კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 წლის მოზარდს დასჯა უფრო გააბოროტებს

25 თებერვალი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შესული ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 14-დან 12 წლამდე შემცირდა. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები  2008 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

''სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14-დან 12 წლამდე შემცირებით საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა. სახელმწიფოებმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარის გაზრდაზე უნდა იზრუნონ და არა მის შემცირებაზე“,- აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ჰოლი კარტნერი.

2007 წლის 9 თებერვალს გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტმა, რომელიც სახელმწიფოების მიერ ბავშვთა დაცვის კონვენციის განხორციელების მონიტორინგს ახდენს, განმარტა, რომ სახელმწიფოებმა 12 წლამდე არ უნდა შეამცირონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი. მეტიც, მან სახელმწიფოებს ასაკობრივი ზღვარის თანდათანობით გაზრდისკენ მოუწოდა. 

მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობისა აღნიშნული საკითხის მიმართ, საქართველოს კანონმდებელთა გადაწყვეტილება მტკიცეა. მათი აზრით, 12 წლის ბავშვი საკმაოდ ზრდასრულად ითვლება საიმისოდ, რათა პასუხი აგოს ისეთი კატეგორიის დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ცივი იარაღის ტარება და ა. შ. 

„საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მოტივირებულია არასრულწლოვანთა სამყაროს მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გამახვილებისა და 12-დან 14 წლამდე ასაკის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კანონიერი ბერკეტების გაძლიერების აუცილებლობით“, - განმარტავენ ქართველი კანონმდებლები. მათი განწყობა როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების, ისე საქმეში ჩახედული ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებას იმსახურებს. ''აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რამ განაპირობა საკანონმდებლო დღის წესრიგში საერთოდ ამ საკითხის დაყენება. რას ნიშნავს ''კანონიერი ბერკეტების გაძლიერების აუცილებლობა?'' საინტერესოა, რა სტატისტიკური მონაცემები აქვს ამ პროექტის ავტორს 12-დან 14 წლამდე ასაკის პირთა მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით? უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დაფიქრებულიყო, ვიდრე ნაბიჯს გადადგამდა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ზიანი ხომ არ მიადგება ზოგადად ბავშვის ინტერესებს, რომელიც პრიორიტეტულია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას სახელმწიფოსთვის, მაგრამ არა შემოთავაზებული გზით“,  - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ ადვოკატი ანა ჩაფიძე. მისი აზრით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის შემცირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუსაბუთებელი შემოთავაზებაა.

ადვოკატები საუბრობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანამედროვე სისტემის ჩამოუყალიბებლობასა და ეფექტური პრევენციული მექანიზმების არქონაზე.
„საქართველოში არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. ამდენად, არასრულწლოვანთა დასჯა კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ, პრევენცია. საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სკოლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში და ა. შ. ბავშვებისთვის, რომლებიც ქუჩაში იზრდებიან, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი კანონი. ანუ, ბავშვი კი არ უნდა დავსაჯოთ, არამედ, მოვახდინოთ მისი ინტეგრაცია საზოგადოებასთან. ვფიქრობ, რომ მოზარდის საქვეყნოდ განსჯა და გასამართლება მის საბოლოოდ გაბოროტებასა და დამნაშავედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

ქუთაისის №2 საპყრობილის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე მანანა მანაგაძე არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი აზრით: „ეს არ არის ჩიხიდან გამოსავალი.   არასრულწლოვანებში დანაშაული ამ გზით არ მოიკლებს. დიდია რისკი, ამ ასაკის ბავშვები  დამნაშავის სკამზე აღმოჩდნენ. ნურავის ეგონება, რომ ქართულ ეროვნულ კანონმდებლობაში ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. პირიქით, ეს რისკია, რომელიც არ უნდა დავუშვათ. ხელისუფლებაც და კანონიც ჰუმანიზაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩემი განწყობა ცალსახაა - ასაკი კი არ უნდა დავწიოთ, არამედ მის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. სხვადასხვა შეხვედრებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეს მე არაერთხელ დამიფიქსირებია. სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს სარეაბილიტაციო პროგრამები, პრევენციული ცენტრები, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისთვის.  უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მსგავსი ტიპის  ღონისძიებების გატარებისთვის ეზრუნა. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ისინი ავტომატურად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“.

განათლების სამინისტროს სამტრედიის სპეციალურ სკოლაში, რომელიც ერთადერთია საქართველოს მასშტაბით, დღეს 25 სხვადასხვა დანაშაულში მხილებული ბავშვი ირიცხება. სკოლის დირექტორი გიორგი მეიშვილი არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას გაუმართლებლად მიიჩნევს. „დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ჰუმანურობაზე საუბრობს და არაერთ რეფორმას ახორციელებს, ეს ნაბიჯი გაუმართლებლად მეჩვენება. მითუმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი და ხდება ბავშვების ოჯახებში დაბრუნება. ნეტავ ჩვენი სკოლაც არ არსებობდეს და მოზარდები საზოგადოებისგან იზოლაციაში არ იმყოფებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ 12 წლის ბავშვების გასამართლებაზე“, - ამბობს გიორგი მეიშვილი.

მაშინ, როცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორც ექსპერტთა, ისე ზოგადად საზოგადოების განწყობა ნეგატიურია, ქვეყნის ხელისუფლება არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი დაწესებულების აშენებას გეგმავს. მოზარდთათვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საპყრობილის მშენებლობა სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიწყება.

ახალი ამბები