კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა ჩეჩნეთიდან ლტოლვილს უსაფუძვლოდ დევნის

27 თებერვალი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები და ადგილობრივი ქისტი მოსახლეობა, 21 წლის გია ხანგოშვილის პატიმრობას აპროტესტებს. ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა, ხანგოშვილი, 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. პროკურატურა მას პანკისში სამუშაოდ მყოფი ჰოლანდიელი ჟურნალისტების ნივთების ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის 8 წლით  თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განსასჯელი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ხანგოშვილის ადვოკატი კი მისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ჰოლანდიის მოქალაქეები ხაისბერტ ვაზინგმატი და ჰენკ-იან ვან მაანენი პანკისის ხეობაში ფილმის გადასაღებად 2007 წლის მაისში ჩავიდნენ. მათ ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ომარ გაურგაშვილის კუთვნილ სახლში ოთახი იქირავეს და დაბინავდნენ. 2007 წლის 2 მაისს, როდესაც აღნიშნულ პირებს ეძინათ, საძინებელი ოთახიდან ვიდეოკამერა, რადიო მიკროფონი, რადიოს სპეცპროგრამა და მეხსიერების ბარათი დაიკარგა. ნივთების ქურდობის შესახებ, ჰოლანდიელი ჟურნალისტებისათვის, დილით გახდა ცნობილი.

"რომ გაიღვიძეს, ტექნიკა ადგილზე აღარ დახვდათ. თარჯიმნის მეშვეობით, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს, მაშინვე გვითხრეს და პოლიციას შევატყობინეთ. პარალელურად, თარჯიმანმა რუსლან ხანგოშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია, ხეობაში არსებული წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე, თქვა, რომ თუ ნაქურდალ ნივთებს დააბრუნებდნენ, 500 აშშ დოლარს გადაიხდიდა", - აღნიშნავს ომარ გაურგაშვილი, რომელიც განსასჯელ გია ხანგოშვილის მამაა.

შეტყობინების საფუძველზე, შს ახმეტის რაიონულ განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს აღიძრა. გამოძიება ზვიად თურქიაშვილს დაევალა. როგორც დაზარალებულების თარჯიმანი რუსლან ხანგოშვილი განმარტავს, საღამოს, უცნობმა პირმა მას აცნობა, რომ მოპარული ტექნიკა დუისში მცხოვრები გურამ მარგოშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო. "ეს ინფორმაცია გამომძიებელს მიღებისთანავე მივაწოდეთ. პოლიციის თანამშრომლებმა მარგოშვილის სახლის ეზოში ჩხრეკა ჩაატარეს და ნივთები ამოიღეს. გამომძიებელმა თურქიაშვილმა გია ხანგოშვილი ამის შემდეგ დააკავა და ბრალი ქურდობაში დასდო", - აცხადებს რუსლან ხანგოშვილი.

გამომძიებლის შუამდგომლობა, გია ხანგოშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების თაობაზე, ახმეტის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა 2007 წლის 4 სექტემბერს განიხილა და დააკმაყოფილა. ხანგოშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"დაზარალებულების ხაისბერტ ვაზინგმატისა და ჰენკ-იან ვან მაანენის ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ჩატარებული ჩხრეკის და მოწმეების გურამ და მადინა მარგოშვილების ჩვენებების მიხედვით, ქურდობა გია ხანგოშვილმა ჩაიდინა. ის სტუმრების ოთახში, ჩუმად მაშინ შევიდა, როდესაც მათ ეძინათ და ფარულად დაუფლების მიზნით, ნივთები გაიტაცა. ამით მან ჰოლანდიის მოქალაქეებს 21 300 ევროს ზიანი მიაყენა. ხანგოშვილმა ნივთები გადამალა, შემდეგ კი დანაშაულში მოსალოდნელი მხილებისაგან თავის არიდების მიზნით, ნაქურდალი ნივთები ჩუმად მიიტანა და ჩააწყო გურამ მარგოშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ჭაში", - ამბობს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან ღვედაშვილი.

განსასჯელის ადვოკატის მტკიცებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. "გია ხანგოშვილს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ქურდობის დროს ის იმყოფებოდა ბებიასთან, სხვა სახლში, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, და-ძმა გურამ და მადინა მარგოშვილები ჩვენებებში მიუთითებენ, რომ 2 მაისს, ღამით, დაინახეს როგორ გადავიდა მათ ეზოში გია ხანგოშვილი, რომელსაც ხელში ჩანთა ეკავა. უნდა აღინიშნოს, რომ მარგოშვილებს ასეთი ჩვენებები მიცემული აქვთ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. სინამდვილეში, ქურდობა გია მარგოშვილის მიერ არის ჩადენილი, რომელიც როგორც გავიგეთ, პოლიციასთან დაახლოებული ყოფილა. შესაძლოა, მათი აგენტიც არის და ამიტომ ცდილობენ დანაშაული სხვას გადააბრალონ" - ირწმუნება ადვოკატი ასლან ასლანიკაშვილი.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიებას არ დაუკითხავს სოფელ დუისის მკვიდრი გივი ბორჩაშვილი. იგი მიუთითებს, რომ ქურდობის ღამეს, გურამ მარგოშვილი, ომარ გაურგაშვილის საცხოვრებელი სახლის ახლოს ნახა. "ბნელოდა, მაგრამ ვიცანი, რომ გურამ მარგოშვილი იყო. მას ორი ხელჩანთა მიჰქონდა", - აღნიშნავს ბორჩაშვილი.

ჩვენ რამდენჯერმე შევეცადეთ მარგოშვილებთან გასაუბრებას, მაგრამ უშედეგოდ. მათი სასამართლო პროცესზე მიყვანა ამ დრომდე ვერც პროკურატურამ უზრუნველყო. სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში უკვე მეორედ გადაიდო. ამ ხნის განმავლობაში განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მამის, ომარ გაურგაშვილის ცნობით, გია ხანგოშვილი დაკავებამდეც ავად იყო და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და ორგანიზაცია "ტექნიკური დახმარება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. "რაც ციხეშია, მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეირყა. პროკურატურამ შემოგვითვალა, რომ გიამ დანაშაული აღიაროს და საპროცესო შეთანხმების გზით, მინიმალურ სასჯელს მოვითხოვთო, მაგრამ რაც არ ჩაუდენია, რატომ უნდა აღიაროს. თვითონ გიაც კატეგორიულ უარზეა", - გვითხრა განსასჯელის მამამ.

გია ხანგოშვილის საქმით, ცოტა ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრიც" დაინტერესდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ხანგოშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. "თელავის პროკურატურა ჩეჩნეთიდან ლტოლვილს უსაფუძვლოდ დევნის" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანგოშვილის გათავისუფლებას პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები და ადგილობრივი ქისტი მოსახლეობაც ითხოვს. ისინი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ.

ახალი ამბები