კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდა

9 იანვარი, 2008

კახეთში, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი 8 იანვარს, საღამოს გურჯაანში მოხდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები, საოლქო საარჩევნო კომისიისგან რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი სწორედ ამ დროს ცემეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების განცხადებით, კახეთის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა.

"რომელ საარჩევნო უბანზეც საშუალება მოგვეცა, არჩევნების დღეს საჩივრები ადგილზევე დავწერეთ. სადაც ეს ვერ მოვახერხეთ, საუბნო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობის და კომისიაში წარმოდგენილი ნაციონალების  ზეწოლისა და ხელშეშლის გამო, კანონით დადგენილ ვადაში საჩივრებით მივმართეთ საოლქო - საარჩევნო კომისიებს. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გვქონდა ინფორმაცია, როდის განიხილავდა საოლქო - საარჩევნო კომისია საჩივრებს. სხდომაზე მოულოდნელად აღმოჩნდა ერთ-ერთი დამკვირვებელი და შემდეგ სხვებს გააგებინა. #12 გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიისგან მოვითხოვდით რამდენიმე საუბნო - საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შედეგების გაუქმებას. საჩივრების განხილვის დროს იგივე მოთხოვნით გამოვიდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბიჭიკო მაისურაძე. კომისიის კიდევ ერთმა წევრმა ზურაბ დანელიშვილმა კი რამდენიმე უბანში არსებული დარღვევების და გაყალბების ფაქტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. ამან კომისიის თავმჯდომარე ნატო ბეგაშვილი, რომელიც კომისიის ამ წევრებს, სიტყვის დამთავრების საშუალებას არ აძლევდა, გააღიზიანა. მან კომისიის სხდომა 2 საათით გადადო"- ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი.

სხდომის განახლებამდე კომისიის თავმჯდომარე განცალკევებულ ოთახში ჩაიკეტა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ხევიაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათი წასვლიდან 10 წუთში, ბეგაშვილმა კომისიის თითოეული წევრი სათითაოდ გამოიძახა ოთახში, გარდა ზურაბ დანელიშვილისა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისთვის 5 იანვარსვე იყო ცნობილი, რომ დანელიშვილი, რომელიც უპარტიოა, ოლქში არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებს აპროტესტებდა. ამიტომ, მას არაერთხელ დაუკავშირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, პარლამენტის წევრი იოსებ კარდენახიშვილი, რეგიონის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლები, ახლობლებიც მიუგზავნეს და გაჩუმება მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. აღსაშნავია, რომ დანელიშვილს 19 წლის ბიჭისთვის ნარკოტიკის ჩადებითაც დაემუქრნენ.

ზურაბ დანელიშვილი ადასტურებს, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით.

"კარდენახის 33-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 934 - მა ამომრჩეველმა. გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების საერთო რაოდენობა კი არის 808. 126 ბიულეტენი არ ჩანს. ჩალაუბნის საუბნო - საარჩევნო კომისიას ბათილად აქვს ცნობილი ამომრჩეველთა ხმების 30%, ანუ 111 ბიულეტენი, რაც ასევე ეჭვს იწვევს. ვვარაუდობ, რომ მონაცემები გააყალბეს ველისციხის და ვაჩნაძეანის საარჩევნო უბნებშიც. როგორც საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრს სრული უფლება მაქვს, ჩემი აზრი გამოვთქვა სხდომაზე და მოვითხოვო მონაცემების გადამოწმება, დავეთანხმო ან არ დავეთანხმო კომისიის დანარჩენი წევრების მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებს. მიუხედავად ამისა, ხედავთ რაც ხდება"- აღნიშნა ზურაბ დანელიშვილმა.

საოლქო - საარჩევნო კომისიის სხდომა, შეწყვეტიდან 3 საათის შემდეგ, დამკვირვებლების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ განახლდა. სხდომის გაგრძელებისთანავე კომისიის თავმჯდომარე ნატო ბეგაშვილი, რომელიც შესვენების დროს ხმამაღლა ტიროდა, კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ის არ აძლევდა საშუალებას კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს გამოეთქვათ შენიშვნები.

"ბუნებრივია ბეგაშვილის ტერორს პროტესტი გამოვუცხადეთ და კატეგორიულად მოვითხოვდით, სხდომის ოქმში ასახული ყოფილიყო ჩვენი პრეტენზიები, თავმჯდომარის უკანონო მოქმედებების შესახებ. ამან კომისიის თავმჯდომარე საერთოდ მდგომარეობიდან გამოიყვანა. კომისიის წევრის ზურაბ დანელიშვილის მოთხოვნაზე, რომ მიეცათ მისთვის მოსაზრების გამოთქმის საშუალება, ბეგაშვილმა პოლიცია გამოიძახა"- - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" კახეთის რეგიონული კოორდინატორი ნანა დევიძე.

პოლიციის თანამშრომლები სხდომის ოთახში დაძახებისთანავე შევარდნენ. ბეგაშვილმა მათ მითითება მისცა პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის წარმომადგენელი დავით ნიკოლაშვილი და სხვა დამკვირვებლები გარეთ გაეყვანათ. სხდომაზე მყოფმა ყველა დამკვირვებელმა პროტესტი გამოთქვა, რასაც პოლიციის თანამშრომლებმა, შს გურჯაანის სამმართველოს უფროსის შოთა ბეჟანიშვილის ხელმძღვანელობით, ძალადობით უპასუხეს. სამართალდამცავები პირდაპირ ურტყავდნენ დამკვირვებლებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მათ მოღალატეებს უწოდებდნენ.

"ვერ გეტყვით ეს რა იყო. კომისიის თავმჯდომარე თავად იყო ზეწოლის ქვეშ და სხვებსაც ატერორებდა. ზეწოლის შედეგად თავმჯდომარის მოადგილემ ბიჭიკო მაისურაძემ მოთხოვნაც შეცვალა და უკანონობებს პირდაპირ დაემორჩილა. სხდომა სანამ შეწყვეტილი იყო, ბეგაშვილმა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები ჩაასწორა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შევიტანთ და გამოძიების დაწყებას მოვითხოვთ. ასევე უნდა დაისაჯონ ის პოლიციელებიც, რომლებმაც დამკვირვებლები ცემეს"- განაცხადა ლია ხუროშვილმა.
მომხდარით უკვე დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენის ოფისმა მოკვლევა დაიწყო.

დაზარალებულები რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოითხოვენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები