კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსერვატორების“ სენაკელი ლიდერი, მზია გადელია ხელისუფლებას დევნასა და შანტაჟში ადანაშაულებს

12 დეკემბერი, 2007

 მზია გადელია
უკავშირდება თუ არა მზია გადელიას ვაჟის დაპატიმრება საპრეზიდენტო არჩევნებს?!

კონსერვატიული პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მზია გადელია მის მიმართ დევნასა და შანტაჟში რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გურამ მისაბიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ნარმანიას ადანაშაულებს. „კონსერვატორების“ ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი მოსყიდვა ვერ მოახერხა, ჯერ მისივე ვაჟის, ხოლო შემდეგ თავად  მზია გადელიას დაპატიმრება შეძლო. აკაკი გადელია სასჯელს ზუგდიდის #4 საპყრობილეში იხდის, მზია გადელია კი პატიმრობიდან ადმინისტრაციული სასჯელის, 400 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვიდმეტწლიანი ოპოზიციონერობისა და დევნის მიუხედავად, პარტიის ლიდერი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიის დატოვებისა და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

მზია გადელია ერთადერთი ვაჟის, აკაკის დაპატიმრებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მასზე ზეწოლის განსახორციელებლად მისივე შვილი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი უკან დახევას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ მას ვერ გატეხენ.

აკაკი (ხვიჩა) გადელია სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანას მოხმარების ბრალდებით წინასწარი პატიმრობის საკანში მოათავსეს. პოლიციელებმა მას 0,06 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. მზია გადელია: "7 ნოემბერს, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლიდან ზუსტად ნახევარ საათში პოლიცია ჩემს ბინაში შეიჭრა და შვილი დამიპატიმრა. იგი თურმე გაჰყვიროდა, ნუ მიდებთ ნარკოტიკსო, მაგრამ მაინც გაუძეძგეს შარვლის ჯიბეები. ის არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, ვერც ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, ამიტომაც გასაღება რომ არ დაებრალებინათ, აღიარა, თითქოს ზემოქმედების ქვეშ იყო. თბილისში, რიყეზე დაწყებული დარბევის დროს შევიტყვე აკაკის დაკავების შესახებ და თავქუდმოგლეჯილი გამოვქანდი სენაკისაკენ..."

წინასწარი პატიმრობის იზოლატორში 8 ნოემბრის დილას მისულ მზია გადელიას შვილის ნაცვამი ტანსაცმელი გადასცეს, რომელსაც ნაფეხურები და სისხლის კვალი ჯერ კიდევ ემჩნეოდა. დედამ შვილის სამოსი საგანგებოდ დაკეცა, ჩანთაში ჩაალაგა და თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარესთან გააგზავნა. როგორც მზია გადელია ამბობს, ნინო ბურჯანაძე, თუნდაც როგორც დედა, უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან მის ქვეყანაში შვილებს და რა შეიძლება მოჰყვეს ძალადბას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუმცა გადელია არ არის დარწმუნებული იმაში, რომ გზავნილი ადრესატამდე ნამდვილად მივა.

10 ნოემბერს, მზია გადელია სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა მას შვილთან ამანათი შეჰქონდა. მზია გადელია: "წინასწარი პატიმრობის საკანში ჩემი შვილის მზერა შევნიშნე, გამხნევება ვცადე და ვუთხარი, რომ ნუ შეშინდებოდა. მივხვდი, რომ არ ესმოდა და ჩემს სიტყვებს მიმიკით არჩევდა. მივხვდი, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი და სმენა დაქვეითებული ჰქონდა. მაშინვე ავნერვიულდი, შევკივლე, ეს რა ხდება, რა დამართეთ ჩემს შვილს-მეთქი... მიმოვიხედე და ჩემს ირგვლივ უკვე 14-მდე შეიარაღებული პოლიციელი იდგა. ჩამავლეს ხელები, წამართვეს პიჯაკი და ხელჩანთა. პირდაპირ საკანში მივყავდით, გზადაგზა გავყვიროდი და ვაფრთხილებდი, შვილის მსგავსად ჩემს ნივთებშიც ნარკოტიკები არ ჩაეყარათ..."

სენაკის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ხუთსაათიანი დაკავების შემდეგ „კონსერვატორების“ ლიდერი რაიონული სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს. მას ბრალი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში დასდეს. პროკურორი, მზია გადელიას დასჯას ადმინისტრაციული სამართალთარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთთვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჭანტურიას გადაწყვეტილებით ბრალდებულს ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს. მზია გადელია თავს დამნაშავედ არ ცნობდა. "მე პოლიციის თანამშრომლებისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც წინააღმდეგობა გამიწევია. ის, რომ თითქოს პოლიციელს, ბესიკ გოროზიანს ტანსაცმელი შემოვახიე -  სრული სიცრუეა. ეს პროვოცირებული იყო და დამკვეთის გეგმამ შესანიშნავად იმუშავა..."

შვილის დაკავებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა, მაგრამ დედას იგი ჯერ არ უნახავს. მზია გადელიამ სენაკის რაიონულ სასამართლოში 5 დეკემბერს დანიშნული მისი ვაჟის პროცესის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო. ადვოკატის ჩარევის შემდეგ საქმის განხილვა 12 დეკემბრამდე გადაიდო.

მზია გადელია ეროვნულ მოძრაობაში 1989 წლიდან აქტიურობდა. იგი 9 აპრილის მონაწილეც იყო და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგზე განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდა. გამსახურდიას სხვა მომხრეებთან ერთად ის "მხედრიონის" შეიარაღებული ფორმირების მხრიდან დევნას მუდმივად განიცდიდა. სენაკში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს მხედრიონის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად მზია გადელიას ხელის მარჯვენა მტევანი დაუზიანდა და დაინვალიდდა. "მხედრიონის" სამეგრელოში თარეშის დროს იგი პატიმრობაში თუ ტყვეობაში ოთხჯერ მოხვდა. მზია გადელია სამეგრელოში ბოლო დროს გამართულ გაერთიანებულ ოპოზიციის მიტინგებზეც აქტიურობდა. 28 ოქტომბერს ზუგდიდის მიტინგზე ნაცმოძრაობის წევრებმა მას კვერცხი ესროლეს და მარცხენა თვალი დაუზიანეს.

"ხელისუფლებას სურს წინასაპრეზიდენტო  კამპანიის პერიოდში გამაჩუმოს, დამაუძლუროს და გამტეხოს. ჩემი სულის გატეხვა არც ისე იოლია... გურამ მისაბიშვილისა და ბესიკ ნარმანიას გარეშე სენაკში ფოთოლიც კი არ ვარდება ხიდან. მათ კისერზე იყოს...", - აცხადებს მზია გადელია.

სენაკის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გურამ მისაბიშვილი კონსერვატორების ლიდერის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას, შანტაჟს ან დევნას კატეგორიულად უარყოფს. "მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ვარწმუნებ მზია გადელიას, რომ მის მიმართ დევნის სურვილი სენაკში არავის გააჩნია და მისი ეჭვები უსაფუძვლოა. რაც შეეხება მის ვაჟს -  მე პოლიციისა და პროკურატურის ფუნქციებში ვერც და არც ჩავერევი. სამართალდამცავები მის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობას თავად გაარკვევენ".

მზია გადელიას მიმართ დევნის ფაქტს გამორიცხავს ასევე სენაკის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ნარმანია. "მე მასთან დაპირისპირებაც კი არასოდეს მქონია. მზია გადელია ვერაფერში დამადანაშაულებს, იგი ჩემი შვილის ნათლობაზეც კი იყო მოწვეული. ყველაფერი მის სინდისზე იყოს!"

მიუხედავად ყველაფრისა, მზია გადელია ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას, ლევან გაჩეჩილაძის  მხარდამჭერთა ხმების დასაცავად ბრძოლას განაგრძობს.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები