კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტრო აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველ გმირებს უარყოფს

28 ნოემბერი, 2007

გორის სკოლებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში გმირულად დაღუპული გმირების სახელები მასიურად ჩამოერთვა. ამის პარალელურად, საჯარო სკოლებად გარდაქმნილ სკოლებს აკრძალული აქვთ განმეორებით იმავე გმირების სახელწოდების მინიჭება. ,,სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის (შემდგომში გამოჩენილი ადამიანი) სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი." - წერია განათლების მინისტრის კახა ლომაიას 2007 წლის 16 მარტის ბრძანებაში.

მაგალითად, გორის მე-2-ე საჯარო სკოლა და მისი დირექცია, სამეურვეო საბჭოს ჩათვლით, იძულებულია სკოლისთვის სახელის შეცვლაზე იფიქროს. აღნიშნული სკოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 1993 წელს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის ზაზა გამგებლის სახელწოდებას 1997 წლიდან ატარებს.

აღნიშნული ინფორმაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" ზაზა გამგებლის მშობლებმა შეატყობინეს. გივი და ლია გამგებლებისთვის ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც საშუალო სკოლები კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და სკოლებს ,,საჯარო" ეწოდა. შესაბამისად, სკოლის კარებზე ჩამოკიდებული აბრა, სადაც განათლების სამინისტროსთან ერთად ,,გორის ზაზა გამგებლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა" იყო აღნიშნული, ჩამოხსნეს..

სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი ცვლილება სკოლაში მართლაც იგეგმება. თუ რატომ, ამას სასწავლო ნაწილის გამგე თავდაპირველად ასე განმარტავდა:

 ,,ზაზა გამგებელმა მე-2 საჯარო სკოლაში ისწავლა მხოლოდ დამამთავრებელ X-XI კლასებში. ძირითადი 1-9 კლასი ზაზა გამგებელმა მე-9 სკოლაში დაამთავრა. ამავე დროს სხვა გმირებიც არიან, რომლებმაც ჩვენს სკოლაში სრული კურსი დაამთავრეს. სწორედ იმ გმირების მშობლების ინტერესსაც ვითვალისწინებთ, რომლებსაც შეიძლება მართლაც აქვთ პრეტენზია - რაღა მაინც და მაინც ზაზა გამგებლის სახელობის უნდა იყოს მეორე სკოლა და არა ჩვენი შვილისო. მეც მიმაჩნია, რომ საკითხი ძალიან ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამას უახლოეს ხანებში სამეურვეო საბჭო გადაწყვეტს. როგორც კი სამეურვეო საბჭო აღნიშნული საკითხის განხილვას დაიწყებს, აუცილებლად შეგატყობინებთ“ - გვითხრა მეორე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ.

როგორც ზაზას მშობლები იხსენებენ, მათ საკმაოდ უხეშად შეხვდა სკოლის ამჟამინდელი დირექტორი და მისი მხრიდან ამ საკითხის ცინიკურ დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

,,ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, მით უმეტეს ის ფორმა, რომელსაც აღნიშნული სკოლის დირექცია იყენებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოჯახი ხომ უნდა ჩააყენონ საქმის კურსში და სხვისგან შემთხვევით არ უნდა ვიგებდეთ ამ ამბავს. ვიყავით კიდეც სკოლის დირექტორთან და აღშფოთებულები ვართ იმ დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებაც სკოლის დირექტორს გააჩნია. ჩვენთვის საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი" - გვითხრეს ზაზას მშობლებმა.

თურმე სკოლის დირექტორს საბუთების მოძებნაც ,,გასჭირვებია“ თუ ,,დაზარებია“, რათა მშობლებისთვის აეხსნა სკოლის სახელწოდების შეცვლის სამართლიანობა. ჩვენ ხელთ გვაქვს ადგილობრივი მერიის 1997 წლის განკარგულება, სადაც გორის მე-2 სკოლისთვის ზაზა გამგებლის სახელის მინიჭებაზეა საუბარი.

ჯერ კიდევ 1997 წლის 28 ნოემბერს გორის მერიის კოლეგიამ მერის დავით ქობლიანიძის თავმჯდომარეობით მიიღო #228 განკარგულება, სადაც აღნიშნულია: ,,გორის მერიის კოლეგია ითვალისწინებს რა მერიასთან შექმნილ ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელწოდებების მიკუთვნების გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა უკვდავყოფის წინადადებათა შემმუშავებელი ექსპერტ-კომისიის გორის #2 საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და განათლების განყოფილების აზრს, შეისწავლა და შემოდის წინადებებით გორის #2 საშუალო სკოლისათვის ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ზაზა გივის ძე გამგებლის სახელის მინიჭების თაობაზე. გორის მერიის კოლეგიამ გადაწყვიტა: გორის #2 საშუალო სკოლას მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის ზაზა გივის ძე გამგებლის სახელი."

გორის მუნიციპალიტეტის აპარატში გვითხრეს, რომ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგილობრივი თვითმმართველობა არ იხილავს. გადაგვისამართეს განათლების სამინისტროსთან არსებულ რესურს-ცენტრში. გორის რესურს-ცენტრის უფროსმა გიორგი სოსიაშვილმა ჩვენგან გაიგო აღნიშნული ინფორმაცია. ,,ეს ამბავი თქვენგან მესმის. შევისწავლი სიტუაციას" - გვითხრა მან.

ცოტა ხანში მე-2 სკოლის ადმინისტრაცია გვიკავშირდება და გვთხოვს დავესწროთ სამეურვეო საბჭოს სხდომას, რომელიც სპეციალურად აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად შეიკრიბა. სამეურვეო საბჭოს თითქმის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა ერთადერთი პოზიცია, რომ ისინი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის ბრძანება მათ სკოლისთვის ზაზა გამგებლის სახელის მინიჭებას უკრძალავს.

ზაზა გამგებელი გმირულად 1993 წლის 27 ივლისს სოფელ შრომასთან დაიღუპა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი. მისი გარდაცვალებიდან ჯერ მხოლოდ 14 წელია გასული. ასე რომ,  თუ განათლების მინისტრმა ბრძანებაში ცვლილებები არ შეიტანა, 2013 წლამდე სკოლებს არა აქვთ უფლება აღნიშნულ პერიოდში დაღუპული გმირების სახელების მინიჭების საკითხი განიხილოს.

ბრძანების მიხედვით, სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მოსწავლეთა თვითმმართველობას, სკოლის დირექციას, სკოლის სამეურვეო საბჭოს, შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს, პედაგოგიურ საბჭოს, იმ თვითმმართვე ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა.
ასევე საჭიროა გამოჩენილი ადამიანის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობა.

ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის დირექტორთან. რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დირექტორი ვალდებულია ინიციატივა გადასცეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და უზრუნველყოს ინიციატივის საჯაროდ გამოქვეყნება.

თუ სამეურვეო საბჭო სახელის მინიჭებას მიზანშეწონილად ჩათვლის, შემდგომში ამ ინიციატივას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი საკონსულტაციო საბჭო განიხილავს. საკონსულტაციო საბჭოს წინადადების საფუძველზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრი იღებს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები