კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით

11 დეკემბერი, 2007

პარლამენტის წევრის, ნიკოლოზ კვეზერელის ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც კანონის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის მიერ, გამგეობის შენობაში გამოყოფილ ოთახში მუშაობდნენ, შენობიდან გააძევეს. ამის მიზეზი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილისთვის საპარლამენტო ფრაქცია "ჩვენი საქართველოს" მხარდაჭერა გახდა. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ ამ ფრაქციის წევრია. ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლების გაღიზიანება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ბიუროს აქტიურმა თანამშრომლობამაც გამოიწვია.

"ინციდენტი 29 ნოემბერს დაახლოებით 14 საათისთვის მოხდა. გურჯაანის გამგებლის მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე, სხვა პირები და გამგეობის მიერ დაქირავებული ხელოსნები ჩვენს სამუშაო ოთახში შემოცვივდნენ და გარეთ გაგვყარეს. მანამდე არაერთხელ გვითხრეს, რომ ოთახი გაგვენთავისუფლებინა. მიზეზად სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას ასახელებდნენ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენს ოთახს სარემონტო არაფერი სჭირს", - აცხადებენ დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის წევრი ნიკოლოზ კვეზერელი საპარლამენტო ფრაქცია "მაჟორიტარებს" გამოეყო და დეპუატატ ვალერი გელბახიანის მიერ ახლადშექმნილ ფრაქციაში "ჩვენი საქართველო" გაერთიანდა. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ფრაქცია "ჩვენი საქართველო"-ს ხელმძღვანელობამ საჯაროდ განაცხადა, რომ არჩევნებზე მხარს პრეზიდენტობის კანდიდატს ბადრი პატარკაციშვილს უჭერს.

"ამ განცხადების შემდეგ, გამგეობის მხრიდან, ბიუროზე ზეწოლა ოფისის დატოვების თაობაზე უფრო გაძლიარდა. მანამდე არ მოსწონდათ, რომ აქტიურად ვთანამშრომლობდით მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გამგებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სულ იმას გვაყვედრიდნენ, რომ ოთახში ოპოზიციის შტაბი გვქონდა გახსნილი და გამგეობის წინააღმდეგ ვმუშაობდით, რადგან ჩვენთან შემოდიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ. გარკვეული დროის განმავლობაში იმასაც კი მოითხოვდნენ, რომ ისინი ოფისში არ მიგვეღო და ნებისმიერი მიზეზით მათთან შეხვდრაზე უარი გვეთქვა, რაზედაც არ დავთანხმდით და ავუხსენით, რომ მათი მოთხოვნა უსამართლო და ჩვენთვის მიუღებელი იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ოფისში დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ წარმომადგენლებმა. სტუმრები წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებზე საუბრობდნენ. ამან ჩინოვნიკები ძალიან აღაშფოთა. საკუთარ შენობაში შეთქმულებებს გვიწყობთო, მითხრეს, და როდესაც მე თბილისში ვიყავი წასული, მანდილოსნებს შეუვარდნენ და გარეთ გამოყარეს"- გვითხრა ბიუროს უფროსმა აკაკი ბეგაშვილმა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიუროს თანამშრომლებს, ოფისის კარის გასაღები მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელმა მურთაზ შალუაშვილმა წაართვა და დღემდე მას აქვს. მომხდარის შესახებ შალუაშვილმა ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, შალუაშვილი, რომელიც ამავე დროს პარლამენტის მანდატურია, წინასაარჩევნო პერიოდში, და არა მარტო ამ დროს, ხშირად შეიმჩნევა უკანონო ქმედებების ჩადენაში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კუთვნილი ავტომანქანით გაიტანეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ასევე მის მიერ გაცემულ დავალებებს უკავშირებენ, გურჯაანში, ოპოზიციის მხარდამჭერთა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ფაქტებს; შალუაშვილის აქტიურობისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარეს ჟურნალისტები საკრებულოს სხდომიდან და ა.შ.

გამგეობის შენობიდან დეპუტატის ბიუროს გაძევებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი, გამგეობის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით ხნის. "ბიუროს თანამშრომლები რას ამბობენ არ მაინტერესებს. მისაღებში, სადაც მათი სამუშაო ოთახია, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ მოუხდათ ოფისის გათავისუფლება. პოლიტიკური ნიშნით მათი დევნა სიმართლეს არ შეესაბამება"- აცხადებს გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის შენობის ნაწილში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა შენობიდან დეპუტატის ბიუროს გარდა არავინ გაუძევებიათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები