კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია - „ეს მკვლელობები არ არის შემთხვევით, დროსა და სივრცეში დამთხვეული ფაქტები“

5 მარტი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შექმნილი დაპირისპირების შემდეგ, პოლიტიკური პატიმრების თემა, რევოლუციის შემდეგ ისედაც აქტუალური, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ კი საზოგადოებამ პოლიტიკურ მკვლელობებზე დაიწყო საუბარი. ვინ ხდება საქართველოში პოლიტპატიმარი და როდის ხდება ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობა? ამ და სხვა თემებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადვოკატ ეკა ბესელიას ესაუბრება.                                                                                                                

ჟურნალისტი: ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის პოლიტიკურ მკვლელობაზე საუბრობს. პოლიტიკურ მკვლელობებზე საუბრობდნენ ასევე ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, გიორგი სანაიას სიკვდილის შემდეგ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, როდის ხდება საქართველოში პოლიტიკური მკვლელობა?

ეკა ბესელია: იქამდე, სანამ ბრიტანული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პროფესიონალური და საბოლოო დასკვნა არ დაიდება, იყო თუ არა ეს მკვლელობა, მკვლელობის კვალიფიკაციისგან, როგორც იურისტი, თავს შევიკავებდი. როგორც პოლიტიკოსი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. ხელისუფლებამ ეს ადამიანი სიცოცხლეშივე გაიმეტა. სამშობლოს მოღალატის ბრალდება ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს წაუყენო. „საბჭოური“ ტექნიკით გაკეთებულმა  ფილმებმა, ხელოვნურად შექმნილმა კავშირებმა, თითქოს ის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, იმოქმედა მასზე. ყველა ეს მკვლელობა არ არის შემთხვევით დროსა და სივრცეში დამთხვეული ფაქტები. ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს გარდაცვალების ან მკვლელობის სკანდალური ფაქტი ყოველთვის თან ახლავს. მკვლელობას უკავშირდება შემდგომი პოლიტიკური პროცესებიც. დღესაც, როდესაც ქვეყანაში მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საერთო სახალხო მოძრაობის საპროტესტო ტალღას ვგულისხმობ, ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. ის ოპონენტების წინააღმდეგ დაუშვებელ არაპოლიტიკურ მეთოდებს მიმართავს. ამუშავებულია რეპრესიული მანქანა, როგორ გაანადგუროს, პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკურად საშიში ოპონენტები. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება ასეთ ვითარებაში გასაკვირი არ არის. არ ვიცი, არის თუ არა ამაში ჩართული სპეცსამსახური, ფაქტია, ეს არის დიდი პოლიტიკური თამაშის შემადგენელი კომპონენტი. ძალიან მალე გამოჩნდება, რა პროცესებს გამოიწვევს ეს ფაქტი, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ხალხში საპროტესტო ტალღა გაიზარდა.

ჟ: პოლიტიკური პატიმრების თემა გახლავთ ერთ-ერთი სადაო თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როგორ შეაფასებთ, რა მდგომარეობაში არიან საქართველოში პოლიტპატიმრები?

ე.ბ: ქვეყნის საპყრობილეებში საკმაოდ ბევრი პოლიტპატიმარია. გაცილებით მეტი, ვიდრე იმ სიაში დავაფიქსირეთ, რომელიც ხელისუფლებას გადაეცა. სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი ვერ მოხვდა სიაში. მაგალითად, გიორგი კუპრეიშვილი. აჭარის მოვლენების დროს ასლან აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი დააკავეს. ხელისუფლებას მასთან თანამშრომლობა სურდა. მას სთხოვდნენ, საჯარო განცხადება გაეკეთებინა იმის თაობაზე, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მხარს უჭერდა და ა. შ. ბატონმა კუპრეიშვილმა განაცხადა, რომ ამგვარ განცხადებებს კამერებთან არ გააკეთებდა. თუმცა ამბობდა, ოფიციალურად ვემხრობი ცენტრალურ ხელისუფლებას და ყოველთვის ვიყავი ქვეყნის სამსახურშიო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, ის მაინც დააპატიმრეს. პირველად სიაში იმიტომ არ მოხვდა, რომ აქცენტი 25 სექტემბრის შემდგომ და 7 ნოემბერთან დაკავშირებულ პირებზე იყო გაკეთებული. მოგვიანებით ამ სიას რამდენიმე ადამიანი დაემატა. თუმცა, ეს სია სრული მაინც არ არის. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად მივაღწევთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

პატიმრობა ამ ადამიანების იზოლაციისთვის არის საჭირო. იმისთვის, რომ პოლიტიკური, ოპოზიციური ფრონტის ხაზიდან მოწინააღმდეგეები ჩამოიშორონ და მიზნის მისაღწევი გზა გაიოლონ. მიზანი კი ხელისუფლების შენარჩუნებაა.


ჟ: დღემდე არ გადაწყდა ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი საქმეს ოქრუაშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტს და მისი ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება, რა გეგმები აქვს მას? აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას?

ე.ბ: სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იქნება, ის არ დაუშვებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში ლეგალურად ჩამოვიდეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. ამას ყველა მეთოდით შეეწინააღმდეგება. ხელისუფლებას პოლიტიკურ ინსტრუმენტებად პროკურატურის და სასამართლოს იარაღი აქვს გამოყენებული. ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია, პატიმრობის ბრძანებაც გაცემულია. როგორც კი ის ქვეყანაში ფეხს შემოადგამს, მას დააკავებენ. ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილი იქამდე არ შეცვლის, სანამ ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას  და დაწყებულ ბრძოლას არ შეეშვება.

ვნახოთ, საფრანგეთის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება. იქ დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია. ამის მაგალითი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება გახლავთ. საქართველოში ამას კანონიერი მეთოდებით ვერ მივაღწევდით. თუ ოქრუაშვილი მიიღებს პოლიტიკურ თავშესაფარს და საფრანგეთში დარჩება, მას სააკაშვილი მაინც არ შემოუშვებს. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ და ეს ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზეც აისახება. ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს ქვეყანაში დაბრუნება და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება თავისუფლად შეეძლება.

ჟ: არის თუ არა გარკვეული პარტიის ოფისის საკითხი? დღემდე ადევს მას ყადაღა? გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები პროკურატურასთან?

ე.ბ: ოფისის  თემა ყველაზე საინტერესოა. გენერალურ პროკურატურას, რომელსაც კონსტიტუციურად ევალება საჩივრებზე, განცხადებებზე და ა.შ. რეაგირება მოახდინოს, სირაქლემას პოზა უჭირავს: არ ესმის, ვერ ხედავს. ეკა ტყეშელაშვილის სახელზე პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ. გასაჩივრებულია ფაქტი, რომ ოფისში პოლიტიკურ პარტიას და მის მესაკუთრეებს არ უშვებენ. ოფისს ჰყავს თერთმეტი მესაკუთრე, ერთ-ერთი ოქრუაშვილია. დაყადაღებულია ოქრუაშვილის კუთვნილი ქონება, ეს არის ქონების ერთი მეთერთმეტედი ნაწილი, პატარა ოთახი თავისი სველი წერტილით. საინტერესოა ერთი რამ. ყადაღის დადება ნიშნავს იმას, რომ ამ შენობის გაყიდვა არ შეიძლება, თუმცა სარგებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება არავის მიუღია. ანუ ოქრუაშვილის დაყადაღებული ქონების ნაწილის სარგებლობაც არის კანონიერი. აღარაფერს ვამბობ დანარჩენ ნაწილზე, რომლის მესაკუთრეებიც თანახმანი არიან, რომ ამ ქონებით ვისარგებლოთ.

შენობაში სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი. მივმართეთ პროკურატურას, რომ სპეცდანიშნულების რაზმი შენობაში უკანონოდ იმყოფება. რის საფუძველზე? ვინ მისცა ამის უფლება? ამბობენ, რომ ასრულებენ დავალებას. ვეკითხებით, რა დავალებას ასრულებენ, გვაჩვენონ დოკუმენტი. ამბობენ, ჩვენ გვაქვს სიტყვიერი დავალება, მიბრძანდით შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბატონ მერაბიშვილთან გვამისამართებენ. რა საქმე გვაქვს მერაბიშვილთან? მას არავითარი უფლება არ აქვს საკუთარი რაზმი პარტიის ოფისში შეიყვანოს. ეს არის სრულიად გაუგებარი რამ. ეს არის საკუთრების უფლების პირდაპირი ხელყოფა. გენერალურ პროკურორს წერილი სახალხო დამცველმაც მისწერა. წერილებს რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. ამ დროს გვეუბნებიან, მოდით, დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთო... ვაპირებ ისევ მივმართო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, ყველა ორგანოს, ვისაც ამ ოფისთან შეხება აქვს. იძულებულები ვართ სასამართლოსაც მივმართოთ.

ჟ: წლების განმავლობაში თქვენ ადვოკატად მუშაობთ. თქვენი დაკვირვებით, ბოლო წლების მანძილზე რა სფეროში ირღვევა ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები?

ე.ბ: ყველაზე გამოკვეთილია სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა. ადამიანებმა დაკარგეს სასამართლოში მათი დარღვეული უფლებების თაობაზე სამართლის პოვნის იმედი და შესაძლებლობა. სასამართლო სწორედ ის ორგანოა, რომელიც ბალანსს იცავს და შემაკავშირებელი რულის ფუნქციას ასრულებს საზოგადოებასა და ანარქიულ პროცესებს შორის. როგორც კი იკარგება ეს ფუნქცია, იქ ყველაფერი ირღვევა. ის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ არის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ხდება, დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე აისახა.

მნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების ხელყოფაც.  ჩვენ უკვე აღარ გვეძლევა შესაძლებლობა, ავირჩიოთ ვინ უნდა გვყავდეს ხელისუფალი. ბოლო გაყალბებული არჩევნები ამას ცხადყოფს. არ შემიძლია არ ვთქვა, გასულ წლებში სპეცოპერაციებს 37 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში პოლიციური დიქტატი არსებობს და საქართველო პოლიციური სახელმწიფოა. არც ერთ ასეთ საქმეზე დამნაშავე ჯერ არ დასჯილა. 7 ნოემბრის ფაქტზე არც ერთი მოხელე არ დასჯილა. ვფიქრობ, რომ მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ამ ხელისუფლების მშვიდობიანი კონსტიტუციური წასვლაა.

ახალი ამბები