კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსებს უფასო საეთერო დრო შეეზღუდებათ

22 თებერვალი, 2008
რეგიონული ტელეკომპანიები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ამიტომ საკუთარ შემოსავალზე ზრუნვა დღეიდანვე დაიწყეს. ასეთი დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს  რეგიონულ ტელეკომპანიათა ასოციაციამ პარლამენტს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაუქმების თხოვნით მიმართა.

კანონის მიხედვით, ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან ყოველ 3 საათში უფასო 90 წამიანი პოლიტიკური რეკლამა გაუშვან. რეგიონული ტელეკომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ეს ამცირებს სარეკლამო დროს და ისინი ფინანსურ ზარალს განიცდიან. იმ შემთხვევაში, თუ  მათ კანონი უფასო რეკლამის გაშვებას მაინც დაავალდებულებს, დანახარჯი საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს. მუხლი, რომელიც უფასო პოლიტიკურ რეკლამას შეეხება, მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა ვრცელდებოდეს.

თითქმის იგივე თხოვნით პარლამენტს ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „მზე“ მიმართავენ. თუმცა, ამ შემთხვევაში უფასო პოლიტიკური რეკლამის გაუქმების ნაცვლად ისინი უფასო დროის 30 წამამდე დაყვანას ითხოვენ.

როგორც ჟურნალისტი, ელისო ჩაფიძე ამბობს,  ტელეკომპანიებს მოთხოვნის უფლება, თუ რამდენი ხნით შეუძლიათ პოლიტიკური რეკლამის გაშვება, ნამდვილად აქვთ. ისინი კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან. თუმცა მისი აზრით, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს.

„როდესაც ის კანონი პარლამენტში უმრავლესობის ინიციატივით იყო მიღებული, მაშინ უმრავლესობის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ამით “გაჯანსაღებას“ უწყობდნენ  ხელს. ანუ პოლიტიკური პარტიები იძულებულები არ იქნებოდნენ არჩევნების წინ „ფულის შოვნაზე“ გადასულიყვნენ.

ამ კონკრეტულ მომენტში მიმაჩნია, რომ ვითარების შეცვლა, როდესაც წინ საპარლამენტო არჩევნებია, როდესაც სატელევიზიო მედია არ არის დაბალანსებული, სჯობს თავი შეიკავონ მსგავსი ინიციატივებისგან. მსგავსი ცვლილებებს პარლამენტიც უნდა ერიდოს. ეს საკითხი ყველა შემთხვევაში გახდება სპეკულაციის საგანი. დღეს ქართული სატელევიზიო სივრცე საკმაოდ დაუბალანსებელია.  ხელისუფლების პოზიცია მეტად ჩანს და ამ ფონზე ოპოზიციური ძალების შეზღუდვა და ახალი გარემოებების შექმნა ძალაუნებურად ვითარების კიდევ უფრო მეტად გართულებას გამოიწვევს“. 

პოლიტიკურ რეკლამასთან ერთად ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალური რეკლამის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ორივე ტიპის რეკლამა საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ტელეკომპანიების კომერციულ ინტერესს არ უნდა შეეწიროს.

„კომერციულ ტელევიზიებს კიდევ უამრავი სარეკლამო დრო აქვთ, როდესაც შეუძლიათ საკმარისი შემოსავალი მიიღონ. არჩევნების პერიოდი იქნება ეს თუ შემდგომი პერიოდი, საზოგადოებისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოციალური რეკლამა, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში მძიმე სოციალური ვითარებაა. საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველასათვის, მათ შორის ტელევიზიებისთვის. ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაიცნოს ის პარტიები, რომლებიც უნდა აირჩიონ, მათი პროგრამები და ა.შ.“

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ტელეკომპანიების ამ მოთხოვნას „პოლიტიკური თამაშების ნაირსახეობას“ უწოდებს, რადგან უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო კანონით არის განსაზღვრული. ის იხსენებს  საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც ფასიანი სარეკლამო დროის გამოყენება მხოლოდ 2 კანდიდატს შეეძლო.

„კარგად მახსოვს, რომ „რუსთავი 2-ზე“ და „მზეზე“ 30 წამი 15 ათასი დოლარი ღირდა. წარმოუდგენელია წინასაარჩევნო კამპანიის სარეკლამო რგოლებში ასეთი თანხა დაიხარჯოს. არ მგონია, ის დრო, რომელიც გათვალისწინებულია უფასო რეკლამისთვის, ტელეკომპანიებს გარკვეულ ფინანსურ ზარალს აყენებდეს. უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო თუ ამოიღეს ან შეამცირეს, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს დრო, ფაქტობრივად, არ ექნებათ“.

თამარ ჩიქოვანი ფიქრობს, რომ დღეს ყველაფრის დაკანონება შეიძლება. მაგრამ თუ გვინდა დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება, კანონი ისე უნდა დავტოვოთ, როგორიც ის ამჟამად არის.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები