კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყე ხელისგაწვდენაზე, შეშა კი - მიუწვდომელი

26 ნოემბერი, 2007

კურორტ აბასთუმანში სიცივეები უკვე სამი თვეა დაიწყო. მოსახლეობა  უშეშოდაა. ადგილობრივებს საწვავი შეშის მომარაგება თოვლში უწევთ. მიზეზად მიუვალ ადგილებში ფონდის გამოყოფა და ბილეთების დაგვიანებით გაცემა სახელდება.

კურორტ აბასთუმანში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს საწვავი შეშა მიტანილი არა აქვს.    

„ტყიდან ტოტები მოგვაქვს და იმით ვთბებით. ამ ზამთარს ძალიან ბევრი დარჩა უშეშოდ“, - ამბობს აბასთუმანში მცხოვრები მაია ტუსკაძე.

ერთ კვირაზე მეტია აბასთუმანში მოთოვა. მოსახლეობის ნაწილმა კი ბილეთები მხოლოდ ახლახან აიღო. მათი თქმით, ტყეში თოვლი მუხლამდეა, შეშის ტრანსპორტირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბილეთის მოქმედება კი 24 საათია. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბილეთი უქმდება.

„ბილეთი ავიღე, მაგრამ ისეთ ადგილებში მოგვიზომეს შეშა, ზაფხულში მანქანა იქ ვერ ავა. ამასობაში, დრო გადის და თუ ვერ მოვიტან, ბილეთი გამიუქმდება“, - ამბობს აბასთუმნელი რეზო ოქრომელიძე.  

კურორტში მცხოვრებნი უკმაყოფილებას გამოყოფილი სწვავის რაოდენობის გამოც გამოთქვამენ. გიორგი ტატიაშვილის თქმით, აბასთუმანში აპრილის ბოლომდე სიცივეები გრძელდება და გამოზამთრებისთვის ათ კუბურ მეტრზე მეტი შეშაა საჭირო. ლიმიტირებული რაოდენობა ოჯახზე  - 5-დან 8 კუბურ მეტრამდეა. „რას გვეყოფა რაც მოვიტანეთ? აქ ექვსი თვე ზამთარია. ვართ ასე გაჭირვებაში. ერთი კუბური მეტრი 70 ლარი ღირს. ყიდვის საშუალება არ გვაქვს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჩილინგარაშვილი მიმდინარე წელს შეშის მომარაგების მხრივ წარმატებულს უწოდებს. „წელს ერთადერთი  წელი იყო, როდესაც შეშის გაცემა აგვისტოდან დავიწყეთ და ვისაც სურვილი ჰქონდა, მოასწრო მოტანა. ვისაც სურვილი არ ჰქონდა, ბილეთს ძალით ვერ ავაღებინებდით“.

 ოჯახი, რომელსაც შეშის მოტანის „სურვილი არ ჰქონდა“, აბასთუმანში ვერ ვიპოვეთ. ნაწილი უშეშოდ დარჩენით, ნაწილი კი შეშის სიმცირით არის უკმაყოფილო.

„ფონდი ადრე უნდა დაეშვათ, რომ ხალხს მომარაგება მოესწრო. ამ თოვლსა და ტალახში მოვიტანეთ რვა კუბური მეტრი. ეგ რას გვეყოფა, როცა ოცი კუბური მეტრი არ გვყოფნის? ნაფოტსაც არ ვაფუჭებთ და ვაგროვებთ. არასოდეს ყოფილა, რომ ოქტომბერში დაეშვათ ფონდი. ტყეში ათი კილომეტრის სიღრმეში უნდა შეხვიდე საშინელ ამინდში. იტანჯება ხალხი, - გვითხრა ერთ-ერთმა აბასთუმნელმა, რომელიც დათოვლილი შეშის დასაჭრელად ემზადებოდა.

გამგებელი ბილეთების დაგვიანებით გაცემის ფაქტს უარყოფს. აბასთუმნელების პრეტენზიას კი მათივე დაუდევრობით ხსნის: „ყველას ბორჯომ-ხარაგაულის ტყე -პარკში უნდოდა ბილეთების აღება. იმიტომ, რომ, თურმე, უფრო ახლოს არის. ტყე-პარკმა 1 500 კუბური მეტრი ხე გამოყო. აბასთუმანში 700 კომლზე მეტი ცხოვრობს, რამდენს ეყოფოდა? ელოდნენ, იქნებ, ჩვენც ახლოს შევიდეთო და როცა მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, მერე დაიწყეს სირბილი“. 

კურორტი აბასთუმანი გამონაკლისი არ არის. პრობლემები ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობასაც აქვს.

77 წლის სანდრე აფრიამაშვილს, რომელიც არალში ცხოვრობს, შეშა ჯერ არ მოუმარაგებია: „მე არ შემიძლია, ავადმყოფი ვარ. მუშა რომ დავიქირაო, დღეში ათი ლარი უნდა გადავუხადო. მანქანის ქირა, საწვავი - დაახოებით 80 ლიტრი -  ამდენის საშუალება არ მაქვს. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა - 38 ლარი. როგორ გავიტან ამ ზამთარს, არ ვიცი“.

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის მკვიდრი  ომარ მაისურაძე კი ზამთრის გატანას ხეხილის ბაღიდან მოჭრილი ვაშლის ხეებითა და ტოტებით აპირებს, რომელსაც სახლში ცხენის ორთვალით ეზიდება: „აბა, ამ ზამთარში ხომ არ გავიყინებით?!“.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელაშვილი ამტკიცებს, რომ რეგიონში სერიოზული პრობლემები არსად შექმნილა და მოსახლეობა შეშით უზრუნველყოფილია.

„მხოლოდ პატარ-პატარა ხარვეზები გვქონდა. ორი კვირით დაგვიანდა ტენდერი, რომელში გამარჯვებულსაც ტყის ფონდი უნდა გამოეყო. საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა, ხალხმა მოსავალი რომ დააბინავა და შეშის მოტანაზე მიდგა ჯერი, თოვლი მოვიდა და გზები ჩაიკეტა. რეგიონის მასშტაბით დავდივართ და ვამოწმებთ, რომელ სოფელში რა მდგომარეობაა“, - გვითხრა სამმართველოს უფროსმა, თუმცა აბასთუმანში შექმნილი პრობლემები მისთვის სიახლე აღმოჩნდა.

მისი თქმით, ბილეთის ექსპლუატაციის 24-საათიანი ვადა, მოსახლეობისთვის დამაბრკოლებელი არ არის: „ბილეთს მაშინ იღებენ, როცა ყველაფერი მოგვარებული აქვთ. თუ რაიმე დაბრკოლება შეიქმნა, უნდა აცნობონ რეინჯერს და ვადას გაუხანგრძლივებს“.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ადგილობრივების ურთიერთგამომრიცხავი ფრაზების მიუხედავად,  ფაქტი ერთია  - მოსახლეობა უშეშოდაა და მკაცრ კლიმატურ პირობებს მოუმზადებელი ხვდება.


გულო კოხოძე, აბასთუმანი
      
 

 

ახალი ამბები