კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნები გლუკს სახელების გაყალბებაში სდებენ ბრალს

21 თებერვალი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

პანკისში მცხოვრებ ჩეჩნებს გლუკთან (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) ახალი პრეტენზიები აქვთ. ადამ მაკალოვი, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, ვისაც მესამე ქვეყანაში გადასვლა სურს, ამბობს, რომ გლუკი მას მხოლოდ უარით კი არ ისტუმრებს, დოკუმენტებში სახელსა და გვარს უყალბებს. მას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, უცხოეთში წასასვლელად საჭირო დოკუმენტაცია მისი  მსგავსი სახელის და გვარის მქონე ადამიანებმა მიიღონ.

ადამ მაკალოვმა გლუკის თბილისის ოფისის მონახულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახმეტის ოფისში მას დოკუმენტებზე ხელის მოწერა სთხოვეს. აღნიშნული დოკუმენტები მარტო ადამ მაკალოვს კი არა, ყველა იმ ჩეჩენ ლტოლვილს დაეგზავნა, ვისაც განაცხადზე - საზღვარგარეთ წასვლის შესახებ უარი უთხრეს. სანამ ხელს მოაწერდა, ადამი ამბობს, რომ ტექსტს გადახედა და:

„იქ არ ეწერა ჩემი სახელი, მე ადამ მაკალოვი ვარ და არა ადლან მაკალოვი, რაზეც ხელის მოწერას მაიძულებდნენ. უკვე წლებია აქ ცხოვრებას და დამკვიდრებას ვერ ვახერხებთ, ძლივს გაგვაქვს თავი. მაგრამ ყველა გზა მოჭრილი გვაქვს. ამას ახლა დაცინვაც დაემატა. ვითომ არაფერი, სახელი შეცდომით წერია, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არის სხვა ადამიანი. ამიტომ ჩამოვედი თბილისში, რომ ეს ამბავი გამერკვია. თანაც კომისარიატში მიღების დღეებში მივედი. ამ წლების მანძილზე ეს ბატონები იცვლებიან, მაგრამ ერთმა არ ინება ჩვენთან შეხვედრა, რა ევალებათ მათ სხვა თუ არა ჩვენი პრობლემების მოსმენა? მე ვაცხადებ და მაქვს ამის უფლება - მსურს გამოვიძიო, რეალურად არსებობს თუ არა ასეთი პიროვნება, ადლან მაკალოვი!

აქ კი, მიღება კი არა, განცხადებაზე ხელი ძლივს მომიწერეს, შეხვედრაზე და მოსმენაზე საუბარი ზედმეტია. რაში უხდიან მათ ხელფასს, იმაში, რომ ერთ ჩეჩენ ლტოლვილსაც არ შეხვდნენ პირისპირ?
ჩვენ გვექცევიან როგორც იდიოტებს, თითქოს არაფერი გაგვეგება, კითხვა არ ვიცით და ა.შ.. მთელი ხუთი წელია თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით და ეტყობა, ფიქრობენ, რომ დავიღლებით და გავჩერდებით.

"მატენიან" რაღაც არასწორად გაფორმებულ დოკუმენტს, სხვა ადამიანის სახელით და გვარით და პრეტენზიაც აღარ უნდა გამოვთქვა თურმე ამაზე. ვთქვათ, ჩემთან შეცდომა გაიპარა, იგივე მოხდა სხვების შემთხვევაშიც?“, - კითხულობს ადამ მაკალოვი. მას თან ასლა ბეკ უმაროვიც ახლდა, რომლის სახელზე გაგზავნილ წერილშიც ასევე სხვა სახელი ეწერა - ასლა ბეკი.

მაკალოვი ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში იჩივლებს, სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება, რომ მას მოუსმინონ. მისი განცხადებით, არსებობს გლუკთან დაახლოებული  ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც მესამე ქვეყნის გზა ხსნილია. მათ მაკალოვი „გლუკის აგენტებს“ უწოდებს.

რაც შეეხება უმაღლეს კომისარიატს, მაკალოვის ინციდენტზე აცხადებენ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც მაკალოვს და რამდენიმე ჩეჩენს ადგილზე, ახმეტაშივე განუმარტეს, ბოდიში მოუხადეს და შეპირდნენ, რომ ჩასწორებულ დოკუმენტს ხელახლა გაუგზავნიდნენ. უმაღლეს კომისარიატში ასევე ამბობენ, რომ ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გაგზავნის პროცესი შეწყვეტილი არ არის, თუმცა ამის უფლება ეძლევათ მხოლოდ განსაკუთრებული მონაცემების მქონე პირებს, ვისი ინტეგრაციაც ამ ქვეყანაში სახელმწიფომ ვერანაირი გზით ვერ უზრუნველყო. ერთადერთი, რასაც მაკალოვს და მის მდგომარეობაში მყოფ ჩეჩნებს სთავაზობენ არის ის, რომ მათ შეუძლიათ დამატებითი გარემოებები წარუდგინონ გლუკს, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ განიხილავს მათ.

ახალი ამბები