კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ ხუბუტია საკუთარი მიწის ნაკვეთის მითვისებაში შს სამინისტროსა და ხელისუფლებას ადანაშაულებს

14 თებერვალი, 2008

86 წლის მიხეილ ხუბუტია შს სამინისტროსა და ხელისუფლებას სახელმწიფო რეკეტში ადანაშაულებს. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, ხუბუტიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შს სამინისტრომ დაისაკუთრა და უკანონო მშენებლობა წამოიწყო. გაეროს ზუგდიდის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა ძალოვანებმა პოლიციის ლიის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობის აშენება დაიწყეს. მიხეილ ხუბუტია მიწის ნაკვეთის დათმობას არ აპირებს და ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება.

მიხეილ ხუბუტიას საკუთრებაში არსებული 1480 კვ.მ. მიწის ფართობის კანონიერება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2005 წლის 12 დეკემბერს დაადგინა, დღეს კი ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება უკანონო აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებისათვის. გაეროს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელების დარწმუნება კი სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრობლემოდ შეძლეს და ერთობლივი ძალისხმევით, პოლიციის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებითა და სამშვიდობო მისიის ფინანსებით სოფელ ლიაში პოლიციის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას საძირკველი 2007 წლის 14 დეკემბერს ჩაუყარეს.

რამდენიმე დღის წინ გაეროს პოლიციის თანამშრომლები მშენებლობის მიმდინარეობითაც დაინტერესდნენ და ერთსართულიან ნაგებობაში, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ კედლებია ამოყვანილი, ფოტოებიც გადაიღეს. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარისაგან თავი შეიკავეს და საკითხის გასარკვევად წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისაკენ მიგვითითეს.

წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია მებონია სოფელ ლიაში პოლიციის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციის მშენებლობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სარეგისტრაციო სამსახურიდან გაცემული ამონაწერით ცდილობს. „საჯარო რეესტრში დამიდასტურეს, რომ პოლიციის ადმინისტრაციის ასაშენებლად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შსს წალენჯიხის რაიგანყოფილებას გადაეცა. ამგვარი გადაწყვეტილება 2004 წელს იქნა მიღებული, მე კი მაშინ ამ თანამდებობას არ ვიკავებდი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მათივე მოთხოვნის საფუძველზე შსს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, თემურ საჯაიას გავუგზავნე“.

წალენჯიხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი კახა ჯოლოხავა კომენტარს თავს არიდებს და ახსნა-განმარტებების გაკეთებას მის მოადგილეს, ამბაკო სამუშიას სთხოვს, რომელიც ირწმუნება, რომ ლიაში არსებული 2 500 კვ.მ. მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა. „სოფელ ლიაში, პოლიციის ქვეგანყოფილების ასაშენებლად მიწის გამოყოფის შესახებ დადგენილება წალენჯიხის რაიონის გამგეობამ 2004 წლის 7 დეკემბერს მიიღო, საჯარო რეესტრშიც იმავე წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა... მიშა ხუბუტიას საკუთრებაში მხოლოდ 480 კვ.მ. მიწის ფართია და მისი უფლებამოსილება იმ შენობა-ნაგებობებზეც ვრცელდება, რომელიც იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, დანარჩენი კი მას არ ეკუთვნის“...

მიხეილ ხუბუტიამ, 2008 წლის 23 იანვარს, მისივე განცხადების საფუძველზე, წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურიდან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც მისი უფროსი, კახა ჯოლოხავა განმარტავს, რომ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემდგომი რეგისტრაცია ნოტარიუსის მიმართვით განხორციელდა, რომელსაც თან ერთვოდა ხუბუტიას მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ.

სწორედ ამ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით იმყარებენ პოზიციას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ იგი მოატყუეს და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეცადნენ. მიხეილ ხუბუტია: „2004 წელს წალენჯიხის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, გიგა ფიფიამ ნოტარიუსში მისვლა მთხოვა. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ფიფიამ იმდენი მიჩიჩინა, მივცეთო, დავუთმოთ პოლიციას ეს მიწის ნაკვეთიო, რომ განვაცხადე, თუ სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართს გამომიყოფდნენ, მზად ვიყავი დათმობაზე. ნოტარიუსმა, ინეზა გაბელიამ ჩემი ხელმოწერით ორი სუფთა ფურცელი მთხოვა. არ მეგონა ასე უსინდისოდ თუ მომატყუებდნენ. იმ ქალმა ყალბი დოკუმენტები შექმნა...“

შესაძლოა, მაშინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოხუცის მოტყუება მართლა შეძლეს, მაგრამ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეში ყალბი დოკუმენტები თავიდანვე აღმოაჩინა, დავის საგნად არ მიიჩნია არც სადაო მიწის ნაკვეთის შესყიდვის საფუძვლები და არც საჯარო რეესტრის ის ჩანაწერი, რომლითაც მესაკუთრის ვინაობა დგინდება.

მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების შესახებ სასარჩელო განცხადებით წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს რაიკავშირის გამგეობის თავჯდომარემ, გიგა ფიფიამ 2005 წლის დასაწყისში მიმართა. იგი მიხეილ ხუბუტიას 1480 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, იქ არსებული ცეკავშირის სავაჭრო ობიექტების უკანონო პრივატიზებაში ედავებოდა. სამივე სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ მესაკუთრის უფლება მიხეილ ხუბუტიას დაუდგინდა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ მიხეილ ხუბუტიას მესაკუთრეობის საკითხი სადაო კვლავ მას შემდეგ გახდა, რაც მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერვე წამოწყებული მშენებლობა დაინგრა და პოლიციის ადმინისტრაციული შენობის აშენება დაიწყო.
მიხეილ ხუბუტია: „მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი, მატერიალური ზიანი 5000 ლარამდე მომადგა... გაეროს, გენპროკურატურას, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს თხოვნით მივმართე, რომ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ, პასუხი არსაიდან მიმიღია და არც რეაგირება მოჰყოლია. ჩემი ქონების ხელყოფას არავის ვაპატიებ. ესენი, როგორც ჩანს, უზენაეს სასამართლოზე მაღლა დგანან და მის გადაწყვეტილებას არაფრად აგდებენ. მე ბოლომდე ვიბრძოლებ!“

მიხეილ ხუბუტიამ ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის ნოტარიუსში 1883 წლით დათარიღებული ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლევანის ძე დადიანმა ლიაში არსებული სამოსახლო და სახნავი მიწები თავად პავლე გიორგის ძე ხუბუტიას, მიხეილ ხუბუტიას პაპას 400 ვერცხლის მონეტად მიჰყიდა.

მებრძოლი ჭკადუა, ადვოკატი: „მიხეილ ხუბუტიას დარღვეული უფლებების დაცვას სასამართლოში შევეცდებით. გვაქვს იმის საფუძველი, რომ იმ პირებმა, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს სხვისი საკუთრება, პასუხი აგონ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაძლოა, პროკურატურაშიც დავაყენოთ საკითხი თვითნებობის შესახებ. ეს საქმე სს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ ეტაპზე სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შევა. პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ იქ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორის, ზაზა ქვაცაბაიას განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად არც ერთ სასამართლო ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება არა აქვს შეცვალოს ან გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. „ზემოთაღნიშნული ფაქტი გაგრძელებაა იმ უკანონო ქმედებებისა, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ახორციელებს და რომლის შედეგადაც კერძო საკუთრების ხელყოფამ მასიური ხასიათი მიიღო“.  

ნანა ფაჟავა, წალენჯიხა

ახალი ამბები