კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა სიყვარულის გამო დაპატიმრებული 21 წლის წულაიას ცოლის და სიდედრის დაპატიმრებასაც აპირებს

14 დეკემბერი, 2007
გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მცხოვრებ 21 წლის ალიკა წულაიას 6 წელი მიუსაჯა.  წულაიას ქუთაისელი ტაქსის მძღოლის კონსტანტინე რუსაძის დაყაჩაღება და სხეულის დაზიანება ედება ბრალად. გარდა ამისა, სასამართლოზე ტაქსის მძროლმა განაცხადა, რომ მასთან განსასჯელის ახლობლები მივიდნენ და ჩვენების შეცვლა სთხოვეს. ამის გამო, განაჩენში სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა: ,,მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ცრუ ჩვენებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დადგეს სს პასუსხისმგებლობის საკითხი მოწმეთა და განსასჯელთა ახლობლების მიმართ მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის".

ყველაფერი ასე დაიწყო 

გასულ ზაფხულს ალიკა წულაიამ თავის სოფელში სტუმრად ჩასული გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები ფიქრია სამადაშვილი გაიცნო და ერთმანეთი შეუყვარდათ. 2007 წლის 10 თებერვალს ალიკა წულაიამ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. იგი ჯერ ქუთაისში ჩავიდა. დაიქირავა ტაქსი. ტაქსის მძღოლთან ერთად ლომბარდში კუთვნილი ოქროს ძეწკვი დააგირავა, სადაც საპასპორტო მონაცემები დატოვა. ამის შემდეგ აღებული ფულით ტაქსის მძღოლს გორში წამოსასვლელად ქირა გადაუხადა.

წამოვიდნენ გორში. გზაში ტაქსის მძოლმა და წულაიამ იქეიფეს კიდეც. რიკოთის უღელტეხილზე შესვენებისას ტაქსის მძღოლმა წულაიას მომავალი მეუღლე და წამოწყებული საქმე დაულოცა.

ღამის 10 საათზე გორში ჩამოსულებმა ფიქრია სამადაშვილს დაურეკეს და სთხოვეს, გარეთ გასულიყო. გოგო ცოლად გაყოლზე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ვაჟი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ტაქსის მძღოლი ბიჭს უკან ქუთაისში დაბრუნებას სთხოვდა. წულაია ტაქსის მძღოლს ეუბნებოდა, რომ ჯერ არ წასულიყო, გოგოს გარეშე უკან ვერ დავბრუნდებიო. მიუხედავად ამისა, ტაქსის მძღოლი მაინც გაიპარა.

ტირძნისიდან ,,გამოპარული" ტაქსის მძღოლი კონსტანტინე რუსაძე სოფელ ტყვიავთან რუში გადავარდა. რამდენიმე ხანში მას უკან ალიკა წულაია სხვა მანქანით მიადგა და მათ შორის ჩხუბი ატყდა. ჩხუბის დამთავრების შემდეგ ტაქსის მძღოლიც და წულაიაც სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. რამდენიმე დღეში  ალიკა წულაია და ფიქრია სამადაშვილი დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება მაინც ჩაუშხამდათ.

ორ დღეში 12 თებერვალს, გორის პოლიციაში ტაქსის მძღოლმა განცხადება დაწერა და ალიკა წულაიას მანქანის და ფულის დაყაჩაღების გამო უჩივლა. სს საქმე აღიძრა. 27 თებერვალს გორის პოლიციის გამომძიებლის მოთხოვნით მარტვილის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ალიკა წულაიას სახლში მივიდნენ. წულაიას დედამ პოლიციელებს განუცხადა, რომ მისი შვილი იმყოფებოდა თბილისში, ბიძამისთან, რადგან იგი პ. გუგუშვილის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო და იქ სწავლობდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მიიჩნია, რომ ალიკა წულაიას ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა და გამოაცხადეს ძებნა. წულაია დააკავეს და ხანგრძლივი 9 თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ადვოკატების განცხადებით, სასამართლო სხდომაზე მთავარმა დაზარალებულმა ტაქსის მძღოლმა ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მოსამართლე ფხაკაძემ ეს არ გაითვალისწინა. ,,პროკურატურა და სასამართლო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარსულში ნასამართლევი ტაქსის მძღოლის კონსტანტინე რუსაძის ინტერესები გაითვალისწინოს და უდანაშაულო 21 წლის ბიჭი ციხეში ჩაალპონ", - აცხადებენ ახლობლები.

გორში ეს ამბავი ისეა გახმაურებული, რომ ხუმრობენ კიდეც - ,,თბილისიდან ჩამოსული არც მოსამართლეა დაქორწინებული, არც პროკურორი და არც გამომძიებელი, აბა, მაგათ რა იციან სიყვარულისაო..."

ეს არის ისტორია, რომელიც ამ დრამატულ ამბავს რეალურად ასახავს. თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალიკა წულაია 2007 წლის 10 თებერვალს დანით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ავტომანქანის გატაცების მიზნით ყაჩაღურად თავს დაესხა კონსტანტინე რუსაძეს. ალიკა წულაიას ახლობლებმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" დახმარებისათვის მიმართეს. ცენტრის იურისტების შეფასებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევითაა ნაწარმოები.

შეკერილი საქმე 

კერძოდ, წულაიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისე შეეფარდა და მისი ძებნა ისე გამოცხადდა, რომ მას კანონის მოთხოვნით ბრალი წაყენებული არ ჰქონია.  ალიკა წულაია 2007 წლის 27 თებერვალს დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული და მასვე აღკვეთის ღონისძიების სახით ასევე დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება. ამით დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ს 81 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის ახლობელს შესაძლებლობა ეძლევა 48 საათში დანიშნოს დამცველი, თუ იგი ამ პერიოდში არ დანიშნავს დამცველს, პირს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ამის შემდეგ, პროკურორი ან გამომძიებელი ბრალდების წასაყენებლად იძახებს ადვოკატს და პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას აბარებს. ამას ბრალდების წაყენება ჰქვია. ეს წესი კანონში ჩაიწერა 2006 წლის 29 დეკემბერს, რაც გორის პოლიციის გამომძიებელს შერმადინ (შერი) კაპანაძეს და პროკურორ კახა მურადაშვილს არ გაუკეთებიათ.

როგორც ვთქვით, პროკურორმა კახა მურადაშვილმა ალიკა წულაიაზე ძებნა 27 თებერვალს გამოაცხადა. ძებნის დადგენილებაში მურადაშვილმა ჩაწერა, რომ ვერ დაადგინეს წულაიას ადგილსამყოფელი. ჩვენ ხელთ გვაქვს მარტვილის რაიონის პოლიციის გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმის ასლი, სადაც წერია, რომ როდესაც 22 თებერვალს მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში ალიკა წულაიას სახლში მივიდნენ, იქ მხოლოდ დედა დახვდათ. დედამ პოლიციელებს განუცხადა წულაიას ადგილსამყოფელი, კერძოდ, თბილისი, ბიძის სახლი. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მიზანშეუწონლად ჩათვალა თბილისში, ბიძის სახლში ალიკა წულაიას მოძებნა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარტვილის პოლიციის გამომძიებლის შედგენილ ოქმში არ არის აღნიშნული, თუ რისთვის მიაკითხეს წულაიას მშობლიურ სახლს, არ უთქვამთ დედამისისთვის, თუ რატომ ეძებდნენ ალიკას და ა.შ. ისე, რომ გამომძიებელმა შერი კაპანაძემ მიიჩნია, რომ ალიკა წულაია გამოძიებასთან თანამშრომლობას თავს არიდებდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მარტვილის პოლიციამ ალიკა წულაიას დედამ პოლიციელებს განუცხადა ის ადგილი, სადაც ალიკა ცხოვრობდა და სწავლობდა. პოლიციას არც ერთი მათგანისთვის არ მიუკითხავთ. აქედან გამომდინარე, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ ალიკა წულაიასთან დაკავშირებით ძებნის გამოცხადება და ბრალის დამძიმება უსამართლოდ მოხდა.

საინტერესოა ასევე საქმეში ნივთმტკიცებად ამოღებული დანის წარმომავლობა. ტაქსის მძღოლმა პოლიციას დანა შემთხვევის ფაქტიდან 2 დღის მერე წარუდგინა. თუკი წინასწარ გამოძიებაში დაზარალებული ტაქსის მძღოლი ირწმუნებოდა, რომ ალიკა წულაიამ დანით ჭრილობა სოფელ ტირძნისში მიაყენა, სასამართლო გამოძიების დროს თქვა, რომ ჭრილობა სოფელ ტყვიავში მიაყენა. მოსამართლე ფხაკაძემ ეს ფაქტი ჩვენების შეცვლად კი არა, ჩვენების დაზუსტებად შეაფასა. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანა დაჟანგებული ხისტარიანი იყო, ხოლო რეალურად საქმეში დევს ახალი, პლასტმასის ტარიანი დანა.

ეჭვქვეშ დადგა, საერთოდ მიიღო თუ არა ტაქსის მძღოლმა დანით ჭრილობა. 12 თებერვალს ტაქსის მძღოლმა სამედიცინო შემოწმება გორის საავადმყოფოში გაიარა. საავადმყოფოს დირექტორის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ სავადმყოფოში მისვლისას დაზარალებულ ტაქსის მძღოლს მხოლოდ სახეზე აღენიშნებოდა მცირე დაჟეჟილობა. ექიმის ცნობაში არსად წერია, რომ 12 თებერვალს ტაქსის მძღოლს ხელზე ჭრილობა ჰქონდა.

,,გაურკვეველია ასევე ისიც, რომ თუ ალიკა წულაიას მართლაც ჰქონდა რუსაძის დაყაჩაღების განზრახვა, ქუთაისიდან გორის რაიონის სოფელ ტირძნისამდე ადგილი ვერ იპოვა დასაყაჩაღებლად? ან რამდენად მართებულია კაცს დაყაჩაღების განზრახვა ჰქონდეს და სახელით და გვარით, პირადობის მოწმობით წარუდგეს და გაეცნოს მსხვერპლს~ - აცხადებს ალიკა წულაიას მეუღლე სოფო სამადაშვილი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო პროცესზე ალიკა წულაიას მეუღლის ბიძაშვილი ჩვენების შეცვლისთვის დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ვეფხია სამადაშვილი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, გამოძიება მაინც გრძელდება. ეს იმ დროს, რომ იმავე დაზარალებულ ტაქსის მძღოლს არავინ სჯის, რადგან მან ზუსტად დამატებით კიდევ 6-ჯერ შეცვალა ჩვენება.

1. დაზარალებული გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ხიდებთან დაურეკა შეყვარებულს, 40 წუთში შენს სახლთან ვიქნებიო, მაშინ როდესაც სასამართლოზე თქვა, რომ ტელეფონზე საერთოდ არავისთვის დაურეკია.
2. გამოძიებაში აღნიშნავს, რომ წულაიამ ჯერ კიდევ ქუთაისში უთხრა, შეყვარებულთან მივდივარო, რაც სასამართლოზე უარყო.
3. გამოძიებაში აღნიშნავს, რომ სოფელ ტირძნისში 20-25 მეტრში ბენზინგასამართ სადგურიდან წულაიამ დანის მუქარით აიძულა გაეჩერებინა მანქანა და ფული და მანქანა მოსთხოვა. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გორის ხიდთან როგორც კი გადაუხვია, მაშინვე აიძულა გაეჩერებინა მანქანა და ტირძნისამდე (15-20 კმ) დანამიბჯენილი ატარა.
4. გამოძიებაში აღნიშნავს, რომ ტყვიავში რუში გადავარდნილი მანქანა რომ ვერ ამოიყვანა, გადმოვიდა მანქანიდან და იქვე მცხოვრებ მოსახლეობას ეძახდა, რა დროსაც მოსახლეობა გამოვიდა. სასამართლოზე კი განაცხადა, რომ როდესაც თავზე ალიკა წულაია წაადგა და ჩხუბი დაუწყო, ყვირილზე გამოვიდა მოსახლეობა.
5. გამოძიებაში აღნიშნავს, რომ მიყენებულმა ზარალმა 2 500 ლარი შეადგინა, სასამართლო პროცესზე კი თქვა, რომ ზარალმა 1 500 ლარი შეადგინა.
6. გამოძიებაში აღნიშნავს, რომ იმავე დღეს წავიდა ქუთაისში თავისი მანქანით. სასამართლოზე აღნიშნა, რომ მანქანა ტყვიავში დატოვა, თვითონ კი თბილისში გაყვა ცოლისძმას და ა.შ.

ერთი სიტყვით, გორის სასამართლოს თავმჯდომარემ ყველა ჩამოთვლილი შენიშვნა არ გაითვალისწინა და მთლიანად დაზარალებულ ტაქსის მძღოლის როგორც ადრინდელი, ახლა უფრო ,,დაზუსტებული~ სიტყვები გაითვალისწინა. ახლადდაქორწინებული ოჯახი კი სამართლის პოვნას  საოლქო სასამართლოში ცდილობს.

საბა წიწიკაშვილი, გორი.


ახალი ამბები