კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობას ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის აკრიტიკებენ

18 თებერვალი, 2008

“პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი, "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს სათანადოდ არ გამოუძიებია ჟურნალისტების დევნის ფაქტები. ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, უზრუნველყოს სიტყვის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების თავისუფლება.

"თავდასხმები პრესაზე 2007 წელს" - ასე ჰქვია დასკვნას, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა მოამზადა. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული, გასულ წელს, საქართველოში მედიის მდგომარეობა. კომიტეტი განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენებს აკრიტიკებს.

"გამძვინვარებულმა სააკაშვილმა, შურისძიების მიზნით, ტელეკომპანია "იმედი" და "კავკასია" დახურა, იმ დროს, როცა დანარჩენ არხებზე ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერი სიუჟეტები გადიოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟურნალისტებს უჭირთ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის თაობაზე ინფორმაციის მიღება. ჩინოვნიკები, კანონით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების იგნორირებას ახდენენ და არ თანამშრომლობენ პრესასთან. ამ სირთულეების მიუხედავად, ჟურნალისტები ააშკარავებენ ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, რითაც ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას", - ნათქვამია დასკვნაში.

საქართველოში ჟურნალისტების დევნის ფაქტების გამოუძიებლობის გამო შეშფოთებას არ მალავს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიც. "საქართველომ უნდა უზრუნველყოს სიტყვის, პრესისა და მედიის სხვა საშუალებების თავისუფლება; უზრუნველყოს, რომ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი საჩივრები დროულად იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები გამოვლინდნენ და დაისაჯონ", - აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე  მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადეკვატურია.

"ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ ძველი მეთოდებითაც მოქმედებს, მაგრამ დაამკვიდრეს ტერმინები "თვითცენზურა", "სტანდარტები", "რეგულაციები", "მფლობელებზე მანიპულაციები" და ა.შ, რაც კარგად მუშაობს ურჩი მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც სწორედაც რომ ცდილობენ დაიცვან ჟურნალისტური ეთიკისა და ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმები. სამაგიეროდ, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი მედიასაშუალებები. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს რეგიონებში, სადაც არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება და მედიასაშუალების თავისუფლების ხარისხი", - ამბობს მამალაძე.

მისივე თქმით, ბოლო დროს, ადგილობრივი მოხელეებისთვის, ჟურნალისტებთან ხისტი და ხშირად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და ანგარიშსწორება, მათი დაწინაურების ერთ-ერთი ფაქტორიც კი გახდა. "ამის ნათელი მაგალითი ადგილობრივ ხელისუფლებას თავად პრეზიდენტმა მისცა. ქუთაისში, ჟურნალისტის ცემის შემდეგ, მხარის რწმუნებული აკაკი ბობოხიძე დააწინაურეს და თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, თავად სამართალდამცავი სტუქტურები ახორციელებენ სადამსჯელო ოპერაციებს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ისინი საკუთარ დანაშაულს არ გამოიძიებენ", - აღნიშნავს რეგიონული მედიიის ასოციაციის ხელმძღვანელი.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნას ასევე ადეკვატურად მიიჩნევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

"კომიტეტმა აღნიშნული შეფასება გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. ჩრდილოვანი ანგარიშის შეფასების შედეგად. საქართველოს მე–3 პერიოდული ანგარიშის განხილვის დროს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შენიშვნა გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რაფაელ რივაზ პოსადამ. ანგარიშის მოსმენის დროს ჟენევაში იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მას ერთ საათიანი კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდა კომიტეტის წევრებთან.

ექსპერტებმა მიუთითეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2006 წლის მონაცემებით, 168 სახელმწიფოს შორის, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, საქართველოს 89–ე ადგილი უკავია. იქვე მითითებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაზე, ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ყოფილა გამოძიებული ჟურნალისტებზე ზეწოლის, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის არც ერთი ფაქტი. აქედან გამომდინარე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შეფასება მიგვაჩნია სრულიად ადეკვატურად", - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის აზრით, ჟურნალისტები ყველაზე მეტად დაუცველები რეგიონებში არიან. "მედიასაშუალებებზე ზეწოლის, სიტყვის თავისუფლების ხელყოფის და ჟურნალისტების დევნის მხრივ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოს რეგიონებშია. სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები რეგიონული ჟურნალისტების დასაშინებლად და დისკრედიტაციისათვის, გაუგონარ ამორალურ ქმედებებსაც ეწევიან. ხელისუფლებას, რომელმაც დაარბია ტელეკომპანია "იმედი" და არავის სათანადოდ არ გამოუძიებია ეს ფაქტი, რომელმაც დაიმორჩილა ბევრი მედიასაშუალება დედაქალაქში, აწუხებს ზოგიერთი რეგიონული მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ვის მოსყიდვასაც ისინი ვერ ახერხებენ, აიძულებენ შეწყვიტონ მუშაობა. ბევრი ასეთი ფაქტი საერთოდ არ ხმაურდება", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები