კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე სცემეს

5 მარტი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშროლების მიერ, მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა კახეთის საოლქო პროკურატურას.

ინციდენტი 2008 წლის 24 თებერვალს, ქ. თელავში მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე თამაზ ბოჭორიშვილს ავტომანქანა გაჩერებული ჰქონდა იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია. "ჩვენს მოთხოვნაზე, გამოეყვანა ავტომანქანა, მოქალაქე არ დაგვემორჩილა. ამის შემდეგ მასთან მივედით და საბუთები მოვთხოვეთ, რაზეც მან უარი გვითხრა. გადმოვიდა მანქანიდან და ჩხუბი დაგვიწყო. ვთხოვეთ, დაწყნარებულიყო და საბუთები მოეცა, მან კი გინებით გვიპასუხა და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება სცადა, რის გამოც ორივე პოლიციელი წავიქეცით. მოქალაქე კვლავ აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას. დაგვიწყო მუქარა და ბოლომდე არ დაგვემორჩილა. ამიტომ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იგი დავაკავეთ", - აღნიშნავს საპატრულო პოლიციის ინსპექტორი მიხეილ ხანჯალიაშვილი.

სამართალდამცავების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ თამაზ ბოჭორიშვილი, მისი მეუღლე ლალი ბოჭორიშვილი და თვითმხილველები.

"ნაშუადღევს ჩემი მეუღლე მანქანით მივიყვანე თელავის ბაზართან. მანქანა გავაჩერე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები და მომთხოვეს მანქანა გამომეყვანა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა. პოლიციის მანქანა პირდაპირ ჩემს წინ იდგა და გადაადგილებას ვერ ვახერხებდი. ვუთხარი კიდეც მათ ამის შესახებ, მაგრამ მომცვივდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს", - ამბობს თამაზ ბოჭორიშვილი.

ლალი ბოჭორიშვილის ცნობით, რომელიც ინციდენტს პირადად შეესწრო, სამართალდამცავებმა მისი მეუღლე მანქანიდან გადაათრიეს.

"უყვიროდნენ, ვის უწევ წინააღმდეგობას, აზრზე მოდიო. ცემის დროს წააქციეს, თვითონაც წაიქცნენ და მიწაზე გორაობდნენ. მალევე საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც მოვიდნენ, თამაზს ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს", - იხსენებს ლალი ბოჭორიშვილი.

იგივეს ამბობენ თვითმხილველებიც. ელდარ ქევხიშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა თამაზ ბოჭორიშვილს პროვოკაცია მოუწყეს და ისე დააკავეს.

მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად, შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე დეკანოიძე აცხადებს, რომ დაკავებული არავის უცემია.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა განიხილა. მოსამართლე მთლიანად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ხანჯალიაშვილისა და მამნიაშვილის ჩვენებებს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ პროცესზე თამაზ ბოჭორიშვილმა ითხოვა, სასამართლოს ობიექტურობის დასადგენად თვითმხილველები დაეკითხა, რომლებიც სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მოსამართლე ამით არ დაინტერესდა. ნათელა ჯაშიაშვილმა დაკავებული ბოჭორიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და მას 5 დღე – ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, ინფორმაცია, მედიით, იმავე დღეს გავრცელდა, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

მომხდარით ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დაინტერესდა. "შევხვდით დაკავებულს, ასევე მის მეუღლეს და თვითმხილველებს. გავეცანით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და სხვა მასალებს. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლება – მოსილებას. ამიტომ მივმართეთ კახეთის საოლქო პროკურატურას, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს", - აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, მინიმუმ, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ.

ახალი ამბები