კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვალიდები ქუჩაში გამოდიან

28 იანვარი, 2008

საქართველოში, ათიათასობით შრომისუუნარო ინვალიდი პენსიის გარეშეა დარჩენილი. შაქრიანი დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ფსიქო-ნევროლოგიური, ღვიძლის ციროზის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს, პენსია გასული წლის მაისიდან მოეხსნათ. "შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის განსაზღვრის წესში", ცვლილება, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანებით შევიდა. ამავე დროს, გაუქმდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის რეგიონული ბიუროებიც.

მას შემდეგ სოციალური სუბსიდიების სააგენტო, პენსიას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე ნიშნავს, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი პროფილის ან სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას, მთელი რიგი გამოკვლევების გათვალისწინებით.

მანამდე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხს (ინვალიდობის ჯგუფს), მკურნალი ექიმის მიერ შევსებული შესაბამისი ფორმის მიხედვით საზღვრავდნენ, რის შემდეგაც ინვალიდებს პენსია ენიშნებოდათ.

"ამჟამად, ჩვენთან შემოდის როგორც ადგილობრივი საავადმყოფოს და პოლიკლინიკა-ამბულატორიული გაერთიანების, ასევე თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები. სოციალური სუბსიდიების სააგენტო, მოქალაქის ქმედუნარიანობის სტატუსის გადამოწმებას არ ახდენს. ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით წარმოდგენილ საბუთებს", - აღნიშნავს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელი ხათუნა პაპუნაშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, გურჯაანის რაიონში პენსია 1070 ავადმყოფს შეუწყდა. აქედან, მხოლოდ 149 ადამიანმა შეძლო პენსიის აღდგენა.

"დიდი ხანია რაც გულის არითმიით, იშემიით, ტახიკარდიით და სხვა მძიმე დაავადებებით ვარ ავად. ამიტომ ინვალიდობის ჯგუფი მომანიჭეს, რომლის საფუძველზეც წლების მანძილზე პენსიას ვიღებდი. თანხა ძალიან ცოტა იყო, მედიკამენტების შესაძენადაც არ მყოფნიდა, მაგრამ გასული წლის მაისიდან საერთოდ ვეღარ ვიღებ. ის დაავადება რაც თქვენ გაქვთ, პენსიის დანიშვნას აღარ ითვალისწინებსო, მითხრეს, თუმცა ინვალიდის სტატუსი ისევ მაქვს. უკვე რვა თვეა, რაც ვერ ვმკურნალობ, ფინანსური საშუალება არ მაქვს, რამაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააურესა", - ამბობს 57 წლის ქეთევან პაპოშვილი.

პენსიის აღსადგენად საჭირო სამედიცინო დოკუმენტის მისაღებად, ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა ინვალიდმა კარლო ჯობინაშვილმაც.

"პენსია რომ შემიწყდა, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოს მივაკითხე. გასინჯვის შემდეგ ექიმმა მითხრა, მართალია ერთი ფეხი არ გაქვს, ინვალიდი ხარ, მაგრამ ცნობა რომ გავცეთ, რომლითაც პენსია დაგენიშნებოდა, არცერთი ფეხი არ უნდა გქონდესო. ასეთია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება და რა ვქნათო",- იხსენებს ჯობინაშვილი.

კიდევ ერთი ინვალიდის, მედეა ელიკაშვილის თქმით, პენსიის შეწყვეტის შემდეგ სტაციონარს მანაც მიმართა. შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტებიც მიიღო და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარუდგინა. მძიმე ფორმის ონკოლოგიური დაავადების მიუხედავად, ინვალიდს პენსიის გაგრძელებაზე უარი უთხრეს.

"ავთვისიებიანი სიმსივნე მაქვს. ოპერაცია 2005 წელს გავიკეთე. მაშინ თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრიდან სპეციალური ფორმა მომცეს, რომლის მიხედვითაც ინვალიდობის პენსია დამენიშნა. ფულს ვაგროვებდი ხოლმე. წელიწადში ორჯერ, რაიონიდან თბილისში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში ჩავდიოდი მკურნალობის გასავლელად, სიცოცხლე ცოტათი მაინც რომ გამეხანგრძლივებინა. 2007 წლის მაისიდან ექიმთან საერთოდ აღარ ვყოფილვარ. არც ფული მაქვს და არც უფასო სამედიცინო დახმარების ბარათი. ვხედავ, რომ ჯანმრთელობა მიუარესდება, მაგრამ რა ვქნა. სახლში რაც მქონდა, ყველაფერი მანამდე გავყიდე, სანამ ოპერაციას გავიკეთებდი. სახლიც რომ გავყიდო, სად წავიდე?.. იმ იმედით ვარ, იქნებ მთავრობას არჩევნების შემდეგ მაინც გავახსენდეთ", - აღნიშნავს ქალბატონი.

როგორც შპს "პოლიკლინიკა-ამბულატორიული გაერთიანების" დირექტორი სოფიო ქუმსიაშვილი განმარტავს, დაავადებათა ნუსხა, რომლის საფუძველზეც ინვალიდები პენსიას იღებდნენ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის, ლადო ჭიპაშვილის 2007 წლის თებერვლის ბრძანებით შეიკვეცა. შესაძლებლობების შეზღუდვის ჩამონათვალიდან ამოიღეს ისეთი მძიმე და გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი, შაქრიანი დიაბეტი, რევმატიზმი, დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ბევრი სხვა ნოზოლოგია.

"ცვლილებამდე დაავადებათა ნუსხა საკმაოდ ბევრ ნოზოლოგიას მოიცავდა. ცვლილების შემდეგ ათასობით მოქალაქეს ინვალიდობის სტატუსი შეუნარჩუნდა, მაგრამ პენსიის დანიშვნის საფუძველს ინვალიდობის ყველა ჯგუფი აღარ წარმოადგენს. მაგალითად, ზომიერად გამოხატული დაავადება, იგივე მესამე ჯგუფი, როგორც სტატუსი, არსებობს, მაგრამ ამ კატეგორიის ავადმყოფი პენსიას ვეღარ იღებს", - აცხადებს ქუმსიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინვალიდთა კავშირის" ცნობით, პენსიები ისეთი კატეგორიის ავადმყოფებს შეუნარჩუნდათ, რომლებიც მომაკვდავ ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. "მართალია "სიღარიბის დაძლევის პროგრამა" მოქმედებს, მაგრამ ამ პროგრამაში, სხვადასხვა მიზეზით, ბევრი უმწეო ვერ მოხვდა. ამან ინვალიდების ყოფა ძალიან გააუარესა", - მიიჩნევს "ინვალიდთა კავშირის" ხელმძღვანელი გულიკო როსტოშვილი.

კანონის თანახმად, შესაძლებლობების შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა, რაც განაპირობებს ქმედუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც უნდა ხდებოდეს საჭირო სოციალური დაცვა.

პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, ინვალიდები, უახლოეს დღეებში საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლები კახეთიდან დაიწყება და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

"თითქმის ყოველდღიურად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც იღებდნენ ინვალიდობის პენსიას და უკვე რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უმრავლესობას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით პენსია ეკუთვნის. თუმცა მის დანიშვნას ან გაგრძელებას ვერ ახერხებენ, სახელმწიფო სამსახურებში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გამო. როგორც ვიცით, სწორედ ამავე მიზეზებით იყო განპირობებული ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინიტრის ჭიპაშვილის მიერ ხსენებული ბრძანების გამოცემა. მაშინ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ უამრავ მოქალაქეს პენსია დარღვევით ჰქონდა დანიშნული. არ შეიძლება ვიღაცის მოსაზრებას და კორუფციულ გარიგებებს შეეწიროს ათიათასობით ინვალიდის უფლებები და სიცოცხლეც კი.
საპროტესტო გამოსვლებით ინვალიდები მოითხოვენ, ხელისუფლებამ გადახედოს "შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს" და დაცული იყოს მათი უფლებები", - აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი ლია ხუროშვილი.

ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად, მარტო კახეთის რეგიონში 236 ადამიანი გარდაიცვალა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები