კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეო ტლაშაძეს საარჩევნო კამპანიაში კობა დავითაშვილი ეხმარება

19 დეკემბერი, 2007

 საარჩევნო პერიპეტიები შიდა ქართლში

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ,,ერთიანმა სახალხო მოძრაობამ" გორისა და კასპის რაიონის თითქმის ყველა სოფელი მოიარა. შიდა ქართლში ამ ვოიაჟს კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, საარჩევნო შტაბის რეგიონული კოორდინატორი პარლამენტარი თეო ტლაშაძეა,  კოორდინატორის ფუნქცია ამჯერად დავითაშვილმა შეითავსა. დავითაშვილს ყველა სოფელში ხელისუფლების მხარდამჭერებიც ხვდებოდნენ და ძირითად უკმაყოფილებას ტლაშაძის მისამართით გამოთქვამდნენ. მთელი კამპანიის დროს დავითაშვილს თეო ტლაშაძის დაცვა უფრო უწევდა, ვიდრე საარჩევნო პროგრამის გაცნობა.

დავითაშვილმა კასპის რაიონი ყველაზე წარმატებით მოიარა. იგი წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ კავთისხევიდანაა. სწორედ ამიტომ კობა დავითაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პროგრამის გაცნობა ამ რაიონში მშვიდად უხდებოდა. კასპელმა „რესპუბლიკელმა“ ხათუნა თათანაშვილმა კი შეამჩნია, რომ ყველა სოფელში მათ კასპის უშიშროების თანამშრომლები დასდევდნენ. პოლიცია ასევე ამოწმებდა იმას თუ ვინ გამოდიოდა სახლიდან მათ შესახვედრად. ,,ჩვენს ჩასვლამდე პოლიციელები აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ დავითაშვილთან შესახვედრად არ გამოსულიყვნენ. თუ ვინმე გვხვდებოდა, მათ უშიშროება აფიქსირებდა", - განაცხადა ხათუნა თათანაშვილმა.

კასპის რაიონში ვიზიტი დავითაშვილმა სოფელ დოესით დაამთავრა. დოესიდან გორის რაიონში გადავიდა და დედულეთს - სოფელ ქვახვრელსა და უფლისციხეს ესტუმრა. კობა დავითაშვილმა იმ უბნით დაიწყო, სადაც იგი ბავშვობის დროს ზაფხულში ჩადიოდა. უმეტესად მას ბავშვობის მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ამ უბანს ადგილობრივები  ,,ლეკიაანთ უბანს" ეძახიან. ,,ლეკიაანთ უბნელებმა" დავითაშვილს მხარდაჭერა აღუთქვეს.

ამ შეხვედრის დროს პატარა ინციდენტიც მოხდა. პრეტენზიები ძირითადად თეო ტლაშაძის მიმართ გამოთქვეს. ქვახვრელელმა ვანო ნუსხელიძემ პარლამენტარს ის დაპირებები გაახსენა, რომელიც მიხეილ ქარელთან ერთად ჯერ კიდევ 2004 წელს დადო. პირობა სოფელში გაზის გაყვანას ეხება. ,,ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი სოფლიდან სარწყავი მილები რომ ამოიღეთ, ჩვენც გამოვიყენებთ და თქვენც ბუნებრივ აირს გაგიყვანთო. მილები კი ამოიღეთ, მაგრამ სოფელში გაზი არ გაიყვანეთო" - უთხრეს ტლაშაძეს. კობა დავითაშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის კამათი ლამის ჩხუბში გადაიზარდა.

ამის შემდეგ დავითაშვილმა და ტლაშაძემ სოფელ სკრაში გადაინაცვლეს, იქაც ძირითადი პრეტენზია თეო ტლაშაძის მისამართით ისმოდა. მსოფლიო ჩემპიონის, აწ გარდაცვლილი კობა კურტანიძის ახლობლებმა თეო ტლაშაძეს ის სიტყვები გაახსენეს, როდესაც მან კობა კურტანიძის  დასახმარებლად მისულ ახლობლებს უთხრა.
,,როცა ქალბატონ თეოს კობას დახმარება ვთხოვეთ,  გვითხრა - კობა კურტანიძე უპერსპექტივო ავადმყოფია და ვერ დავეხმარებითო. ჩემი ძმა მთელი 6 წელი აპარატზე იყო მიერთებული და ასე იცოცხლა. შეიძლება ავადმყოფს უპერსპექტივო უწოდო და ამ მოტივით დახმარებაზე უარი განაცხადო? ეს სიტყვები სამწუხაროდ პარლამენტარმა გვითხრა", - განაცხადა კობა კურტანიძის დამ.

რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩვენ ,,ერთიანი სახალხო მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს ვკითხეთ, თუ რატომ გააკეთეს აქცენტი თეო ტლაშაძეზე და საერთოდ, ირაკლი ოქრუაშვილის გუნდზე, რომელსაც რეგიონში ლევან გაჩეჩილაძის შტაბის უფროსობა ჩააბარეს. თინა ხიდაშელმა გვიპასუხა, რომ ეს საბჭომ გადაწყვიტა.

 ,,მე შემიძილია გითხრათ, რომ მაგალითად, ბათუმი და მთლიანად აჭარა „რესპუბლიკელებს“ - დათო და ლევან ბერძენიშვილებს აქვთ ჩაბარებული. მათი რეიტინგი და ავტორიტეტი აჭარაში გვაძლევს იმის საფუძველს ვთქვათ, რომ ბერძენიშვილები ,,ნაციონალურ მოძრაობას' დიდ საფრთხეს უქმნის. სამეგრელო მაგალითად, კოკო გამსახურდიას და პარტია ,,თავისუფლებას" ჩავაბარეთ. სამტრედია და იმერეთი - კონსერვატორებს, ზვიად ძიძიგურის სახით. სწორედ ამ პრინციპით თეო ტლაშაძეს შიდა ქართლი ჩავაბარეთ", - გვითხრა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ლეიბორისტებს, ისინი საკმაოდ მწირი სახით არიან წარმოჩენილები შიდა ქართლში. რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჩვენ შალვა ნათელაშვილს მიხეილ ქარელსა და ირაკლი ოქრუაშვილის შესახებაც ვკითხეთ. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორები - მიხეილ ქარელი და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ. ,,ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გერმანიის მთავრობას გავუგზავნეთ მიმართვა, რათა არ მოხდეს ოქრუაშვილის ექსტრადიცია საქართველოში და ეს პოლიტიკური პატიმრები არ ჩავუგდოთ სააკაშვილს ხელში", - გვითხრა შალვა ნათელაშვილმა.

,,ახალი მემარჯვენეები" ფიქრობენ, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი შიდა ქართლში მათ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით გამყრელიძეს აქვს. იმ ფონზე, როდესაც ,,ერთიან სახალხო მოძრაობის" წარმომადგენლები შიდა ქართლში ძირითადად ყოფილი ,,ნაციონალები" არიან, ორ დისკრედიტებულ ძალას - სააკაშვილის და ოქრუაშვილის გუნდების პერსპექტივებს შორის გამყრელიძის პერსპექტივა უალტერნატივოაო“, - აცხადებს გორის ,,ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა ფანიაშვილი.

საარჩევნო შტაბს ბადრი პატარკაციშვილიც ხნის. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის შტაბს ადვოკატი  და ყოფილი მოსამართლე სოსო სოსიაშვილი ჩაუდგება სათავეში. თუმცა სოსო სოსიაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის შტაბს შიდა ქართლში კასპის მაცხოვრებელი რამაზ ბერიანიძე გახსნის.

ერთი სიტყვით, შიდა ქართლში ამ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრი ასე გამოიყურება.  უახლოეს ხანებში ვითარების გამწვავებას ელიან. ოპოზიცია აპირებს იმ დოკუმენტალური მასალის გამომზეურებას, სადაც ხელისუფლება და პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში იქნება დადანაშაულებული.

საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები