კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს ახალ წელს ულოცავს

15 იანვარი, 2008
11 იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები უახლოეს დღეებში აფხაზეთში გაიგზავნება.

აქცია ტარდება ,,ბოდიშის კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ცენტრმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. ,,ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი“, - ეს არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი. ,,ბოდიშის კამპანია“ არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ორ ხალხს შორის ურთიერთობა უფრო ადამიანური გახდეს.
 
უჩა ნანუაშვილი: „ჩვენ გადავწყვიტეთ ორიგინალური ფორმით მიგველოცა ახალი წელი. ერთ დროს აფხაზი ხალხი ჩვენი ნაწილი იყო. ომის შემდეგ 15 წელიწადზე მეტი გავიდა, მათთან კავშირი გაწყვეტილი გვაქვს. რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით, ძირითადად კულტურის მოღვაწეებს. ეს იდეა მათაც მოეწონათ. გვინდა აფხაზ ხალს მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ის გვიყვარს და გვახსოვს. გვინდა, რომ მათაც ისევე მივულოცოთ ახალი წელი, როგორც ვულოცავთ ახლობლებს და მეგობრებს და მშვიდობა ვუსურვოთ“.

საახალწლო ნაძვის ხე  გლდანის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში დაიდგა. ცენტრის თანამშრომლებმა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა საახალწლო ნაძვის ხე საზოგადოებრივი მოღვაწეების მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით მორთეს.

საახალწლო ბარათები განსხვავებული შინაარსის იყო, თუმცა ყველას საერთო მიზანი ჰქონდა, გააგებინოს აფხაზ ხალხს, რომ ისინი აქ უყვართ და ენატრებათ.

,,ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ,  2008 წელს.
კეთილი სურვილებით ანსამბლ ,,ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი“.

,,ჩემო აფხაზო დებო და ძმებო,  ბევრი რამ გადავიტანეთ და ეს დაპირისპირება უნდა დამთავრდეს! ცხოვრება მეტად ხანმოკლეა და ღმერთი ყველას დასჯის, ვინც  დამნაშავეა და ვინც უცოდველია მისკენ ხელს გაიწვდის. 1993 წელს ჩვენ ,,თეთრი მანდილის“ ქალბატონებმა ხელი გამოგიწოდეთ. სხვამ სხვაგვარად წაიყვანა ჩვენი ცხოვრება.  დავამთავროთ ეს დაპირისპირება. გილოცავთ ახალ წელს, იმედით მოვნახოთ ერთმანეთი! "
ქეთი დოლიძე, რეჟისორი.

,,გილოცავთ ახალ წელს!!! იმედი მაქვს, რომ 2009 წელს ერთად შევხვდებით.
აჩიკო გულედანი, მუსიკოსი“.

,,აფხაზ ბავშვებს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ბედნიერებას!
ვახუშტი კოტეტიშვილი, მწერალი“.

,,ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ჩემი დიდი სიყვარული თქვენდამი,  ის წლები, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ ჭირსა თუ ლხინში მაძლევს იმის უფლებას, რომ ახალი წელი მთელი გულით მოგილოცოთ.  გისურვებთ, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს! იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ ერთმანეთს. მახსოვხართ, მიყვარხართ და მენატრებით.
თქვენი ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი“...

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა თოფურია აღნიშნავს, რომ დღეს აფხაზები ქართველებში მხოლოდ მტრებს ხედავენ და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ქართველი შეიძლება იყოს მშვიდობის მოსურნე,  რომ ქართველს შეიძლება არ უნდოდეს შურისძიება.

“ხალხი, რომელიც ენგურს გაღმა დარჩა, ჩვენ უბრალოდ აღარ გვიცნობს, შესაბამისად, მათ ჩვენი ნდობაც არა აქვთ.  ამ ნდობის აღდგენის მიზნით ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაწვდინოთ მათ ხმა, დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი, რომ ჩვენთვის აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორია კი არა აფხაზი ხალხიცაა, რომლებსაც უნდა შევეჩვიოთ და უნდა შეგვეჩვიონ“.

ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ქეთინო კობალაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია: „ასეთი აქციები თუ ხშირად გაიმართება, ძალიან კარგი იქნება. ამ აქციის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე, შევთავაზე ჩვენი დარბაზი. მართალია, აქ ბავშვებმა არ იციან აფხაზეთის ომის შესახებ, მაგრამ მათ ძალიან უხარიათ სტუმრების მოსვლა. თუ ერთი აფხაზი ან იქ მცხოვრები ქართველი მაინც გაიგებს, რომ მათთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, ძალიან გვიყვარს და გვენატრება იქაურობა, ამაზე კარგი საახალწლოდ არაფერი იქნება“.

აფხაზებს ახალ წელს ასევე მამუკა ლომაშვილის სტუდიის „სახლი თეატრში“ ბავშვებიც ულოცავდნენ. სტუმრებისთვის მცირე სპექტაკლიც დადგეს.

სტუდია „სახლი თეატრში“ ხელმძღვანელის, მამუკა ლომაშვილის  აზრით, კარგია, რომ აფხაზ ბავშვებს ახალ წელს სწორედ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრიდან ულოცავენ. „ეს უფრო ამაღელვებელია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ცენტრებთან ურთიერთობა, ასევე იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც აფხაზეთში არიან. ჩვენი სტუდია „სახლი თეატრში“ ყოველთვის ვმეგობრობთ ასეთ ცენტრებთან და ერთობლივ პროექტებსაც ვაკეთებთ“.

იმედია, ასეთი ტიპის აქციებს  სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაატარებენ. ის ფაქტი, რომ ერთი აფხაზი მაინც გაიგებს, რომ საქართველოში კეთილის მოსურნე ადამიანები ცხოვრობენ, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აფხაზეთის დაბრუნება კი სწორედ ასეთი ნაბიჯებით იქნება შესაძლებელი.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები