კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები -„ნებაყოფლობითი ტრეფიკინგის მსხვერპლები“

23 იანვარი, 2008

„საქართველოში ყველაზე მეტად ჟურნალისტების უფლებები ირღვევა“, - აცხადებენ ჟურნალისტები და იურისტები. წლების მანძილზე ჟურნალისტებს ისე უწევთ მუშაობა, რომ გამომცემლებთან არც ხელშეკრულება და არც სხვა იურიდიული დოკუმენტი  არ აკავშირებთ. სწორედ ამიტომ, დამსაქმებელი ჟურნალისტს ხშირად ისე ექცევა, როგორც მას მოესურვება.

ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჟურნალისტთა პროფკავშირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„პროფკავშირი  ხელს შეუწყობს ჟურნალისტთა თავისუფლებას,  პასუხს გასცემს ჟურნალისტებისადმი საზოგადოების ყველა ფენის პრეტენზიებს, დაამკვიდრებს სოლიდარობას მედიაში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ჟურნალისტი ნინო ლოლაძე მიესალმება ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივას. როგორც თავად ამბობს, მასაც უნდოდა მსგავსი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ჟურნალისტთა უფლებებს დაიცავდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ირკვევა, ჟურნალისტების უფლებები სხვა პროფესიების წარმომადგენელთა უფლებებზე მეტად ირღვევა.

„ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ სხვის უფლებებს, ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, პირველ რიგში, გამომცემლებთან. არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება, ჟურნალისტები კი ამ ხელშეკრულების გაფორმებას ვერ ითხოვენ. ყველა გაჩუმებულია. როდესაც შრომითი ხელშეკრულება არ არსებობს, გამომცემლების მიერ ჟურნალისტების „გადაგდება“ ხდება. ჟურნალისტებს მათ კუთვნილ ხელფასებს და ჰონორარებს არც კი უხდიან, ამის დამტკიცება კი მათ არ შეუძლიათ. სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან უბრალოდ ვერაფერს დაამტკიცებენ“.

ნინო ლოლაძე ჟურნალისტების დღევანდელ საქმიანობას ტრეფიკინგს უწოდებს, „დღეს საქართველოში ჟურნალისტები ტრეფიკინგის მსხვერპლები ვართ, ამას ნებაყოფლობით ტრეფიკინგს ვუწოდებთ“.

ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის აზრით, პროფკავშირების შექმნის საკანონმდებლო აუცილებლობა არ არის. თუმცა სასურველია, რომ ჟურნალისტები საკუთარ უფლებებს იცავდნენ. მისი აზრით, პრობლემა შრომის კოდექსშია, რომელიც დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობებს არეგულირებს. ამ კოდექსზე დაყრდნობით, თანამშრომლის განთავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება. ადამიანი ნებისმიერ სამუშაოზე დაუცველია. ამ თვალსაზრისით კარგი იქნებოდა პროფკავშირის შექმნა“.

ჟურნალისტი თეა თოფურია უკვე 10 წელიწადია პრესაში მუშაობს. მას ერთი გაზეთიდან მეორეში გადასვლა უწევდა, საკუთარი უფლებების დაუცველობის პრობლემა თეა თოფურიას ყოველთვის თან სდევდა.

„ჟურნალისტი თავის გამომცემელთან ყოველთვის დაუცველი იყო და თავისი უფლებების მტკიცება უწევდა. ხშირად ჟურნალისტს ან არ აძლევდნენ ხელფასს, ან ძალიან უგვიანებდნენ. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როდესაც მთელი კოლექტივი დავუბარებივართ თათბირზე და უთქვამთ: ხელფასი დაგვიანდება 1-2 თვით ან კიდევ გაურკვეველი ვადით. თუ თქვენ ეს არ  მოგწონთ, მაშინ წადით და 2 საათში სხვა თანამშრომელი გვეყოლება. გამომცემლები ჟურნალისტებს ყოველთვის კატეგორიული ტონით ელაპარაკებოდნენ. მიზეზი მარტივია, ჟურნალისტებს არ იცავდა არანაირი შეთანხმება, გარდა ზეპირი შეთანხმებისა.

როდესაც ერთ-ერთ გამომცემელს სასამართლოში ვუჩივლეთ, გაგვიჭირდა იმის მტკიცება, რომ მართლა ვიყავით ამ გაზეთის თანამშრომლები, ზოგიერთს იმის მტკიცებაც უჭირდა, რომ სტატიების ავტორი იყო, რადგან ფსევდონიმით წერდა. პროფკავშირი აიძულებს რედაქტორს, რომ ხელშეკრულებები დადოს, ანუ გამომცემელზეა ზეწოლა. პროფკავშირს რედაქციაში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. თუ რედაქციის თანამშრომლების ნახევარი მაინც გაწევრიანებული იქნება პროფკავშირში, ეს უკვე ძალაა. იყო შემთხვევები, როდესაც მთელი რედაქცია იფიცებოდა. მაშინ  ჩვენს უკან არავინ იდგა“.

თეა თოფურიამ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ამ პრობლემასთან დაკავშირებით  იურისტებს მიმართა. იურისტებმა ურჩიეს, რომ ისეთი ორგანო შეექმნათ, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს დაიცავდა. ამ ორგანოს მეშვეობით შესაძლებელი იქნება გამომცემლებზე ზეწოლის მოხდენა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელთან, ლია მუხაშავრიასთან ჟურნალისტები კონსულტაციისთვის ხშირად მიდიან. ამიტომ ის ჟურნალისტების და გამომცემლების შრომით ურთიერთობების სამზარეულოში კარგად არის ჩახედული. 

„ჩემი აზრით, ჟურნალისტების დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის მხარდასაჭერად, პირველ რიგში, აუცილებელია, მათი შრომითი უფლებების და გარანტიების უზრუნველყოფა.  ეს კი შესაძლებელია მხოლოდ პროფკავშირების მხარდაჭერით.

პროფკავშირებს უზარმაზარი ბერკეტები აქვს. პირველ რიგში, თავისი წევრებისთვის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა შეუძლია, ანუ ადმინისტრაციამ უნდა დადოს ხელშეკრულება, რომელიც პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას გულისხმობს, ეს არის სამუშაო დროის ხანგრძლივობა , შვებულება, ავადმყოფობის ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება და სხვა უამრავი წვრილმანი, რომელიც დამსაქმებელთან ჩვენს ურთიერთობას განსაზღვრავს. თუ ეს მხარე იქნება უზრუნველყოფილი და ჟურნალისტს ნებისმიერ მომენტში არ ეტყვიან, რომ ის განთავისუფლებულია, თუ მისი ხელფასი და შრომითი ანაზღაურება იქნება გარანტირებული, მაშინ, ბუნებრივია, შეგვიძლია ვილაპარაკოთ პროფესიონალთა დამოუკიდებელ საქმიანობაზე.

დაინტერესებული ვარ, რომ ჟურნალისტი იყოს დამოუკიდებელი და თავის პროფესიულ მოვალეობას ზუსტად და ზედმიწევნით ასრულებდეს. ის კონტრაქტის პირობებით უნდა იყოს დაცული. ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ჟურნალისტზე გავლენის მოხდენა არ შეეძლება. ეს იდეა 3-4 წლის წინ გავუზიარე ჟურნალისტებს. ყოველთვის ვეუბნებოდი , რომ დაგეხმარებით, თუ გადაწყვეტთ პროფკავშირის შექმნას. საჭიროა ასი დამფუძნებელი, მე მოგიმზადებთ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო და მოგეხმარებით, რომ პირველ ეტაპზე სწორად და გამართულად აწარმოოთ საქმე“.

თეა თოფურიას აზრით, მნიშვნელოვანია ისიც,  როგორი იქნება პროფკავშირი, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, რამდენად იქნება მონდომებული, რომ საქმე აკეთოს.

„თუ პროფკავშირს ნამდვილი ჟურნალისტური ბირთვი არ შექმნის, ანუ ის ჟურნალისტები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, პროფკავშირის შექმნაზე შეიძლება სახელისუფლებო ძალებმა იზრუნონ. ამ ნიშას თუ ისინი დაიკავებენ, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები პროფკავშირს აღარ დააფინანსებენ იმ არგუმენტით, რომ ერთი უკვე არსებობს. ჟურნალისტები კი პროფკავშირს საკუთარი ჯიბით ვერ შეინახავენ“.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები