კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცენტრალური გათბობის სისტემა ჩართულია – კლასებში კი მაინც ცივა

27 ნოემბერი, 2007

ახალციხის საჯარო სკოლებში გათბობა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სკოლების დირექტორები აცხადებენ, რომ ცენტრალური გათბობა მოწესრიგებულია. საწვავი შეშის შესაძენად  მოსწავლეებს თანხის აკრეფა ისევ უხდებათ. რესურს-ცენტრში იმედოვნებენ, რომ დეკემბრიდან მოსწავლეთა გაზრდილი ვაუჩერი პრობლემებს მოაგვარებს. 
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის -  „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში, უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლების გათბობით უზრუნველყოფა ხორციელდება. მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ სამადაშვილის თქმით, ცენტრალური გათბობის სისტემა 300-მდე სკოლაშია ჩართული. აღნიშნული პროგრამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარია გამოყოფილი.

ახალციხის ზოგიერთ სკოლაში, მკვეთრი აცივების გამო, გათბობის სისტემა ნოემბრის თვის დასაწყისშივე ჩაირთო. ზოგან სისტემა გაუმართავი აღმოჩნდა და საკლასო ოთახების ნაწილი ვერ გათბა. 

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, ხელოსნებმა გათბობის სისტემის შეკეთება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

პედაგოგების უმრავლესობა ამბობს, რომ  საკლასო ოთახების ნაწილი არ თბება.

„ასეთ ტემპერატურის პირობებში  ზამთარში ვერ გავძლებთ. ბავშვებს გაკვეთილზე ქურთუკები აცვიათ. სისტემაა ახალი თუ შენობაა დიდი და ყველა ოთახი ვერ თბება, არ ვიცი. ღუმელი უნდა დავდგათ“, - ამბობს  პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ ინასარიძე.
 
სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი პედაგოგების აზრს იზიარებს და  გაყინულ საკლასო ოთახებში, ხარვეზების გამოსწორებამდე, ღუმელების დადგმის იდეას ეთანხმება.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ სკოლაში გათბობის სისტემა გამართულად მუშაობს. სისტემა გაზაფხულზე ჩართეს და არსებული ხარვეზებიც მაშინ გამოასწორეს.

მისი თქმით, სკოლებში მეტი კომფორტი და სისუფთავეა. ღუმელების დანთება, შეშით მომარაგება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თანაც ქარიან ამინდში კლასები კვამლით ივსებოდა.

საჯარო სკოლის დირექტორები იმედოვნებენ, რომ სკოლებში ცენტრალური გათბობის სისტემა თანდათან გაიმართება, მაგრამ მთავარი პრობლემა - საწვავის შეძენა, კვლავ გადაუჭრელი რჩება.
საქართველოში სკოლები ვაუჩერული სისტემით ფინანსდება და საწვავის შესაძენ თანხაზეც თავად უნდა იზრუნონ. 

ისეთი მცირე კონტინგენტიანი სკოლისთვის, როგორიც მეექვსე საჯარო სკოლაა, საწვავის შეძენა რთულია. ვაუჩერები მხოლოდ პედაგოგთა ხელფასებს ყოფნის.

„შემოსავლები დანარჩენი ხარჯებისთვის აღარ რჩება. იძულებული გავხდით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თითოეული მოსწავლისაგან ათი ლარის ოდენობით თანხა აგვეკრიფა“, - აცხადებს ზაზა თამარაშვილი.

არსებული პრობლემების გამო, რამდენიმე კვირის წინ სკოლის დირექტორებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას განცხადებით მიმართეს და სკოლებში საწვავის შესაძენად დამატებითი თანხების გამოყოფა ითხოვეს.

„ახალციხეში ზამთარი ყინვიანია და დიდხანს გრძელდება. შესაბამისად, სკოლებში გათბობის პრობლემები ყოველთვის არსებობდა. არადეფიციტურ სკოლას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, დროულად მომზადებულიყო ზამთრის სეზონისათვის. დეფიციტურ სკოლას კი შეშის მოსამარაგებლად დამატებითი დახმარება, სუბსიდიები სჭირდება“, - აცხადებს ახალციხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლია კობესაშვილი.

მისი თქმით, პრობლემა შეიქმნა იმ სკოლებშიც, რომლებიც დეფიციტურ სკოლებს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ არც იმდენი დაფინანსება აქვთ, რომ საკუთარი სახსრებით შეიძინონ საწვავი. ლია კობესაშვილი ამბობს, რომ პრობლემა პრაქტიკულად უკვე გადაჭრილია, რადგან დეკემბრის თვიდან მოსწავლეთა დაფინანსება - ვაუჩერი 300 ლარამდე გაიზრდება.

„ამ ეტაპზე კი, ყველა სკოლას შეშა, ასე თუ ისე, მომარაგებული აქვს“, - ამბობს რესურს-ცენტრის უფროსი.

,,ასე თუ ისე” შეშით მომარაგებულ სკოლებში კი ძალიან ცივა. დილით კი ისეთი ყინვაა კლასში ვერ გაჩერდები”, - ამბობენ ბავშვები.

იმ სკოლებში, სადაც ცენტრალური გათბობის სისტემა ვერ დამონტაჟდა, სახელმწიფომ, მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, შეშის ან საწვავის შესაძენად, დაახლოებით 1500-2000 ლარი ჩარიცხა.

გულო კოხოძე, ახალციხე

 

 

ახალი ამბები