კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინაუგურაციისთვის ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავთ

18 იანვარი, 2008
მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისათვის რეგიონებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზაცია დაიწყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამის შესახებ მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შესაბამისი დავალებები პრეზიდენტის რწმუნებულებისგან მიიღეს. 20 იანვარს თბილისში ინაუგურაციაზე დასწრების აუცილებლობის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს რეზერვისტებმა და საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილეებმაც.

„გამგეობიდან დაურეკეს ჩვენს კოორდინატორს და უთხრეს, რომ 19 იანვარს ყველამ თავი უნდა მოვიყაროთ რაიონული გამგეობის შენობის წინ. სწორედ ამ ადგილზე დაგვხვდება მანქანები, რომლითაც თბილისში წავალთ და შემდეგ, გვიან საღამოს ისევ უკან დავბრუნდებით.

- თბილისში რატომ მიდიხართ, მიზეზი არ განუმარტავთ?

- როგორც ვიცი, პარლამენტის შენობის წინ უნდა შევიკრიბოთ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. შემდეგ ღონისძიებებს უნდა დავესწროთ. იცით, რა, სიმართლე გითხრათ, მე პირადად უკვე მომბეზრდა აქეთ-იქით სიარული. წინასაარჩევნოდ სააკაშვილი ყვარელში იყო და ყველანი იქ წაგვიყვანეს. თან მოძველებული ავტობუსებით გვამგზავრეს, რომელსაც გათბობა არ ჰქონდა. გავიყინეთ ბავშვები. მერე სიღნაღში დაგვარბენინებდნენ, ახლა თბილისშიო. რომ არ წავიდე, ვერ გეტყვით რა მოხდება. რამე პრობლემა რომ შემექმნას?“,- კითხულობს თამარ გულხადარაშვილი.

უნდათ თუ არ უნდათ, სააკაშვილის ინაუგურაციისათვის თბილისში უნდა ჩავიდნენ რეზერვისტებიც. „ტელეფონით დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ 19 იანვარს, გამთენიისას, თელავში, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შევიკრიბოთ. ტრანსპორტის საკითხი გადაწყვეტილი იქნება. მონაწილეობა უნდა მივიღოთ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებებში. ნაბრძანებია, ყველამ ის ახალი სამხედრო ფორმა ჩავიცვათ, რომელიც დაახლოებით ერთი თვიოს წინ გადმოგვცეს“, - აღნიშნა შაქრიანის რეზერვისტთა ბატალიონის ერთ-ერთმა რეზერვისტმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა საჯაროდ არ გაგვემჟღავნებინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ოფისში არ უარყოფენ, რომ ინაუგურაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანებიც დაესწრებიან. „ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია თბილისში წასვლა და ინაუგურაციაზე დასწრება. მათ შორის რა თქმა უნდა აუცილებლად იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები. რაც შეეხება რეზერვისტებისა და პატრიოტების ტრანსპორტირებას, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა მმართველი პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბაადურ გულიაშვილმა.

ჩვენ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით ავტოსატრანსპორტო საწარმოს რამდენიმე მძღოლს. მათთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ინაუგურაციისათვის, ერთი რაიონიდან, მინიმუმ 10 ავტობუსით მაინც მოხდება ხალხის თბილისში გადაყვანა.

„ავტოსატრონსპორტო საწარმოს ხელმძღვანელებმა გვთხოვეს, 20 იანვარს დილით, გურჯაანიდან თბილისში ხალხის უფასოდ გადაყვანა. თავის მხრივ მათ ასეთი დავალება გამგებლებიდან მიიღეს. მომსახურების ფულს არ გვიხდიან, მხოლოდ საჭირო საწვავით უზრუნველყოფას დაგვპირდნენ“, - განაცხადა გიორგი მარკოზაშვილმა.

ამ საკითხის შესახებ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა კომენტარი არ გააკეთეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები