კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია ბოღმას ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერებზე ანთხევს

26 ნოემბერი, 2007

„ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერს დაჩი ცაგურიას 25 ნოემბრის აქციაზე მანქანის არასწორად გაჩერებაში დასდეს ბრალი


25 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რიყეზე გამართული მშვიდობიანი აქცია ყველა მონაწილისათვის მშვიდობიანად არ დასრულებულა. მოძრაობა „ახალგაზრდული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის დაჩი ცაგურია სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, მისი კუთვნილი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, თავად კი დიდი ბჭობის შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. დაჩი ცაგურია ასეთ „მსუბუქ განაჩენს“ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმადლის. მისი აზრით, რომ არა მათი აქტიური ჩარევა, შესაძლოა მოვლენები უფრო დრამატულად განვითარებულიყო.

დაჩი ცაგურია: „აქციაზე ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობარმა დიმა სვანიძემ დამირეკა და მითხრა, რომ იმ ძვირადღირებული ავტომობილით, რომელიც მას სრულიად კანონიერად ჰქონდა შეძენილი და რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ უკანონოდ წაართვეს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოდუა იყო მოსული და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან შოთა ხიზანიშვილთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბაჩო ახალაიასთან და ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსთან გეგეჭკორთან ერთად რიყის ზედა მხარეს იდგა. ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი მარიკა ქადაგიშვილი, რომელმაც ამ პიროვნებების ვიდეო-კამერით დაფიქსირება გადაწყვიტა, ჩავსხედით ჩემს მანქანაში და იქით წავედით. მარიკა გადმოვიდა მანქანიდან, მე კი მანქანის მოსატრიალებლად ზევით წავედი“. 

მარიკა ქადაგიშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი: „რამდენიმე კადრი რომ გადავიღე, დავინახე, რომ ჩემსკენ დაახლოებით 8 პოლიციელი წამოვიდა. კამერის წართმევა უნდოდათ. ისე გამეტებით მირტყამდნენ ზურგში, რომ დალურჯებული ვარ. ბაჩო ახალაია და შოთა ხიზანიშვილი ვიცანი, იქვე მანქანაში ისხდნენ. დაჩიმ დამინახა რომ მიტყამდნენ და ჩემს მოსაშველებლად წამოვიდა, მაგრამ გავიგე, ბაჩო ახალაიამ როგორ დაიყვირა, ეგ ცაგურია დაიჭირეთო. მერე ვეღარ დავინახე რა მოხდა. კასეტა წამართვეს და კამერა ისეთ მდგომარეობაში დამიბრუნეს, რომ აღარ ვარგა“.

როგორც დაჩი ცაგურია „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსმა გეგეჭკორმა ბრძანება გასცა, „ნაბიჭვარი ცაგურია არ გაუშვათ, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა და არ დამორჩილება დაუწერეთო“. ცაგურიას თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს ბრძანება:

„დამაკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. პარალელურად გამუდმებული სატელეფონო კავშირი ჰქონდათ ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც იქიდან რაღაც ბრძანებებს აძლევდნენ. როგორც მივხვდი, ისინი ისეთ რაღაცეებზე ელაპარაკებოდნენ, რომ ესენი აქეთ ეკამათებოდნენ, არა, მაგას ვერ ვიზამთო. ბოლოს მანქანა სასტუმრო „მეტეხთან“ გააჩერეს, სხვა ეკიპაჟი მოვიდა, იქ გადამსვეს და საბოლოოდ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წამიყვანეს. რა თქმა უნდა, არაფერი არ დამიდასტურდა. ჩემი დაკავების შესახებ სახალხო დამცველის ოფისმა მაშინვე შეიტყო. მათ ამის შესახებ ჩემმა მეგობარმა გააგებინა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომ ვეღარ გაბედეს სამართალდამცავებმა ჩემი სხვა მიმართულებით წაყვანა. თუმცა გამომიწერეს რაღაც გაურკვეველი 40 ლარიანი ჯარიმა, მანქანა გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე, რომელიც მეორე დღეს გამოვიყვანე. მანქანა დაზიანებულია, მარჯვენა შუშა ჩამოგდებული აქვს. შიგნით დოკუმენტები მელაგა, რომლებიც გადაქექილი დამხვდა.“

ეს სამართალდამცავთა მიერ დაჩი ცაგურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი ფაქტი არ არის. რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, „ყავის სახლში“ მყოფი დაჩი ცაგურია შავებში ჩაცმული შეიარაღებული პირების მსხვერპლი გახდა: მიუხედავად კაფეში მსხდომი უამრავი ადამიანისა, ცაგურია ხუთმა ადამიანმა სასტიკად სცემა. გარდა ამისა, მათ მისი „ყავის სახლიდან“ გამოთრევა სცადეს, მაგრამ დაჩისთან ერთად მყოფმა მეგობრებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. როგორც ცაგურია ამბობს, სისხლის სამართლის აღძვრის შემდეგ, მასთან მხოლოდ ერთხელ მივიდა გამომძიებელი, რის შემდეგაც, მას აღარავინ შეხმიანებია.

დაჩი ცაგურია, მის მიმართ განხორციელებულ ასეთ ძალადობას ნოემბრის აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს: „როდესაც ყოფილი ფოსტის შენობაზე ბადრი პატარკაციშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრების კარიკატურა გადმოფინეს, პროვოკატორები გამოჩდნენ, რომლებიც აქციაზე მყოფ ხალხს მოუწოდებდნენ ძალით შესულიყვნენ შენობაში და კარიკატურა ჩამოეგდოთ. მე და ჩემი მეგობრები მაშინვე მივხვდით, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ხალხს წინ გადავუდექით და მათი შეჩერება შევძელით. ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგი, რომ შემდეგ გამოჩენილიყო, როგორი შტურმით იღებს ხალხი შენობებს. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, მითხრა, რომ ჩემმა ასეთმა საქციელმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობა შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს“, - აცხადებს ცაგურია.

სახალხო დამცველის აპარატის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ერემაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი სწავლობს აღნიშნულ ინციდენტს და უახლოეს მომავალში ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა: „დღეს ტელევიზიებიც დამიკავშირდნენ. დაჩი ცაგურიაზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის დაჯარიმდა მანქანის არასწორი გაჩერების გამო და როგორც შემდგომ ხდება ხოლმე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შესამოწმებლად ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები