინარეობს.

პარალელურად, გალის რაიონში დე ფაქტო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რუსლან ქიშმარია ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება დესტაბილიზაციის შესაქმნელად ყოფილი ტერორისტული ფორმირებების „თეთრი ლეგიონისა“ და „ტყის ძმების“ გამოყენებას გეგმავს. ქიშმარიას თქმით სენაკისა და წალენჯიხის რაიონებში მობილიზებული რეზერვისტების რიგში იმ ბანდფორმირებების წევრები არიან, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრე ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ. „საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის ქართულ - აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ხელოვნურად დაძაბოს და შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანოს იმისათვის, რომ საშინაო პოლიტიკური პრობლემები გადაწყვიტოს“.

დღეს ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან უახლოეს დღეებში დაგეგმილი შეიარაღებული პროვოკაციების სერიის განხორციელებაზეც საუბრობს და ხიდების აფეთქების, მოსახლეობის შეიარაღებული ძარცვის შემთხვევაში მთელს პასუხისმგებლობას საქართვოლოს მთავრობას აკისრებს.


ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

ახალი ამბები