კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ აანაზღაურებს არამიზნობრივად გახარჯულ 100 000 ლარს

25 დეკემბერი, 2007

პროკურორის ტყუილი

2007 წლის 12 სექტემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურამ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. დავით საყვარელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ჰყავდათ შპს ,,გალავანი 2007" -ის დირექტორი. ამ შპს-ზე ამბობდნენ,  გამგებელ ვასილ მახარაშვილის სიმამრის კუთვნილებააო. აღმოჩნდა, რომ ეს ფირმა გამგებელ ვასიკო მახარაშვილის სიმამრს კი არა, გორელ ირაკლი მელაძეს ეკუთვნის. აწ უკვე ყოფილი გამგებლის ვასიკო მახარაშვილის სიმამრის სახელი და გვარი კი - ნიკოლოზ მჭედლიძეა.

დღეს ციხიდან გათავისუფლებულმა ,,გალავანი 2007" -ის დირექტორმა ირაკლი მელაძემ პირდაპირ გამგეობას მიაკითხა და მათთან თანამშრომლობაზე უარი წერილობით დაადასტურა.

ირაკლი მელაძე: - ,,30 აგვისტოს ჩვენს მიერ გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ატენის, ქიწნისის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე და სოფელ შერთულის, ბროწლეთის, ნიქოზის, ქიწნისის ჭაბურღილების რეაბილიტაციაზე როგორც ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ. ამა წლის 12 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო პოლიციის მიერ მოხდა ჩემი დაკავება. ყველანაირი საბუღალტრო დოკუმენტები ამოღებულია და დღემდე არ არის დაბრუნებული. არ არის ცნობილი საგამოძიებო პროცედურების დამთავრების ვადები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება აღნიშნული ობიექტების მშენებლობის გაგრძელება. მოგმართავთ, თხოვნით, რათა ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნას გამოცხადებული", - ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ირაკლი მელაძემ რაიონის გამგებელს. ეს წერილი 30 ნოემბრით თარიღდება. იმავე დღეს ,,გალავანი 2007"-სა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო შეთანხმების ოქმი #1, რომლის თანახმად,მუნიციპალიტეტი შპს ,,გალავანი 2007"-თან დადებულ ხელშეკრულებას ბათილად ცნობს.


ციხეში მჯდომს ,,გორის განვითარება" დაავალეს

,,ადამიანს უფლებათა ცენტრის" იურისტის, ნათია ქალიაშვილის აზრით, გორის საკრებულო, კანონი უხეშად დაარღვია - ვიდრე ,,გალავანი 2007"-ის დირექტორი ციხიდან არ გამოვიდა, მასთან დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა აზრად არავის მოსვლია.

,,გამოდის, რომ ირაკლი მელაძე ციხიდან რომ არ გამოსულიყო და თავისი ხელით არ მიეწერა, შემიწყვიტეთ თქვენთან დადებული სატენდერო ხელშეკრულება, ამის გაკეთებას არავინ აპირებდა. საინტერესოა ის არის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში გორის რაიონის რამდენიმე სოფელში არ ჩატარებულა სამუშაოები, რომლის განხორციელება ,,გალავანი 2007"-ს ჰქონდა დავალებული. ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მოსახლეობის წინაშე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი: ან ,,გალავანი 2007"-მა, ან გორის საკრებულომ",  - აღნიშნავენ ცენტრის იურისტები.

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, გორის საკრებულოს მიერ 2007 წლის 30 აგვისტოს გამოცემული განკარგულება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო. როგორც ცნობილია, 2007 წლის 30 აგვისტოს გორის საკრებულომ გამოსცა განკარგულება, რომლითაც გამგებელს ტენდერში გამარჯვებულ ფირმებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის  უფლება მიეცა. საკრებულომ განკარგულება კი მიიღო, მაგრამ სხდომის და საერთოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ ამ განკარგულებას ხელი არ მოაწერა, ისე შეინახა სეიფში. ეს ფაქტი მარლენ ნადირაძემ არ შეატყობინა მუნიციპალიტეტის გამგებელს ვასილ მახარაშვილს, რომელმაც იმავე დღეს ტენდერში გამარჯვებულ ფირმებთან, მათ შორის ,,გალავანი 2007"-თან დადებულ ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერა. 12 დღეში 12 სექტემბერს გამგებელი ვასილ მახარაშვილი დაიჭირეს და სწორედ ის ბრალდება წაუყენეს, რომ მას არ ჰქონდა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის უფლება. ,,მით უფრო, უკანონო ხელშეკრულება თავის სიმამრის კომპანიასთან დადოო", - დაგვარწმუნა 12 სექტემბერს ოლქის პროკურორმა.

რა მოხდებოდა ,,ქაჯეთის ციხე" რომ აეღოთ

12 სექტემბერს გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე საკრებულოს შენობაში შესვლას ლამობდა, მაგრამ უშედეგოდ. დილიდანვე ადმინისტრაციული შენობის კარებში  პოლიციელები იდგნენ და ოთახებს ლუქავდნენ. მარლენ ნადირაძეს რომ მოესწრო თავის კაბინეტში შესვლა და საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებაზე ხელის მოწერა, ამით გამგებელი ვასიკო მახარაშვილი ხელშეუხებელი გახდებოდა. თუმცა გორის პატრულმა და პოლიციამ ჩინოვნიკების იერიშს გაუძლო და არც მაშინდელი გუბერნატორი მიხეილ ქარელი და არც საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე არ შეუშვა ადმინისტრაციულ შენობაში. ამის გამო გორის პატრულის უფროსი შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დააწინაურა და იგი დღეს  შს სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადაიყვანა.

როგორ ,,გააპრავა" საკრებულომ ძალადაკარგული განკარგულება

რაც შეეხება ტენდერებს, შპს ,,გალავანი 2007"-ის დირექტორი ირაკლი მელაძეც 12 სექტემბერს გამგებელთან ერთად დააკავეს. აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელს სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება და მოსახლეობისგან ,,ატკატების" სახით ფულის აღება დაბრალდა. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდება იყო და სწორედ ამიტომ ეს სერიოზული ბრალდება უნდა გამხდარიყო იმ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რომელიც გორის საკრებულომ 2007 წლის 30 აგვისტოს მიიღო.

,,კანონში წერია, რომ თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, მაშინ კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. ეს გორის საკრებულოს არ გაუკეთებია. პროკურატურამ პირდაპირ ბრალი წაუყენა ,,გალავანი 2007"-ს, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. იმის მაგივრად, რომ გორის საკრებულოს 30 აგვისტოს განკარგულება საკრებულოს ძალადაკარგულად გამოეცხადებინა, პირიქით, მასში შესწორება შეიტანა და გაამყარა", - აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თემურ აფხაზაშვილი.

კერძოდ, 2007 წლის 17 ოქტომბერს გორის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ მოიწვია სხდომა და ხარვეზის გამოსასწორებლად, მან, როგორც ნადირაძის შემცვლელმა მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს.

ნათია ქალიაშვილი:(იურისტი) - ,,გორის საკრებულომ ის განკარგულება ,,გააპრავა", რომელიც სინამდვილეში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო. გარდა ამისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის მიხედვით, 2007 წლის 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება ჩაითვალა ,,არაადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად", რადგან მისმა შესრულებამ გამოიწვია სისხლის სამართლებრივი დარღვევა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ,,გალავანი 2007"-ს ბრალი საკმაოდ მძიმე დანაშაულში დაედო. ეს გარემოებები გორის ახალმა საკრებულომ არ გაითვალისწინა და ძველ განკარგულებას თუ რამე ხარვეზები ჰქონდა, შესწორებები გაუკეთა."

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ირწმუნება, რომ მან მხოლოდ ხარვეზი გამოასწორა. ,,ჩვენ ხარვეზის გამოსწორების გარდა, სხვა არაფერი შეგვეძლო", - ირწმუნება ზვიად ხმალაძე. რაც შეეხება იმ სოფლებს, სადაც ,,გალავან 2007"-ს სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, დღესაც წყლის გარეშეა დარჩენილი. თუმცა საკრებულოდან გაცემული ცნობის მიხედვით, 12 სექტემბრამდე ,,გალავანი 2007" -ის ანგარიშზე 100 000 ლარი იყო გადარიცხული...

საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები