კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღელი მუშები ხელფასებს ითხოვენ

27 ნოემბერი, 2007

სამასამდე ადამიანი, რომელიც სამშენებლო კომპანიებმა სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავეს, ხელფასს ითხოვს. ამ მოთხოვნით, ისინი, რაიონული გამგეობის შენობის წინ, ბოლო ერთი თვეა ყოველდღე იკრიბებიან. სამშენებლო კომპანია „ნიუ სითმა“ მუშებს ერთი თვის ხელფასი მხოლოდ მას შემდეგ გადაუხადა, რაც უკმაყოფილო ხალხმა დახმარებისათვის ჟურნალისტებს მოგვმართა. კომპანია „თბილისს“ კი დავალიანება ამ დრომდე არ გაუცია. 

სიღნაღის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა ზუსტად რამდენი, ამის შესახებ ინფორმაცია, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, ქალაქის რეაბილიტაციისათვის 15 მილიონამდე ლარია გახარჯული. სინამდვილეში, როგორც რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები ამბობენ, ეს ციფრი გაცილებით დიდია, თუმცა მთელი თანხა სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ მოხმარებია.

მიხეილ სააკაშვილი სიღნაღში, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მიუთითებდა, რომ რეაბილიტირებული სიღნაღი, ევროპული დონის ქალაქია და რომ მისი ინიციატივით და გადაწყვეტილებით, ასეთივე ქალაქი უნდა გახდეს იმერეთის რეგიონული ცენტრი, ქუთაისი. ამ მოტივით სამშენებლო კომპანიებმა სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერეს და ქუთაისს მიაშურეს. გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა კომპანიების მიერ დასაქმებული მუშახელი. ასობით ადამიანს რამდენიმე თვის ხელფასი მიუღებელი აქვს. როგორც მუშებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ხელფასის მიღების თხოვნით ისინი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ დამსაქმებლებს, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

„მთელი ერთი თვის მანძილზე ტელეფონით ვურეკავდით და ვთხოვდით, ეთქვათ, როდის მოგვცემდნენ მიუღებელ ხელფასებს. კომპანიების წარმომადგენლები პასუხს ვერ გვცემდნენ. მოგვიანებით კი ტელეფონს საერთოდ აღარ პასუხობდნენ. ხელფასების მიღების მოთხოვნით რამდენიმე კვირაა ყოველდღე სიღნაღის რაიონის გამგეობის შენობის წინ ვიკრიბებით და დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. არც რაიონის გამგებელი და არც სხვა თანამდებობის პირები ყურადღებას არ გვაქცევენ“, - ამბობს იოსებ ძულიაშვილი.

კიდევ ერთი მუშის, მალხაზ სოფრომაძის თქმით, ხელფასის მისაღებად ისინი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასაც დაუკავშირდნენ. „სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ცისკარიშვილი და თვითონ გუბერნატორი გია ნაცვლიშვილი კურირებდნენ. ამიტომ, სამშენებლო კომპანიები ხელფასებს რომ არ გვაძლევენ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასაც დავუკავშირდით, სადაც არ მოგვისმინეს. ხსენებული თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრები კი საერთოდ არ მოგვცეს.
ბოლო დღეებში ძალიან აცივდა. სახლში ბავშვები გვყვავს, რომლებიც გათბობის გარეშე არიან დარჩენილები. ჩვენს კუთვნილ ხელფასს ვითხოვთ. მოგვცენ, რომ ოჯახებს მივხედოთ. სხვა შემთხვევაში დაშლას არ ვაპირებთ. მართალია, სამშენებლო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლობების ოფისები დაკეტილია და იქ არავინ არის, მაგრამ თბილისში ჩავალთ და ხელფასებს იქ მოვითხოვთ. პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ“, - აცხადებენ მუშები.

მათივე ინფორმაციით, სიღნაღში მხოლოდ გარე ფასადები და სახურავებია რეაბილიტირებული, ისიც უხარისხოდ და თანაც მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებების გარდა, ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობის დათვალიერების შემდეგ, ამაში თავადაც დავრწმუნდით.

სამშენებლო კომპანია „თბილისთან“ დაკავშირების არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ვერც ის დავადგინეთ, ორასზე მეტ მუშას კომპანიისაგან რა ოდენობის თანხა აქვს მისაღები. კომპანიის ხელმძღვანელს მალხაზ ზიბზიბაძეს მობილური ტელეფონი მუდმივად გამორთული აქვს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბრისას კი მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ სამშენებლო კომპანია „ნიუ სითი“, „თბილისის“ „შვილობილი“ კომპანიაა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პრობლემით ჟურნალისტები დავინტერესდით, კომპანია „ნიუ - სითის“ წარმომადგენლებმა ასამდე მუშას ხელფასის ნაწილი გადაუხადეს. დანარჩენები კი გაწეული შრომის ანაზღაურებას აქამდე ელიან.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები