კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შურისძიების მსხვერპლი 12 წლით დააპატიმრეს

28 თებერვალი, 2008

 ნესტან ლონდარიძე
ნონა სუვარიანი, თბილისი

უდანაშაულო ადამიანს 12 წელი მიუსაჯეს. მიზეზი მეგობრის საჩივარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „დაზარალებულს“ საჩივრის უკან დაბრუნება სურს, პროკურატურა მას ამის საშუალებას არ აძლევს. ახლობლების თქმით, პროკურატურას პირადი ინტერესი ამოძრავებს.

ბესიკ ლეგაშვილი და ირაკლი მაისურაძე წლების მანძილზე მეგობრობდნენ. მათი შელაპარაკების მიზეზი ბესიკის შენიშვნა გახდა, რომელიც ირაკლის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ირაკლი მაისურაძეს ეს შენიშვნა არ ესიამოვნა, თუმცა მაშინ არაფერი უთქვამს. შურისძიება მოგვიანებით გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდა... შურისძიების კიდევ ერთი მსხვერპლი, საერთო მეგობარი გიორგი ტიგინაშვილი გახდა, მას 6 წელი და 6 თვე მიუსაჯეს...

ყველაფერი 2007 წლის 16 თებერვალს საგარეჯოს ცენტრში დაიწყო...

დაახლოებით დღის 4 საათზე, ბესიკ ლეგაშვილი და ირაკლი მაისურაძე ერთმანეთს რაიონის ცენტრში შეხვდნენ. ირაკლი ნასვამი იყო. გზაში, თეატრის შენობის კიბეებთან, მათ გიორგი ტიგინაშვილი დაინახეს. ბესიკმა მანქანაში ისიც შემოიპატიჟა. მარხვა იწყებოდა. ამიტომ ბესიკს იმ დღეს გიორგი წმინდას სალოცავში უნდოდა ასვლა. გზაში საყოფაცხოვრებო თემებზე საუბრობდნენ. ბესიკმა ირაკლის პირადულ საკითხზე ჩამოუგდო საუბარი და შეყვარებულთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა. საქმე ერთ ქალს ეხებოდა, რომელსაც ირაკლი ხვდებოდა. მეგობრებს არ უნდოდათ,  რომ მასზე დაქორწინებულიყო. რამდენიმე დღეში ირაკლი მისგან ბავშვს ელოდა.

ბესიკმა ირაკლის შესთავაზა სალოცავში წასვლამდე პროდუქტები ეყიდათ. ირაკლიმ მანქანა სახლთან გააჩერა, საწვავის საყიდლად ფული რომ აეღო. სახლთან რომ მივიდნენ, ირაკლიმ ბესიკი შეიპატიჟა, ბუხარი რომ ეჩვენებინა. ხშირად ამბობდა, ჩემს ოჯახში ბუხართან უნდა ვიქეიფოთო. გიორგი ტიგინაშვილი მანქანაში დარჩა.

ბესიკს მაშინ ნერვის მწვავე ანთება ჰქონდა და წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა. თან მარჯვენა ხელის მტევანზე ორი თითი აკლია. „დაზარალებულის“ პაპა იხსენებდა, სახლში ირაკლი და ბესიკი სიცილით შევიდნენ. ირაკლიმ პაპას და ბებიას გააცნო მეგობარი. ერთ-ერთ ოთახში ბესიკმა კომპიუტერი დაინახა და ირაკლის ზურგით დაუდგა. როდესაც ოთახში მარტონი დარჩნენ, ირაკლიმ ჰკითხა, სხვების თანდასწრებით მის პირად ცხოვრებაში რატომ ერეოდა. მიტრიალებისას ლეგაშვილმა ირაკლის ხელში იარაღი დაინახა.

„ხელები ასწიე და შენი იარაღი მომეცი“, - უბრძანა ირაკლიმ. ბესიკს  „ბრაუნინგის“ პისტოლეტი ჰქონდა. ბესიკმა იარაღი იატაკზე დადო. შემდეგ მოტრიალდა და ირაკლის იარაღზე ხელი აუკრა. ბესიკი ფიზიკურად ირაკლიზე ბევრად სუსტია, თან ხელი დაზიანებული აქვს. იატაკზე დაეცა და ლულას იჭერდა, ირაკლის რომ არ ესროლა. ჩხუბი აივანზე გაგრძელდა. სწორედ აივანზე ირაკლიმ ბესიკ ლეგაშვილს თავში კონდახი ჩაარტყა. ამ დროს ხმაურზე პაპა გავარდა აივანზე და ისიც იარაღის წართმევას ცდილობდა. ხმაური მანქანაში მყოფმა გიორგიმაც გაიგო და აივანზე შევარდა. ის ფიზიკურად შედარებით ძლიერია, ირაკლის იარაღი წაართვა და პაპას გადასცა, შეინახეთო. პაპამ ბიჭებს ურჩია იქაურობს გარიდებოდნენ.

16 თებერვალს მომხდარი ამბის ეს  ვერსია მსჯავრდებულის ახლობლებს და იურისტს ეკუთვნის. სხვაგვარად იხსენებს მომხდარს „დაზარალებული“ ირაკლი მაისურაძე.

მისი თქმით, მას და ლეგაშვილს შორის იმ დღეს შელაპარაკა არ მომხდარა. „ჩემი კუთვნილი ავტომანქანა „ნივით“ მივდიოდი, როდესაც ბესიკ ლეგაშვილმა და გიორგი ტიგინაშვილმა გამაჩერეს, ჩასხდნენ მანქანაში და მითხრეს გიორგი წმინდას სასადილოში წამეყვანა. ნასვამები იყვნენ. განსაკუთრებულად, ბესიკ ლეგაშვილი, რომელიც ჩემს გვერდით დაჯდა. 200-300 მეტრში იარაღი ამოიღო და გვერდიდან მომაბჯინა. პოლიციასთან შევჩერდი, მაგრამ ბესიკმა მითხრა პოლიციასთან ნუ გააჩერებ და იარაღი გადატენა... გიორგი ტიგინაშვილი მეუბნებოდა, გააკეთე, რასაც გეუბნება, თორემ ყველაფრის გამკეთებელიაო... მანქანა მომთხოვა, მაგრამ არ დავუთმე... სახლამდე მივედი, ფული უნდა გამომეტანა მათთვის. ლეგაშვილმა იარაღი საქამრეში ჩაიდო და სახლში შემომყვა. მე ჩემი ოთახისკენ გავემართე...

ოთახიდან რომ გამოდიოდა ლეგაშვილი, ფარდის უკან მიყუდებული თოფი, გადავტენე და მივუშვირე. იარაღში ვაზნები არ იყო. მოვთხოვე თავისი იარაღი და მანქანის გასაღები“. დაკითხვის დროს ირაკლი მაისურაძე ასეთ ჩვენებას აძლევდა.

ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბესიკს იარაღი მართლაც ჩაარტყა. ხოლო ტიგინაშვილი, მისი თქმით, ოთახში მართლაც მას შემდეგ შემოვიდა, რაც ხმაური გაიგონა.

„ტიგინაშვილი გვაშველებდა, „გაჩერდით, რას შვრებითო“ გვეუბნებოდა.  ამ დროს წამიერად გონება დავკარგე“, - ირაკლი მაისურაძე სასმართლო პროცესის დროს იხსენებს.

გამოდის რომ გიორგი ტიგინაშვილს 6 წელი მიუსაჯეს მხოლოდ სიტყვებისთვის: „გააკეთე, რასაც გაუბნება, თორემ ის ყველაფრის გამკეთებელია“...

თუმცა ამ საქმეში ეს არ არის ერთადერთი დამაეჭვებელი პირობა. ბესიკ ლეგაშვილის და გიორგი ტიგინაშვილის ახლობლების აზრით, ირაკლი მაისურაძე ამ საქმეში მხოლოდ მარიონეტია. რეალურად ბესიკ ლეგაშვილის დაპატიმრება პროკურატურის ინტერესებში შედის და ამ მიზნისთვის ირაკლის იყენებს.

ბესიკ ლეგაშვილის მეუღლესთან, მაია ბუჩაშვილთან საუბრისას გაირკვა, ეს ბესიკის პირველი ნასამართლეობა არ არის. პირველად ის 10 წლის წინ გაასამართლეს.
„პირველი ნასამართლეობის დროს ისეთი ჩვენება არ მისცა, როგორიც პროკურატურას უნდოდა.  პროკურატურაში ამბობენ, რადგან ის არ გააკეთა,  ჩვენ რაც გვინდა, ნახავს,  რაც მოუვაო“.

გიორგი ტიგინაშვილის და, ხათუნა ტიგინაშვილი კი ამბობს, რომ ირაკლიმ მას თავად უთხრა, პროკურატურა მას, ამ ჩვენების სანაცვლოდ ბათუმში პატრულში მუშაობის დაწყებას პირდება. 

ხათუნა ტიგინაშვილი: „მეორე დღესვე მივედი მის ოჯახში. მან თქვა, რომ გიორგისთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ ბესოსთან მოუვიდა კამათი და ჩხუბი, გიორგი კი გვაშველებდაო. მითხრა, რომ პატრულის უფროსი ზაზა ყორღანაშვილი, რომელიც რაიონში გამგებლის ქვისლია, აძალებს, ის თქვას და დაწეროს, რასაც უკარნახებენ. თითქოს გიორგიზე სხვა რაღაცეებიც აქვს და მაინც დაიჭერს.  ირაკლიმ მითხრა ზაზა ყორღანაშვილი გააჩუმე და მეც პრობლემა არ მექნებაო. თავად ირაკლის პაპა ამბობდა, გიორგი რომ არ შემოსულიყო, ჩვენს ოჯახში მკვლელობა მოხდებოდა. გიორგიმ გაგვაშველაო“.

მაია ბუჩაშვილის აზრით, გიორგი ტიგინაშვილი ამ საქმეში მხოლოდ იმიტომ ჩარიეს, რომ ჯგუფური თავდასხმა გამოსულიყო.

ბესიკის მეუღლე კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ მიმართა ირაკლიმ პოლიციას. „ჩემი მეუღლე და მე ვხვდებით, მას უბრალოდ შეეშინდა იმის, რომ ჩემი მეუღლე მას არ აპატიებდა, თავში რომ ჩაარტყა. შეეშინდა და ამიტომ წავიდა პოლიციაში“.

ინციდენტის შემდეგ ირაკლი მაისურაძემ საქართველო დატოვა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ის ესპანეთში ცხოვრობდა. იქიდან საელჩოს მეშვეობით ლეგალიზებული წერილიც გამოგზავნა, სადაც ამბობდა, რომ ყველაფერი გაუგებრობა იყო. და „მსჯავრდებულების“ მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს. სასამართლოს სთხოვდა, რომ საქმე განსასჯელის სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

ბესიკ ლეგაშვილის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თქმით, პროკურატურას თავისუფლად შეეძლო ეს წერილი შეცვლილ ჩვენებად ჩაეთვალა, მაგრამ უბრალოდ არ მოინდომა. ესპანეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სასამართლო პროცესის დროს, მაისურაძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს, „გაუგებრობაში“ რას გულისხმობდა. საუბარია კიდევ ერთ წერილზე, რომელიც ირაკლიმ განსასჯელის მეგობრებს გადასცა.  ამ წერილს ანალოგიური შინაარსი აქვს. „დაზარალებული“ მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. სასამართლო პროცესის დროს ირაკლიმ განაცხადა, რომ წერილი „მსჯავრდებულების“ ახლობლების თხოვნით დაწერა.

ნესტან ლონდარიძე საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც სასამართლო პროცესის დროს გამოვლინდა.

 „იმ დღეს ირაკლი მაისურაძე ძალიან მთვრალი იყო. მოწმეების თქმით, 12-13 ლიტრი 4 კაცთან ერთად ჰქონდა დალეული, ვფიქრობ, მან სიტუაციის პროვოცირება მოახდინა.

ირაკლი, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო, იმავე დღეს დაკითხეს. რაც კანონდარღვევაა. ის მოვლენებს რეალურად ვერ აღიქვამდა, რის გამოც  ბესიკ ლეგაშვილთან ურთიერთობა არასწორად შეაფასა. ჩვენების მიცემის შემდეგ, ხელწერილის ჩამორთმევის გზით, მას შესაძლებლობა მოესპო მისცეს სწორი ჩვენება.

როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე საქმის სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულად და ცალმხრივად, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდები, ხოლო მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გახდა ნათელი და ადასტურებს ბესიკ ლეგაშვილის ქმედებაში  დანაშაულის ნიშნების არარსებობას, სასამართლომ არ გაიზიარა.

ის ფაქტი, რომ საყაჩაღოდ ინვალიდი ადამიანი შედის, რომელიც სრულფასოვნად ვერ ხმარობს მარჯვენა ხელს, ამასთანავე ნერვის მწვავე ანთების გამო წელში მოხრილი დადის და გარეთ რჩება ჯანმრთელი გიორგი ტიგინაშვილი, დამეთანხმებით, რეალობას მოკლებულია. თავად დაზარალებული, ირაკლის პაპა, ბეჟია მარგველანი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მის შვილიშვილს ბესიკ ლეგაშვილი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

ბეჟია მარგველანი თავის ჩვენებაში ასევე ადასტურებს, რომ გიორგი ტიგინაშვილმა იარაღი წაართვა მოჩხუბრებს და მას გადასცა შესანახად. რამდენად რეალურია საყაჩაღოდ მისული მსჯავრდებული, რომელიც თითქოსდა იარაღის მუქარით ცდილობდა დაყაჩაღებას, იარაღს დაზარალებულს აძლევდეს? დაზარალებულის ეს ჩვენება კი სასამართლოს რატომღაც საერთოდ არ გაუთვალისწინებია“.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საგარეჯოს  სასამართლომ სრულიად უკანონო  და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი უცვლელი დატოვა. ამიტომაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს.

ახალი ამბები