კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლიდან ლეკების მასობრივი გადასახლება მაისიდან დაიწყება

22 თებერვალი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოში მცხოვრები ლეკების დაღესტანში შესაძლო გადასახლების შესახებ ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, საინფორმაციო სააგენტო "დაღესტანმა" გაავრცელა. ამ ცნობას, რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა განყოფილების დაღესტნის ფილიალთან ერთად, ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკებიც ადასტურებენ. მათი თქმით, მასობრივი გადასახლება მაისიდან დაიწყება.

ლეკები ყვარლის რაიონის სოფლებში თივში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში მე-18 საუკუნიდან ცხოვრობენ. ისტორიის მიხედვით, იმ დროს დაღესტნელების ერთი ნაწილი ქართულ ჯარში მსახურობდა და ყვარელში სწორედ მაშინ დასახლდნენ. სამივე სოფელში, ამჟამად, სულ 400-მდე ლეკური ოჯახი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ლეკების ნაწილი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს. საქართველოში დაბადებული ლეკი ბავშვები, სოფელ ჩანტლისყურის სკოლაში, დაღესტანში გაცემული მოწმობებით არიან ჩარიცხულნი. მაგალითად, 1998 წელს დაბადებული ასლან ახიტაევის დაბადების მოწმობაში, დოკუმენტის გაცემის რეგისტრაციის ადგილად, დაღესტნის რესპუბლიკის ბეშტას რაიონია მითითებული.

ჩანტლისყურის მკვიდრის მაგამედ ალიევის თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ლეკი ახალგაზრდები სწავლას დაღესტანში აგრძელებენ. "რა არის ამაში ცუდი? დაღესტანი ხელს გვიწყობს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ. რაც შეეხება დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, რომელიც დაღესტნის რესპუბლიკის მიერ არის გაცემული, ბევრი ასეთი დოკუმენტი ომარ დავუდოვის მეშვეობით მივიღეთ. ეს ადამიანი, დაღესტნის რესპუბლიკის მახაჩკალის რაიონის ხელმძღვანელობამ ყვარელში სპეციალურად ლეკების დასახმარებლად გამოგზავნა", - აღნიშნავს მაგამედ ალიევი.

ლეკები არ უარყოფენ, რომ დაღესტნის რესპუბლიკის(რუსეთის ფედერალური სუბიექტი) ხელისუფლების მხრიდან, მათ იქ გადასახლების შეთავაზება ჰქონდათ.

"დაღესტანში გადასახლება ნამდვილად შემოგვთავაზეს. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გვითხრეს, რომ მახაჩკალის რაიონის შესაბამისმა სამსახურმა, მოსკოვში, უკვე გააგზავნა ოფიციალური თხოვნა საქართველოდან ჩვენი დაღესტანში გადასახლების თაობაზე, რაზეც უარი არ უთქვამთ. ჩვენც გვინდა დაღესტანში საცხოვრებლად გადასვლა, რადგან იქ უკეთესი პირობებია. ფაქტობრივად, აქ ძალიან ცუდ, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. როგორც ვიცით, ჩვენი გადასახლების პროცესი მაისიდან დაიწყება", - ამბობს სანათა მაგამედოვა.

კიდევ ერთი ლეკის, ალიკ ხაიბულაევის თქმით, საქართველოში ცხოვრება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა დაღესტანში ფეხით გადასასვლელი, მოკლე გზა იკეტება.

ალიკ ხაიბულაევი: "ზაფხულობით მახაჩკალაში ხშირად გადავდივართ. ბევრი ჩვენგანი იქ მუშაობს კიდეც. ვინც ხელობა იცის, კარგი ანაზღაურება აქვს. დაღესტანში ნათესავებიც გვყავს. ისინიც გვეხმარებიან. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, გასულ წელს, აქედან რამდენიმე ოჯახი საერთოდ წავიდა და დაღესტანში დასახლდა. მაისიდან ჩვენც მივდივართ და საქართველოში, უკან აღარ დავბრუნდებით".

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ბურკიაშვილის განცხადებით, ლეკების, დაღესტნის რესპუბლიკაში შესაძლო გადასახლებასთან დაკავშირებით, გამგეობაში არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

რუსეთის საიმიგრაციო სამსახურიდან შესაბამისი წერილი არც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიუღიათ. როგორც ჩვენთან საუბარში სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ აღნიშნა, ყვარელში მცხოვრები ლეკების დაღესტანში შესაძლო გადასახლების შესახებ, სამინისტრო არაოფიციალურად არის ინფორმირებული. "ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც რუსეთის საიმიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით, ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა, რომ იგეგმება ყვარლის რაიონის სამი სოფლიდან ლეკების დაღესტანში გადასახლება. ოფიციალურად სამინისტროსთვის ამის თაობაზე არავის მოუმართავს. ვეჭვობ, ეს პროცესი მაისიდან დაიწყოს, რადგან მანამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, გადასახლების პროცედურებს კი რამდენიმე თვე სჭირდება. თუ დაღესტნის რესპუბლიკა საქართველოში მცხოვრები ლეკების მიღებაზე თანახმაა და ხალხი თვითონ წავა იქ საცხოვრებლად, ეს მათი უფლებაა და ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ", - განმარტავს კოკაია.

ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკების, დაღესტნის რესპუბლიკაში შესაძლო გადასახლების თაობაზე, ოფიციალური ინფორმაცია, არც საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს აქვთ.

ახალი ამბები