კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შვილი ოპოზიციაში ჩემს ყოფნას შეეწირა“ , - აცხადებს პატიმრის მამა

25 თებერვალი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

19 წლის გიორგი ართილაყვა 2007 წლის 13 მარტიდან პატიმრობაშია. მას ქურდობის მცდელობის ბრალდებით, გასული წლის 12 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა და ჯარიმა დააკისრა. პატიმრის მამა, თენგიზ ართილაყვა  თვლის, რომ შვილი მის პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა.

„გიორგი რესპუბლიკურ პარტიაში ჩემს ყოფნას შეეწირა. რაიმე სახის დოკუმენტით ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ხშირად იყო შემოთავაზება კონკრეტული პიროვნებისგან  - ხელისუფლების პარტიიდან, რომ მათთან გადავსულიყავი. პიროვნებებს, ვერ დავასახელებ. არ მინდა მათაც პრობლემები შეექმნათ“,- ამბობს პატიმრის მამა თენგიზ ართილაყვა. მასთან რამდენჯერმე სატელეფონო მუქარაც ყოფილა: „მირეკავდნენ უცხო პირები და ოპოზიციიდან წასვლას მირჩევდნენ. ზარები დაფარული ნომრიდან ხორციელდებოდა“ .

ართილაყვა ოპოზიციის საკმაოდ ცნობადი აქტივისტია. აქციების დროს ის რამდენჯერმე დაშავდა. თენგიზ ართილაყვა ერთ-ერთი მათგანია, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, 4 იანვარს, რუსთაველის ქუჩაზე პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პლაკატს აკრავდა. მაშინ ართილაყვა ბათუმის #1 საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშიც მოხვდა.

თენგიზ ართილაყვამ შვილის ამბის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარსაც მიმართა წერილით და დახმარება სთხოვა შვილის უდანაშაულობის დამტკიცების დადგენაში. ამჟამად, საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კიკნაძემ, 2007 წლის 12 დეკემბერს, ართილაყვას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა და 3 500 ლარი ჯარიმის სახით დააკისრა. მხარემ განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გიორგი ართილაყვა ბათუმის საზღვაო აკადემიის მექანიკური ფაკულტეტის სტუდენტია.  საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. კერძოდ, 2007 წლის 13 მარტს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, იგი გამოძიებისთვის დაუდგენელ პირთან ერთად ძალაყინით შეიარაღებული მივიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის #115-ში განლაგებულ სათამაშო პოკერ კლუბში, სადაც ფანჯრის გატეხვას და ამ გზით შიგნით შეღწევას ცდილობდა. 

ართილაყვა ბრალდებას უარყოფს. მისი ჩვენების თანახმად, ის ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მივიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაღაზია „ბუმერანგის“ უკანა მხარეს, სადაც რამდენიმე წუთში ორმა პოლიციელმა დააკავა. „გამჩხრიკეს და მითხრეს, რომ ძირს დაგდებული მეტალის საგანი ამეღო. მეც, ჩემდაუნებურად, ავიღე ეს საგანი და  პოლიციელების მიერ მოცემულ ცელოფნის პარკში ჩავდე. შემდეგ გავიგე, რომ ამ საგნით - ძალაყინით, გამოძიებამ დამაბრალა, თითქოსდა ვიღაც პიროვნებასთან ერთად, ჩიხში არსებული შენობის, პოკერ კლუბის ფანჯრის გამოღებას და შიგნით შეღწევას ვცდილობდი”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე თავის ჩვენებაში გიორგი ართილაყვამ.

პოკერ კლუბის ფანჯარა, რომლიდან შენობაში შეღწევაც ართილაყვას ბრალდება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, „ზომით 32.5X32.5 სმ-ია. შიგნიდან "არმატურის" გისოსებით“. საქმეში მოწმეებად მხედველობადაკარგული ყოფილი სამართალდამცავი თამაზ თურმანიძე და საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორები, ლევან ხოფერია და გენადი ბეჟანიძე არიან დაკითხული. ქურდობის შესახებ გამოძახება საპარტულო პოლიციის საგამოძიებოში უცნობმა მამაკაცმა გააკეთა. ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კი, მათივე ჩვენების თანახმად, ართილაყვა დაზიანებული ფანჯრიდან, დაახლოებით, 10 მეტრში დააკავეს.

პატიმრის ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ართილაყვა დაზიანებული ფანჯრიდან არ აპირებდა პოკერ კლუბში უკანონოდ შეღწევას. მისი თქმით, სასამართლომ ართილაყვა უკანონოდ ცნო დამნაშავედ: „სასამართლოში დაკითხულ პირთაგან ვერავინ აჩვენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის დამამტკიცებელი საბუთები. თვით დაზარალებულიც აღნიშნავდა, რომ პოკერ კლუბის სარკმლიდან შეღწევა შეუძლებელია მისი სიდიდის გამო. გარდა ამისა, დაზარალებულმა გელა შათირიშვილმა აღიარა, რომ ფანჯარა დაზიანებული იყო დიდი ხნით ადრე.

საქმეში პატრულის თანამშრომლების გარდა, კიდევ ერთი ყოფილი სამართალდამცავია მოწმედ - თამაზ თურმანიძე, რომელსაც მხედველობა დაკარგული აქვს. ის ჩვენებაში ამბობს, რომ ტელევიზორის ყურების დროს ხმაურის და ჩურჩულის ხმა გაიგონა. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ამ ჩვენების სინამდვილე  კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

ახალი ამბები