კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზემო ბოდბის პედაგოგი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს

14 თებერვალი, 2008

 
 ნესტან ლონდარიძე, იურისტი
მაყვალა მაჭარაშვილი, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთი სოფლის პედაგოგი, სამსახურიდან, უკვე მეორედ, 2005 წელს გაანთავისუფლეს. მიზეზად გაკვეთილების გაცდენა დაუსახელეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობაზე აღადგინეს, სკოლის დირექცია მას გაკვეთილების ჩატარებას ისევ უკრძალავს.

მაყვალა მაჭარაშვილი ზემო ბოდბის დირექტორად მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა. ის თანამდებობიდან პირველად, 2004 წლის 12 ნოემბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაანთავისუფლეს. თუმცა დევნა ამით არ შეწყვეტილა. უკვე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობის დროსაც მას კვლავ დევნიდნენ. 2005 წლის 23 მარტის მაყვალა მაჭარაშვილის განთავისუფლების ბრძანებაში გაკვეთილების გაცდენა იყო მითითებული.

მაჭარაშვილს იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები უწევდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძეს თქმით, დავა სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ეხებოდა.

"პირველი ინსტანციის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაყვალა მაჭარაშვილს სასარჩელო განცხადება დაუკმაყოფილეს. სიღნაღის რაიონის ზემო ბოდბის სკოლამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. პროცესზე მათ ადვოკატს შესაბამისი რწმუნებულობა არ ჰქონდა, ამის გამო მოვითხოვე, რომ ის პროცესს არ დასწრებოდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ადვოკატი პროცესს არ დაასწრო. აქედან გამომდინარე, გამოიტანეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ანუ მაყვალა მაჭარაშვილი აღადგინეს მათემატიკის პედაგოგის თანამდებობაზე, სკოლას კი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შემდეგ ავიღეთ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც მაყვალა მაჭარაშვილი სკოლაში გამოცხადდა".

ზემო ბოდბის სკოლის დირექციას ქალბატონი მაყვალას გამოჩენა დიდად არ გახარებია. მას სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად მხოლოდ 2 დღე დააცადეს.

„შევედი 28 იანვარს და მითხრეს, რომ 1 თებერვლიდან გამოვცხადებულვიყავი. მივედი 1 თებერვალს, გამიკეთეს ცხრილი, მომცეს მეექვსე და მეშვიდე კლასი. გაკვეთილებზე 4 და 5 თებერვალს შევედი. ჟურნალში ეს შესვლა დაფიქსირებულია. მომთხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, ჩვენმა ადვოკატმა თბილისში წაიღოო. ასლები 6-ში მივიტანე. გამომართვეს, მაგრამ გაკვეთილებზე იმ მიზეზით არ შემიშვეს, რომ ბრძანება დაწერილი არ გვაქვსო, სანამ არ დავწერთ არ შემოგიშვებთო. უკან დავბრუნდი. ვკითხე, როდის ექნებოდათ ბრძანება. მიპასუხეს, მაშინ, როდესაც ადვოკატი ჩვენთვის განკუთვნილ სასამართლო გადაწყვეტილებას მოგვცემსო. გუშინაც ვიყავი სკოლაში, მაგრამ გაკვეთილებზე არ შემიშვეს. არ ვიცით ბრძანება როგორ უნდა დავწეროთო. რა მნიშვნელობა აქვს შენთვისო, მაინც ხელფასს მოგცემენო“.
ზემო ბოდბეს სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის ხელფასზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობაა. იმით, რომ მას, გაკვეთილების ჩატარებას უშლიან, მისი, როგორც პედაგოგის ღირსება ილახება

„ყველანაირად გამანადგურეს. ეს ხომ სოფელია, ეს ხომ ქალაქი არ არის. სამსახურში რომ მიმიღეს, ხალხი მილოცავდა. ეხლა რა პასუხი გავცე?“

მაყვალა მაჭარაშვილის აზრით, ასეთი სიტუაცია მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძის აქტიური მხარდამჭერი იყო. კანდიდატის მხარდაჭერაში მთელი ოჯახი იყო ჩართული. ამ მიზეზით, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად ოჯახის დანარჩენი წევრებიც, მეუღლე და ქალიშვილიც იქცნენ.

ცენტრის იურისტის თქმით, საქმე ამ ეტაპზე სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულებისთვის აქვს გადაცემული. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას წინ მაინც აღუდგებიან, ნესტან ლონდარიძე შესაბამისი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები