კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოციზიური პარტიის ლიდერის მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს

12 დეკემბერი, 2007

რვა დეკემბერს შუაღამით, დახლოებით სამ საათზე უცნობმა პირებმა პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შტაბის უფროსის ოლეგ სანდროშვილის კუთვნილი მაღაზიის კარისა და ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს.

ოლეგ სანდროშვილს მეზობლებმა მომხდარის შესახებ დილით ტელეფონით შეატყობინეს: „გისოსებზე სქელი მინები ქვებითაა ჩამსხვრეული. ქვები შიგნითაც ყრია და კვალი კედლებსაც აშკარად ეტყობა. მომხდარი არ გამკვირვებია, რადგან წინა დღესაც რამდენიმე მინა ჩაამტვრიეს“.

წინა ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოლეგ სანდროშვილის ნათქვამს ასპინძის #38-ში მცხოვრებლებიც ადასტურებენ.

ოლეგ სანდროშვილის კუთვნილი მაღაზია უკვე ათი თვეა, რაც დახურულია. შენობაში მხოლოდ რამდენიმე ცარიელი დახლი დგას.

„მაღაზიას რომ ტეხავენ, შიგ რამე ხომ უნდა იყოს წასაღები? - კითხულობს ოლეგ სანდროშვილი.

შტაბის უფროსი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს: „ეს უბნის ბავშვების გაკეთებული არ არის.. ჩემი და ჩემს გვერდში მდგომების შესაშინებლად მიზანმიმართული ქმედებაა. ამ ყველაფერს წინ ჯერ გამაფრთხილებელი, შემდეგ კი მუქარის სიტყვები უძღვოდა. ჩემს ახლობლებს, ნათესავებს ურეკავენ, აშინებენ...“

სანდროშვილის განცხადებით, მის გარშემომყოფებზე ზეწოლა ორი ნოემბრის გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო: „ახალციხიდან დიდი კოლონა გავიყვანე. ვიღაცებს ეს არ ესიამოვნათ. ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ახალციხიდან მიტინგზე ამდენი ხალხი წავიდოდა. აქციის მონაწილეებზე ზეწოლა იმ დღიდანვე დაიწყო. ქალაქში დაბრუნების შემდეგ უმრავლესობამ ჩემთან ურთიერთობა ვეღარ გაბედა. ზოგთან დაკავშირება საერთოდ ვერ მოვახერხე. ბევრმა მითხრა, რომ აშინებენ და გვერდში ვეღარ დამიდგება. მათ ვინაობას, რა თქმა უნდა, არ გავამხელ“.

ის მიიჩნევს, რომ მან, ვინც მაღაზიის მინები ჩაამსხვრია, მისი გარშემომყოფების შეშინება სცადა: „შტაბის უფროსს თუ ამას ვუკეთებთ, თქვენ უარესი მოგელითო. ეს ქუჩის დონის საქციელია და ქვების სროლის რომ არ შემეშინდება, ყველამ კარგად იცის“.

მომხდარს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა დალალიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს.

„ვისიც  უნდა იყოს მაღაზია, ეს ხულიგნური საქციელია. ნებისმიერი ასეთი ფაქტი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ასეთ შემთხვევაში წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ხმებს კარგავს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ ვინმე ამ მთავრობის მხარდამჭერია, ასეთ რამეს ნუ გააკეთებს. ხელისუფლებას ზეწოლის გარეშეც აქვს იმის შენსი და უნარი, რომ არჩევნებზე გაიმარჯვოს“, - აცხადებს შალვა დალალიშვილი.

მომხდარს ახალციხის რაიონული პოლიციის სამმართველო იძიებს. სამმართველოში ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ. 
 
 

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები