კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საახალწლო ნობათი – დაცინვა თუ წყალობა

26 დეკემბერი, 2007

ქალაქ ახალციხეში სოციალურად დაუცველ ფენებს ნაციონალურმა მოძრაობამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა, მაგრამ ბევრი მარტოხელა მოხუცი ნობათის გარეშე დარჩა. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენებს მიეკუთვნებიან, ამ რამდენიმე დღის წინ კარზე დარეკილმა ზარმა და უცხო სტუმრის გამოჩენამ სასიამოვნოდ გააოცა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებს პრეზიდენტის საახალწლო საჩუქარი მოქალაქეებთან სახლებში მიჰქონდათ. 

ნობათში შედიოდა: ორი კილოგრამი ბრინჯი, ორი კილოგრამი შაქარი, ერთი ქილა შესქელებული რძე, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი ბოთლი ღვინო, მანდარინი, ვაშლი და კანფეტი.

ენძელა მურადოვა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საჩუქარი მიიღო და კმაყოფილია: „პასილკა“ სახლში მომიტანეს. ცოტა რამ იყო, მაგრამ მაინც კარგია, რომ ვახსოვართ. ამ ღვინით ახალ წელს შევხვდები“(სტილი დაცულია).

საჩუქრის მიღებით კმაყოფილება არ ემჩნევა ოფელია გოგოლაძეს.

,,25 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს. მთელი ცხოვრება იმიტომ ვიმუშავე, რომ სიბერეში დასვენებული ვყოფილიყავი, როგორ ფიქრობთ გამიხარდა ახლა ეს წყალობა? ასეთი საჩუქარი მე არ მჭირდება! ეს დაცინვაა!”, - აღშფოთებული საუბრობს 71 წლის ოფელია გოგოლაძე.

საახალწლო სუფრას მანუშაქ ნერსესიანიც გააწყობს. მცირეოდენი ნობათი მარტოხელა მოხუცისთვის საკმარისი აღმოჩნდა: „მანდარინი და ტკბილეული ახალი წლისთვის შევინახე. ახლა შაქარი მაქვს და ჩაისაც დავლევ ხოლმე“.

ასია ინჯოიანი, ონიკ აროიანი, ეკატერინე გიქოშვილი, არაქსი ბალოიანი, კატარინე აკოფიანი - ეს ის მოხუცები არიან, რომლებიც საჩუქარს დღემდე ამაოდ ელიან. მათ ვერ გაარკვიეს, ვის და სად მიმართონ, როგორმე იმ „რაღაც სიაში“ რომ მოხვდნენ და ამანათი მიიღონ.

„რუსთაველის 99-ში ვცხოვრობ“, - უკვე მერამდენედ გვიმეორებს მისამართს მურად ინჯოიანი იმ იმედით, რომ ჩვენ მას სიაში მოხვედრაში დავეხმარებით და საჩუქარსაც მიუტანენ.

„ჩვენს უბანში ყოფილან, ორ-სამ ოჯახს მიუღია ნობათი. მაგრამ მე ვერ მივიღე. თაყაიშვილის 4 ნომერში ვცხოვრობ, მარტოხელა ვარ“, - ამბობს ონიკ აროიანი.

მოხუცებს მაშინ შევხვდით, როდესაც ისინი უფასო სასადილოში სადილს ელოდნენ და ცდილობდნენ, თანამშრომლებთან მაინც გაერკვიათ, მოხვდებოდა თუ არა მათ საახალწლო სუფრაზე კანფეტი, მანდარინი და ერთი ბოთლი ღვინო.

უფასო სასადილოს თანამშრომლის მარინა გიქოშვილის თქმით, ამჟამად აქ საკვებად 175 სოციალურად დაუცველი ადამიანი დადის, თუმცა მისთვის უცნობია, მათგან საჩუქარი ვინ მიიღო: „ჩვენთვის სიები არავის მოუთხოვია და არც ის ვიცით, ვინ და რატომ ვერ მიიღო საჩუქარი“.

მართალია, საჩუქარს ნაციონალური მოძრაობა არიგებდა, მაგრამ არც ნობათის შემადგენლობის, არც სიებისა და არც შერჩევის კრიტერიუმების შესახებ არაფერი იცის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ მარინე სუდაძემ: „სიები ნანახი არ მაქვს, თუმცა საქმის კურსში ვარ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პრეზიდენტის საჩუქარი რიგდება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ნობათი ჩამოსულია კონკრეტული პირებისთვის, კონკრეტულ მისამართებზე“.

სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის პაპუნა ხაჩიძის თქმით, საჩუქარი ყველა იმ პირმა მიიღო, ვინც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში შედის და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის რაიონული განყოფილების მიერ შედგენილ სიებშია დაფიქსირებული.
 
„ეს იყო პრეზიდენტის წინასაახალწლო საჩუქარი სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისათვის. შესაბამისად, სოციალურად გაჭირვებული ოჯახების კატეგორია სუბსიდიების სააგენტოს დადგენილი წესით შეირჩა. სიაც მათ მიერაა მიწოდებული. როდინდელია -  ეს სააგენტოში უნდა იკითხოთ“, - ამბობს პაპუნა ხაჩიძე. 

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსის ციური მაისურაძის თქმით, მათთვის სიები არავის მოუთხოვია.
„სიღატაკის პროგრამაში ის მოქალაქეები არიან, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 000-ზე ნაკლები საოჯახო ქულა. მონაცემები გვაქვს, მაგრამ არავის მოუთხოვია. მოდიან მოქალაქეები პრეტენზიებით, თუმცა ჩვენ არაფერ შუაში ვართ“, - ამბობს სააგენტოს უფროსი.

მარინა სუდაძე იმედოვნებს, რომ საჩუქრის გარეშე არავინ დარჩება და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აღნიშნული საჩუქარი ვერ მიიღეს, შესაძლოა, სხვა რამ იყოს გათვლილი.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები