კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზერვისტებს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრას აიძულებენ

10 დეკემბერი, 2007

საპრეზიდენტო პროგრამა "პატრიოტის" მონაწილეების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა რეზერვისტებსაც მოსთხოვეს. ამ მიზნით მათ გასულ კვირას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამხედრო განყოფილებებიდან სპეციალური უწყებები დაუგზავნეს. წერილში მითითებულია, რომ 11 დეკემბერი დილის 10 საათისთვის გურჯაანის სპორტულ სტადიონზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებიან ან დაუმორჩილებლობისათვის თავისუფლებას აღუკვეთენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს 11 დეკემბერს უნდა ესტუმროს. მოსახლეობასთან მისი შეხვედრა გურჯაანის სპორტულ სტადიონზეა დაგეგმილი. 11 დეკემბრისთვის სწორედ ამ ადგილზე დაიბარეს რეგიონში მცხოვრები რეზერვისტები. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, უწყების ჩაბარებისას ის ზეპირადაც გააფრთხილეს, რომ მისი დანიშნულ დროს და ადგილზე გამოცხადება სავალდებულოა. "უწყება რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წარმომადგენელმა ჩამაბარა. მისი თანდასწრებით წავიკითხე და ვკითხე, რატომ გვიბარებდნენ. მითხრა, რომ სამშაბათს გურჯაანში მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის და მას უნდა დავხვდეთო. ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრამდე კი თელავში ასვლაც უნდა მოვასწროთ, სადაც ახალ სამხედრო ფორმებს გადმოგვცემენ ჩასაცმელად"- ამბობს 25 წლის მამაკაცი.

კიდევ ერთი რეზერვისტის თქმით, უწყებაში მითითებულ დროს მას არ სცალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იძულებულია გურჯაანის სპორტულ სტადიონზე გამოცხადდეს. "რომ არ მივიდე, გვწერენ, 500 ლარით დაგაჯარიმებთო, ან შესაძლოა, დაუმორჩილებლობის და სამხედრო დისციპლინის დარღვევის მიზეზით დაგვაპატიმრონ კიდეც. ვერ გეტყვით რა შინაარსის კონტრაქტი იყო, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ გასულ წელს როცა რეზერვისტთა ბატალიონში კურსების გავლა დავასრულე, ხელი მოგვაწერინეს. აღმოჩნდა, რომ უწყებაში მითითებული დავალების შესრულების პასუხისმგებლობა სწორედ მაშინ ამიღია"- აღნიშნავს რეზერვისტის კურსდამთავრებული.

ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამხედრო განყოფილების უფროსთან ვცადეთ. ზურაბ ანანიაშვილი ადასტურებს, რომ რეზერვში ჩარიცხულმა ახალგაზრდებმა უწყებები ნამდვილად მიიღეს, ოღონდ რატომ, მისთვის უცნობია. "ჩვენს სამსახურს ევალება წვევამდელების გაწვევა. ამ კონკრეტულ ფაქტთან შეხება არ გვაქვს. შესაძლოა, ჩვენმა წარმომადგენლებმა, რომლებიც სოფლებს კურირებენ, ბატალიონს დახმარება გაუწიეს"- აცხადებს ანანიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს თელავის რეზერვისტთა ბატალიონის უფროსმა თემურ შაქარაშვილმა მის მოადგილესთან, ირაკლი ვანიშვილთან გადაგვამისამართა. "11 დეკემბერს რეზერვისტები ნამდვილად გვყვავს დაძახილი. დაგეგმილი გვაქვს მათი თელავში წაყვანა. ახალი ფორმის დარიგება და შემდეგ გურჯაანში დაბრუნება. ეს პროცესი არ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან. ისიც კი არ ვიცოდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი კახეთში ჩამოსვლას აპირებდა"- განაცხადა ვანიშვილმა. ჩვენს შეკითხვაზე, რეზერვისტების გამოძახებას თუ არაფერი საერთო არ აქვს სააკაშვილის სტუმრობასთან, მაშინ რატომ ურიგებენ მაინცდამაინც პრეზიდენტობის კანდიდატის რეგიონში ვიზიტის დღეს რეზერვისტებს ახალ სამხედრო ფორმას, ვანიშვილმა გვიპასუხა, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.

უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე მიხეილ სააკაშვილი ყვარელს სტუმრობდა. რაიონში მის ჩასვლამდე, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა კახეთის სხვადასხვა რაიონიდან, იქ, პატრიოტთა ბანაკების მონაწილეებით სავსე ათობით ავტობუსი ჩაიყვანეს. ეს შეხვედრა მართლაც ხალხმრავალი იყო. სააკაშვილი მაშინ ამაყობდა, რომ მის პოლიტიკას მხარს მთელი კახეთის მოსახლეობა უჭერს, რომელიც მისივე თქმით, მაშინ იქ იდგა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები