კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტები ზეწოლას უჩივიან

6 დეკემბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი რადიო „ჰერეთზე“ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს აპროტესტებს და მის გამოძიებას ითხოვს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, რადიო „ჰერეთის“ დირექტორს ხელისუფლებასთან გარიგება შესთავაზეს, უარის თქმის შემდეგ კი მას რადიოს დარბევით და დახურვით დაემუქრნენ. დამოუკიდებელ მედიაზე ძალადობას გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტებს საკუთარი უფლებების დასაცავად თავგანწირული ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტის რომან ქვეხიშვილის ცნობით, კომპანიის დირექტორს რამაზ სამხარაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ნოემბრის ბოლოს ლაგოდეხში მცხოვრები ისაკო ცქიფურიშვილი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

შეხვედრის აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2007 წლის 30 ნოემბერს შედგა, ირკვევა, რომ ისაკო ცქიფურიშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ დააკავშირა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათთან საუბრისას ცქიფურიშვილმა განაცხადა, რომ იცნობდა რადიო „ჰერეთის“ დირექტორს, რის გამოც ის გამოაგზავნეს მასთან შუამავლად. ცქიფურიშვილი რამაზ სამხარაძეს უხსნის, რომ მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას ლაგოდეხში დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ამიტომ, სთხოვდა რადიო „ჰერეთის“ ეთერით არ გაეკრიტიკებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ისაკო ცქიფურიშვილი, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს, ურჩევს რამაზ სამხარაძეს, არ გააკრიტიკოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები კახეთში, კერძოდ გოჩა მამაცაშვილი და დავით ადეიშვილი. იგი იქვე დასძენს, რომ ის ახმოვანებს მმართველი პარტიის გენერალური მდივნის დავით კირკიტაძის დავალებას, რომლის შესრულებისთვისაც რადიო „ჰერეთს“ დიდ თანხას გადაუხდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიოს ისევე დაარბევდნენ, როგორც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს. გარდა ამისა, რადიოს პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც ზემოთხსენებული დავით ადეიშვილის ძმაა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ჩარევით, რადიო საერთოდ შეწყვეტდა მაუწყებლობას“,- ამბობს რომან ქევხიშვილი და იქვე მიუთითებს, რომ მუქარის ასეთი ფორმის მიუხედავად, ცქიფურიშვილმა სამხარაძისგან კატეგორიული უარი მიიღო.

„ჰერეთის“ ინფორმაციით, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რადიო ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა.

„კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დღემდე  არ  გაუცია  ლიცენზია „ჰერეთისთვის“, არადა კომისიამ ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში გამოაცხადა „ჰერეთი“ რადიოლიცენზიის მაძიებლის კონკურსის გამარჯვებულად“,- აცხადებენ რადიოს ადმინისტრაციაში.

მომხდართან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს სახალხო დამცველი. „მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას, ნუ გადაიქცევა მედიაზე ზეწოლის იარაღად და რაღაც პოლიტიკური დავალებების შესრულების ორგანოდ. აგრეთვე, მივმართავ გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი იმიტომ, რომ აქ ცალსახაა მუქარა „ზონდერ-კამანდებით“, მუქარა კომუნიკაციების კომისიით. მოვითხოვ, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მედიაზე ზეწოლას ახდენენ. ვთხოვ, საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს პირად კონტროლზე აიყვანოს „ჰერეთის“ საკითხი“,- აღნიშნა სუბარმა.

რადიო „ჰერეთის“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ისაკო ცქიფურიშვილი. „მე, რამაზ სამხარაძეს ნამდვილად შევხვდი. ჩვენ დიდი ხანია ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს. ჩავთვალე საჭიროდ მისთვის მეგობრული რჩევები მიმეცა. არავითარ მუქარას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ვერ გეტყვით რაში დასჭირდა მას ჩემს წინააღმდეგ ასეთი პიარის აგორება. რაც შეეხება სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, ვფიქრობ, რომ მას განცხადების გაკეთებამდე საფუძვლიანად უნდა გადაემოწმებინა რადიოს ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და არ დაყრდნობოდა მხოლოდ სამხარაძის მიერ ფარულად ჩაწერილ საუბარს, რომლის შინაარსიც დღესაც შემიძლია გავიმეორო, რადგან მუქარას ადგილი არ ჰქონია. სურვილი მაქვს, რომ ომბუდსმენს პირადად შევხვდე და ამ საკითხებზე დაწვრილებით ვესაუბრო, რა თქმა უნდა, თუ მოიცლის ამისთვის... კირკიტაძეს საერთოდ არ ვიცნობ. ამ დროისათვის იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს. მე მზად ვარ ნებისმიერ გამოძიებას და ჟურნალისტს მივცე ინფორმაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით სარჩელით სასამართლოს მივმართო“,- აცხადებს ცქიფურიშვილი.

კომუნიკაციების მარეგულიერებლი კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, რადიო „ჰერეთი“ ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს. „ჰერეთს“ ლიცენზიის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია 2007 წლის 3 დეკემბრამდე, შესაბამისად, კომისიას დღემდე არა აქვს გაცემული სამაუწყებლო ლიცენზია. თუ რადიოს წარმომადგენლებმა თანხის გადახდის დოკუმენტაცია ბუღალტერიას ხელზე ჩააბარეს, ეს არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობის ფორმას. ულიცენზიო მაუწყებლობა კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ითვალისწინებს ჯარიმას ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ...თუმცა, რადიოს წარმომადგენლებმა სულ ახლახანს წარმოადგინეს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, მასზე მოხდება ლიცენზიის გაცემა შვიდი სამუშაო დღის ვადაში“,- განაცხადა ყურაშვილმა.

რადიო „ჰერეთის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ.

„ვაპროტესტებთ რადიო „ჰერეთის“ მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და პირველ რიგში მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, გამოვფხიზლდეთ, ერთად დავდგეთ, მიუხედავად იმისა „ელიტარულ“ მედიაკომპანიებსა და გაზეთებში ვსაქმიანობთ, თუ საქართველოს რეგიონებში უმძიმეს პირობებში გვიხდება მუშაობა. დროა, დავიწყოთ ჩვენი უფლებების დაცვისათვის თავგანწირული ბრძოლა“,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები