კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

7 ნოემბერს მხოლოდ რეზინის ტყვიებს ისროდნენ?

26 დეკემბერი, 2007

ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი, უკვე 49 დღეა,  თბილისის № 1 საავადმყოფოში მკურნალობენ. ზუსტად ამდენი დღე გავიდა 7 ნოემბრიდან, როდესაც ისინი, ოფიციალური ვერსიით, რეზინის ტყვიამ, რეალურად კი დღემდე გაურკვეველმა იარაღმა თვეებით მიაჯაჭვა საწოლს. დარბევის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ, თუმცა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში პოლიტიკოსებს დაავიწყდათ, რომ იმ მოვლენებს მსხვერპლიც მოჰყვა: ისინი, ვისთვისაც 7 ნოემბერი დღემდე არ დასრულებულა. ეს ადამიანები თავიანთი თვალით დანახულ 7 ნოემბერს იხსენებენ.

***
ვიწრო ოთახში ხალხმრავლობაა. კარის პირდაპირ, ფანჯარასთან, კუთხეებში, ერთმანეთის პირისპირ ორი საწოლი დგას. სრულიად უცნობი ადამიანები უბედურმა შემთხვევამ დააახლოვა. ერთმანეთსაც კი ჰგვანან რაღაცით: ორივეს წვერი აქვს მოშვებული, ორივეს ფეხი აქვს შეხვეული... საკუთარ დაბადების დღეს საავადმყოფოში შეხვდნენ... ბატონი ვახტანგი 45 წლის გახდა, ხოლო ნიკუშას 19 წელი შეუსრულდა.

დღესაც უჭირთ იმ დღეზე საუბარი. მართლაც რთულია იმის გახსენება, როგორ მიზანმიმართულად არბევდნენ ხელისუფლების მიერ მრავალგზის შექებული  სამხედრო ნაწილების თუ პოლიციის წარმომადგენლები მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

ვახტანგი თავიდანვე მომიტინგეებს უჭერდა მხარს. ექვსი ნოემბრის გარდა, ყოველდღე დადიოდა პარლამენტთან. 7 ნოემბერს რუსთავში იმყოფებოდა. გვიანობამდე აპირებდა იქ დარჩენას, თუმცა მოულოდნელად თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან შვილი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და ამან შეაშფოთა.

„ტელევიზორი ჩართული იყო. ვიცოდი, პარლამენტის წინ რაც ხდებოდა. ბავშვი ყურმილს რომ არ იღებდა, შემეშინდა, მიტინგზე ხომ არ წავიდა-მეთქი. ტელევიზიით ნანახი კადრები მეტად შემზარავი და დამამცირებელი იყო. რიყეზე გასვლა გადავწყვიტე“.

ვახტანგ ინასარიძე იხსენებს სიტუაციას, რომელიც რიყეზე მისულს დახვდა.
„ყვებოდნენ, როგორ სცემეს, გათელეს ადამიანები, ძირითადად გულის ტკივილს გამოხატავდნენ. აჟიტირებული მოწოდებები, როგორც მთავრობაში აცხადებენ, არ ყოფილა“.

რუსთაველზე აქცია სულ ცოტა ხნის წინ დაშალეს. გამორიცხული არ იყო, სადამსჯელო ოპერაცია რიყეზეც გაეგრძელებინათ. ამის მიუხედავად, რიყეზე პოლიციელების და სამხედროების გამოჩენა სიურპრიზი აღმოჩნდა.

„უცბად შევნიშნე, რომ ხიდის მხრიდან შავფორმიანი, ხელკეტებმომარჯვებული „რობოკოპები“, ყვითელლაბადიანი პოლიციელები, ელიტური სამხედრო ნაწილების კადრები, ჯინსებში ჩაცმული სამხედროები  მორბიან - სპორტული, დახვეწილი მოძრაობებით. ჩანდა, კარგად მოამზადეს. ვუყურებდი და ვგრძნობდი - მტერი მოდის.

ეს არ იყო გეგმიური მწყობრი შემოსვლა, ეს იყო გააფრთებული შემოვარდნა. როგორც ჩანს, მათ ბრძანება ჰქონდათ მიცემული, ხალხი დაესაჯათ, ეცემათ. იგრძნობოდა, რომ ზიზღი წინასწარ შთააგონეს.

ხალხი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეშინდა. ღვინის აღმართისკენ გავრბოდით. ბევრმა გასასვლელი ვერ ნახა და დარეჯანის სასახლის ქვემოთ პატარა მთას შეაწყდა. ღრიალი, კივილი, ტირილი ისმოდა...“

 ამ ადამიანის საუბარი არც ნერვიულია და არც ხმამაღალი. ის მოვლენებს თანმიმდევრულად მიჰყვება. თუმცა ყოველი მისი სიტყვა, თუ პაუზა იმ ემოციას გადმოსცემს, რომლის წყაროც 7 ნოემბრის მოვლენებია...

„ხალხი დაბნეული იყო. თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებდა.
სამხედროების პირველ შეტევას ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია. სხვა გამოსავალი არც იყო. უკან ვერ დაიხევდნენ, შეიძლებოდა ჭყლეტა დაწყებულიყო. მტერი ერთობამ დაამარცხა. არ ეგონოს მთავრობას, რომ ის ხალხს მოერია. ორივე ფეხიც რომ მოემტვრიათ, მაინც ამაყი ვიქნებოდი, რომ მანდ ვიყავი. ტკივილის გარდა, სიამაყის გრძნობა მქონდა. მათ ხალხის შეეშინდათ და ისევ უკან გაიქცნენ. გზადაგზა ყველაფერს ამტვრევდნენ, იგინებოდნენ.  ცოტა ხნის შემდეგ ისინი უკვე შეიარაღებულები დაბრუნდნენ და მიზანმიმართული სროლა დაიწყეს.

ამან დიდი პანიკა გამოიწვია. იქ მყოფები ღვინის აღმართისკენ გაიქცნენ. მეტეხის მხარეს ტრასერები გამოჩნდა, როგორც ჩანს, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროდნენ. სროლა რომ დაიწყო, ღვინის აღმართის ქვაფენილამდე მისული ჯერ არ ვიყავი. იქით მხარეს ვიყურებოდი, საიდანაც მოდიოდნენ. ეხლა ისინი უკვე ჯგუფურად, იარაღის სროლით წამოვიდნენ.

ტყვია რომ მომხვდა, პირველი ის გავიფიქრე, ოღონდ იქ არ დავრჩე- მეთქი. ფეხში დავიჭერი, მაგრამ სიკვდილის კი არა, იმ დამამცირებელი მოპყრობის მეშინოდა, რომელიც იქ დარჩენის შემთვევაში იქნებოდა. უძლური ვიყავი. რამდენჯერმე ვიყვირე. უცნობი ბიჭები მომცვივდნენ. ორივე ძვალი გატეხილი მქონდა. ტყვია პირველ ძვალს მოხვდა, ხოლო პირველმა მეორე ძვალი გატეხა. ამას რენტგენიც ადასტურებს. ასე რომ, ვიღაცების საუბარი უბრალო მოტეხილობაზე ტყუილია. ბიჭებს ნელ-ნელა აღმართზე ავყავდი. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. უცებ მივხვდი, რომ ქვემოდან ახალი შეტევა დაიწყო, რადგან ისინი, ვისაც მივყავდი, სირბილზე გადავიდნენ. ამ ადამიანების მხრებს ჩავეჭიდე იმის შიშით, რომ ამ უსუსურ მდგომარეობაში არ დავეტოვებინე. ვცდილობდი, ხელს თუ გამიშვებდნენ თავად ჩავჭიდებოდი მათ.

ამ დროს მესმის : “ბიჭებო, მოგვეხმარეთ, დაჭრილი მოგვყავს“, და პასუხი: „ვერა, ჩვენც დაჭრილი გვყავს“. გავიხედე, ნიკა მოჰყავთ ჩემზე წინ“.

ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. ვახტანგ ინასარიძე ფიქრობს, რომ მაშინ უცნობი პატარა ბიჭი დღეს მისთვის, ალბათ, ყველაზე ახლობელი ადამიანია, ის, ვისაც მისი საუკეთესოდ ესმის...

***
19 წლის ნიკა დიდიშვილს საუბარი უფრო უჭირს. ის 7 ნოემბერს რიყეზე შემთხვევით მოხვდა. ბარათაშვილის ხიდზე ნიკა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დეიდა მერიის გვერდით კორპუსში მიაცილა.

„მთელი გზა გადატვირთული იყო. ბარათაშვილის ხიდიდან მერიამდე ფეხით ავედით, რადგან „მარშრუტკა“ იქეთ აღარ ადიოდა. სახლში სანაპიროდან ტაქსით ვაპირებდი წასვლას. რუსთაველი გადაჭედილი იყო. გარშემო „რობოკოპები“ ტრიალებდნენ, წყლის ჭავლის 2 მანქანა, სახანძროები და ხმის გამომცემი ჯიპები იდგნენ“.

გარშემო უამრავი ადამიანი იდგა. ნიკას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ხალხი დაბლა გონს მოსასვლელად, სულის მოსათქმელად ჩავიდა. ბევრი ცუდად იყო.  როგორც ჩანს, გაზი ჩაისუნთქეს.

„ბარათაშვილის ხიდზე ამბობდნენ, სამხედროები დაბლა არ ჩამოვლენო. უცბად პანიკა დაიწყო. სროლა გაისმა. კვამლიც დადგა. ყველა კიოდა, დარბოდა, ვიღაცას სცემდნენ. ღვინის აღმართისკენ გაქცევას აზრი არ ჰქონდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, რომ წაქცეულიყავი, გაგთელავდნენ“.

ნიკას თქმით, სამხედროების პირველი შეტევა ხალხმა მოიგერია. მეორედ ყვითელლაბადიანი პოლიციელები და სამხედროებმა ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებიდან  შეტევა ერთდროულად დაიწყეს.

„ბარათაშვილის ხიდიდან მომავალ სამხედროებს ხალხი რიყისკენ გაურბოდა. ტალღამ მეც თან გამიყოლა. მეტეხის ხიდის სიახლოვეს აღმოვჩნდი. ღვინის აღმართისკენ გავიქეცი. უცბად უკან რაღაც აფეთქდა და 4-5 მეტრით გადამაგდო. დაცემის მომენტი არ მახსოვს. მახსოვს, ცალ ფეხზე ვიდექი და მარცხენა ფეხის გაშლას ვცდილობდი. ორივე ფეხის უკანა მხარე მეწოდა. საშინლად მტკიოდა. ეს შემთხვევით არ იყო.  ყველას, ვინც დავიჭერით, ფეხში გვქონდა მოხვედრილი.  ფეხის ძვალი დამემსხვრა, კუნთი გაგლეჯილი მქონდა. წელს ზემოთ რომ მომხვედროდა, ცოცხალი არ დავრჩებოდი.“

 რომ დავიჭერი, ისეთ ხმაზე ვყვიროდი, ჩემს წინ გაქცეულები მობრუნდნენ. ღვინის აღმართისკენ წამიღეს. ვგრძნობდი, რამდენად უჭირდათ ჩემი ტარება. უკან მოგვსდევდნენ. უცბად ყველა შემომეფანტა. როგორც ჩანს, ხალხს შეეშინდა. მხოლოდ ერთი ადამიანი არ მცილდებოდა. ამ კაცს ხელი გადავხვიე და ასე მივდიოდით. ყვიროდა, დაჭრილია, დაგვეხმარეთო. უცხო ადამიანები მოგცვივდნენ. ღვინის აღმართთან გავჩერდით. ვიწრო ქუჩაა და მაღალი ასასვლელი. ვუთხარი, ხელი გამიშვით, აქ ვერ ავალ-მეთქი. მაგრამ ის კაცი მაინც არ მტოვებდა. ვყვიროდით „სასწრაფო“, მაგრამ სასწრაფო არსად ჩანდა.

აზროვნება არ დამიკარგავს. ვგრძნობდი, როგორ მომდიოდა სისხლი, მიხურდა ფეხები. ყურებში ზუილი მქონდა. საბედნიეროდ, ქვევიდან მანქანა ამოდიოდა. მძღოლი ყველანაირად დამეხმარა. ჩემს უკან ბატონი ვახტანგი მოჰყავდათ.  ის სხვა მანქანაში ჩასვეს.

მანქანაში თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. რობოკოპები ხომ უკვე შორს იქნებოდნენ. თუმცა ტკივილი გაუსაძლისი იყო“.

* * *
ასე აღმოჩნდნენ ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი „არამიანცის“ საავადმყოფოში. მათ შესახებ ნაცნობებმა და  ახლობლებმა  არაფერი იცოდნენ. თუმცა საავადმყოფოში სითბო და მზრუნველობა არ მოჰკლებიათ. როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებულ ყურადღებას ექიმი სიმონ დარახველიძე იჩენდა.

საავადმყოფოში კიდევ ერთი ბიჭი მოიყვანეს. ისიც საშინელ მდგომარეობაში იყო. 2 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა. უკვე ორი კვირაა, საავადმყოფოდან გაწერეს. გაწერის მიზეზი მისთვის და ოჯახის წევრებისთვის დღემდე გაურკვეველია. დიდიშვილის და ინასარიძის გაწერაც უნდოდათ, მაგრამ ისინი საავადმყოფოში დარჩენას დაჟინებით ითხოვდნენ. ერთად ყოფნა ამჯობინეს თუნდაც იმიტომ, რომ გვერდიგვერდ თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ. ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

ხელისუფლება ამბობს, რომ 7 ნოემბერს ძალოვანებმა მხოლოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაზარალებულების ჭრილობების ამსახველი ფოტოები კი ამ ნათქვამს ეჭვქვეშ აყენებს.

„არამიანცის“ საავადმყოფოს ექთანი იხსენებს, რა მდგომარეობაში მოიყვანეს ნიკა დიდიშვილი საავადმყოფოში.

„რბილი ქსოვილები ძვლამდე დანახშირებული ჰქონდა. ამიტომ ჭრილობა დანეკროზდა. ისეთი ღრმული წარმოიქმნა, რომ ექიმს დამუშავებისას, ფანრის გამოყენება უწევდა. კუნთი ერთმანეთთან რომ მიგვეახლოვებინა, სიტუაციური ნაკერი დავადეთ. პაციენტს გადახვევები დღემდე სჭირდება“.

დაზარალებულების ოთახში მათი ახლობლები იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბრის თვითმხილველები არ იყვნენ, მათთვის ამ დღის გახსენება მაინც ძალიან ძნელია. თუმცა, როგორც ნიკა დიდიშვილის დედამ აღნიშნა, ის ნანობს, რომ 7 ნოემბერს არ იყო აქციაზე. ის იხსენებს, როგორ გაიგო შვილის თავს დამტყდარი უბედურების შესახებ.

„6 საათზე ახალ ამბებს ვუყურე. იმავე წუთს დავიწყე ნერვიულობა. ნიკას დავურეკე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეუღლეს დავურეკე, ბავშვს ვერ ვეხმიანები-მეთქი. დაბნეულად მელეპარაკებოდა. ვგრძნობდი, მატყუებდა. მაშინ ვუთხარი შენთან სამსახურში მოვდივარ და ბავშვი დამახვედრე მეთქი.

სანაპიროზე რომ ვიყავი, ისევ დავურეკე და ვუთხარი, გზები გადაკეტილია. არ მომატყუო, ზუსტად მითხარი, სად მოვიდე. ბოლოს მითხრა, მაშინ „არამიანცის“ საავადმყოფოში ამოდი, ბავშვი აქ წევსო. საავადმყოფომდე გზა საუკუნის ტოლფასი გახდა. პალატაში რომ შემოვედი, დავინახე, წელსზევით ბავშვი საღია. საბანი დიდხანს არ გადავხადე. მეშინოდა, ვფიქრობდი, ფეხი ჰქონდა თუ არა.“

ამ ადამიანების მოგონებები მკვეთრია, ხელისუფლება კი 7 ნოემბრის მოვლენების მიჩქმალვას, დავიწყებას ცდილობს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ დაზარალებულების ყოველგვარ ხარჯს საკუთარ თავზე აიღებდნენ. ხარჯი დაფარეს, ხუთ-ხუთი ათასი გადაიხადეს. ახლობლები ამბობენ, რომ სამინისტროს მიერ დაფარული ხარჯების გარდა, არის უამრავი სხვა ხარჯიც. მაგალითად, ის ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც საავადმყოფოს აქვს, ძალიან სუსტია. ამიტომაც გაცილებით ძვირიანი წამლების ყიდვა უწევთ. გარდა ამისა დაზარალებულები ამბობენ, რომ სამინისტროს წარმომადგენლების დამოკიდებულება დამამცირებელი იყო.

დიდიშვილი და ინასარიძე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაჭრიდან რამდენიმე კვირაში მოინახულა. ოთახში არც შემოსულა. კარიდან ესაუბრებოდა. ამ ადამიანებისთვის დღესაც გაუგებარია, რატომ ვერ გაბედა სამინისტროს წარმომადგენელმა პალატაში შემოსვლა.

ნიკა დიდიშვილი: „ორი დაჭრილი ვიწექით, რას დავუშავებდით? გვითხრა, უბრალოდ თქვენი მდგომარეობა გვაინტერესებსო. მინისტრს ყოველდღე ვუგზავნით მესიჯებს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და სატელეფონო მესიჯებს გვანახებდა.“

საინტერესოა, რა ტიპის დემოკრატია ითვალისწინებს ხელისუფლების კადრების მიერ დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სატელეფონო მესიჯებით გადაცემას. როგორც ჩანს, ეს ჩვენი მთავრობის ნოუ-ჰაუ გახლავთ.

ამ ადამიანების ბედით დიდად არც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დაინტერესებულან. იმავე საავადმყოფოში ერთი სართულით ზევით სპეცრაზმელი იწვა. მასთან ნინო ბურჯანაძე საავადმყოფოში მოხვედრიდან მეორე დღესვე მივიდა, ერთი სართულით დაბლა ჩამოსვლა, თუნდაც გავლით, საჭიროდ არ ჩათვალა. მხოლოდ მეორე დღეს გამოგზავნა დაცვის თანამშრომლები. ნიკა ასე იხსენებს მათ „სტუმრობას“:

„მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ქალბატონ ნინოს ჩვენთან შეხვედრა სურს. ეცადეთ, შეურაცხმყოფელი საქციელებისგან თავი შეიკავოთო ამას ემოციურად შევხვდით: გუშინ დავიჭერით, ამ დღეში ვართ, ჩვენი სატკივარი გვაქვს. ამ დროს გვეუბნებიან, გაჩუმდით, მადლობა თქვით, რომ გადარჩით. თავი დაუხარეთ... გვცემეს, ღირსება შეგვილახეს, ჩვენით და ქართველი ხალხის დახმარებით ვუშველეთ თავს და კიდე ნინო ბურჯანაძეს უნდა ვუთხრათ მადლობა? ეს ჩვენთვის გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი იყო“.

სამაგიეროდ პროკურატურის თანამშრომლებს არ დააყოვნებიათ მოსვლა. საღამოს 7 საათი იყო, როდესაც ოთახში უცერემონიოდ შემოვიდნენ, დამადასტურებელი საბუთები წარუდგინეს. და დაზარალებულები დაკითხეს. მათი ჯანმრთელობით არც კი დაინტერესებულან.

ვახტანგი დაკითხვაზე დათანხმდა. ნიკამ, რადგან  თავი დაზარალებულად მიაჩნდა, დუმილის უფლება არჩია. ამაზე, იმ მოტივიტ, რომ ის „მოწმე იყო“, უარი განუცხადეს.

ჯული ბერია: „მაშინ ვუთხარი, ადვოკატებს დავურეკავ-მეთქი. პროკურორმა მითხრა, დარეკვიდან ერთ საათში თუ არ მოვლენ, დავკითხავთო. რა მექნა, გოგა ხაინდრავას დავურეკე, ავუხსენი მდგომარეობა. 20 წუთში ადვოკატები აქ იყვნენ“.

 

გაგრძელება

 

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები