კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი პოლიციას სასამართლოში უჩივის

5 დეკემბერი, 2007
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოს სასამართლოში უჩივის. სასარჩელო განცხადებით, იგი სამმართველოს ხელმძღვანელობისგან საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ითხოვს.

"2007 წლის 7 სექტემბერს წერილობითი განცხადებით მივმართე შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს და მოვითხოვე ყოველკვირეულად მოეწოდებინათ ინფორმაცია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კახეთის რეგიონში მომხდარი კრიმინალური ფაქტების შესახებ. კერძოდ, სად, როდის და რა ინციდენტი მოხდა, დაიწყო თუ არა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით და ვის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა"- ამბობს მთივლიშვილი.

მისივე თქმით, 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა შს კახეთის სამხარეო სამმართველოს 25 სექტემბრის წერილი, რომელსაც ხელს სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა თედიაშვილი აწერს. წერილში მითითებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უარი ეთქვა წერილში მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი: "ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა/. დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან ან სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან.

ჟურნალისტის განცხადებით, მისი მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, არის ადმინისტრაციული ფუნქცია, რომლის განხორციელებაც არანაირად არ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე ოპერატიულ და სხვა სახის სამძებრო ღონისძიებებთან. "თანაც, მოპასუხის მიერ მითითებული მუხლის ქვეპუნქტში საუბარია "ორგანოს საქმიანობაზე" და არა ორგანოზე. მე მიმაჩნია, რომ შს სამინისტროს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უარი, ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ინფორმაცია რომ მიმეღო, ტელეფონით დავუკავშირდი შს სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შოთა ხიზანიშვილსაც, რომელიც დამპირდა, რომ სამხარეო სამმართველოს მისცემდა მითითებას, გაეცათ ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მივმართე სასამართლოს, რომელიც უკვე შეუდგა სასარჩელო განცხადების განხილვას"- აღნიშნავს მოსარჩელე.

მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის, ჟურნალისტის სარჩელზე შესაგებელი ან სხვა რაიმე სახის განმარტება არ წარუდგენია. უფრო მეტიც, განმწესრიგებელ და მოსამზადებელ სხდომას სამმართველოდან არავინ დაესწრო. სამაგიეროდ, როგორც მთივლიშვილი ამბობს, მას სხვა საქმის თაობაზე მოუხდა თედიაშვილთან დაკავშირება, რა დროსაც საუბარი ინფორმაციის დაბლოკვასაც შეეხო: "ვერ გაიგეთ, რომ ჩვენგან ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არ გაქვთ? სამინისტროს წარმომადგენელი ხარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თუ რა, რატომ უნდა მოგაწოდო ინფორმაცია? რამდენი ჟურნალისტიც მომთხოვს, ყველას უნდა მივაწოდო ინფორმაცია? რაზე ლაპარაკობ?"- განაცხადა თედიაშვილმა.

იურისტ ლია ხუროშვილის განმარტებით, ის იცნობს ჟურნალისტის სარჩელს და დარწმუნებულია, რომ მოპასუხე მხარე პროცესს წააგებს. "საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის I პუნქტით, საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა მიიღოს ინფორმაცია და გაეცნოს ოფიციალურ დოკუმენტს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრეზუმფციას აწესებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28 მუხლი. ეს მოთხოვნები შს სამმართველომ დაარღვია. მათ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ აქტიც კი არ აქვთ გამოცემული, რაც ასევე დარღვევაა"- ამბობს იურისტი.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით შს სამინისტროს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობას. გვინდოდა მათგან მიგვეღო პასუხი რატომ ბლოკავენ ინფორმაციას, რომელიც კანონით საჯაროა, მაგრამ სამმართველოს უფროსმაც და მისმა მოადგილემაც ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი საქმეს არსებითად 13 დეკემბერს განიხილავს.

თამარ მახარაშვილი, კახეთი


ახალი ამბები