კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონპროექტი ნარკოტიკების შესახებ: წინ გადადგმული ნაბიჯი თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო PR კამპანია?

12 მარტი, 2008

ვისთვის ან  რისთვის იქმნება კანონპროექტი?

ნონა სუვარიანი, თბილისი


საქართველოში, სავარაუდოდ, 250 ათასი ნარკოტიკზე დამოკიდებული პირი ცხოვრობს. ექსპერტების აზრით, კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული და შეცვლას საჭიროებს. თუმცა კანონპროექტზე, რომელსაც ამჟამად პარლამენტის სხვადასხვა კომოტეტში განიხილავენ, შეთანხმება უჭირთ. ვინ არის დაინტერესებული მომხმარებლის „ბარიგად“  „გასაღებაში“?   რატომ არის მიუღებელი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?  და საერთოდ, რას ცვლის კანონპროექტი?

თამარ სირბილაძე, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელთან ერთად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ნარკომანიის ეპიდემიასთან გვაქვს საქმე. მოქმედ კანონმდებლობაში კი უამრავი მკვდარი მუხლია ჩადებული. 

კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია. მასში შედის ძირითადი კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახე“, ასევე ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცვლილებები შესაძლებელია საჯარო კოდექსშიც. ეს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო კონვენციებთან ჰარმონიზებას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სურს არსებული კანონმდებლობის შეცვლა,  უამრავი ექსპერტი კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

„კავშირი ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი, დავით ოთიაშვილი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც კანონპროექტს ეწინააღმდეგება. „პრინციპების დონეზე რომ ვისაუბროთ, კანონმდებლობა ფოკუსირებულია დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებაზე, განკურნებაზე, ადაპტაციაზე. ერთადერთი ფორმალური მინიშნება, რომელიც აძლევს საშუალებას საპირისპირო ამტკიცონ, მოქმედ ჩარჩო კანონში ჩადებული ფრაზაა, „ნარკომანია არის დაავადება“. მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, პროკურატურა და სასამართლო ამ ფრაზას ყურადღებას არ აქცევენ. რადგან კოდექსების მუხლები მიუთითებენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან შეხება აქვს, დამნაშავეა. კანონიც შესაბამისად ეპყრობა“.

დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, დავით ოთიაშვილის აზრით, კანონპროექტიც არ ცვლის. დღევანდელი კანონი მომხმარებელს და გამსაღებელს არ მიჯნავს. ნარკომანს ხშირად როგორც „ბარიგას“ ასამართლებენ. აქედან გამომდინარე მისჯილი აქვთ 7, 10 თუ მეტი წელი...  ის ამბობს, რომ კანონპროექტი ფასადურია და გათვლილია წინაასარჩევნო კამპანიაზე. „თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 250 ათასი ნარკომანია, მათი ოჯახები საკმაოდ მნიშვნელოვან ციფრს შეადგენენ. კანონის ასეთი PR კამპანია ამომრჩევლის მოსაზიდად არის. თუმცა რეალურად არაფერი შეიცვლება“.

საკანონმდებლო პოლიტიკა ნარკომაფიის ინტერესების გათვალისწინებით?

ყველა, ვინც ისჯება ნარკოტიკებთან შეხების გამო, ისჯება 260-ე მუხლით. მოქმედი კანონმდებლობის ამ მუხლით, მომხმარებელს და გამსაღებელს ერთნაირად ასამართლებენ.

დავით ოთიაშვილი: „მოქმედი კანონმდებლობა არ განასხვავებს მომხმარებელს, რომელიც ფლობს ნარკოტიკულ საშუალებას პირადი მოხმარებისთვის და გადამყიდველს, რომელიც აპიარებს ნარკოტიკს და ამაზე ფულს აკეთებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მომხმარებელთა უმრავლესობას ნარკოტიკზე დამოკიდებულება დაუდასტურდათ, ხოლო გასაღება ან გასაღების მიზანი არ გამოვლინდა,  მათ 8, 6, 10 წელი მაინც მიუსაჯეს.  ამ კუთხით პროექტში მხოლოდ ფორმალური ცვლილებებია, იმისთვის, რომ ევროპაში სათქმელი ჰქონდეთ“.

ადვოკატი ნანა გვეტაძე დიდი ხანია ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობს. ის საქართველოში გავრცელებულ პრაქტიკაზე საუბრობს. „ამ ხარვეზის გამო ტიპიურ მომხმარებელს დაახლოებით 10 წელს უსჯიან იმის გამო, რომ ვერ მოასწრო დოზის „გაკეთება“ და „ფაქტით“ დაიჭირეს, მაგალითად, 0.001 გრამი ჰეროინით“.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ის, თუ რატომ არიან დაინტერესებულნი სამართალდამცავი ორგანოები, რომ მომხმარებლები გამსაღებლებად გაასამართლონ?

ამას „ნარკოტიკების მომხმარებელთა დაცვის მონიტორინგის პროექტის“ დირექტორი, ალექსი შოშიკელაშვილი ასე ხსნის:
„სამართალდამცავები ტრაბახობენ, თითქოს გამსაღებლებს ებრძვიან. ამ დროს რეალური სტატისტიკური მონაცემებით რომ ვიხელმძღვანელოთ, გაირკვევა, ისინი მომხმარებლები არიან. დასაჭერებს კი არ იჭერენ. პოლიცია გამსაღებლებთან შეკრულია. ეს არის ის მაფიოზური გაერთიანებები, რომლებსაც სახელმწიფო ხელს არ კიდებს. ეს დანაშაული დასაყრდენს ყოველთვის სახელმწიფო დაწესებულებებში, პარლამენტში, ძალოვან სტრუქტურებში პოულობს. ბევრი ადამიანი მიზნობრივად რეგულირებს ამ მიმართულებას, ბევრი კი უბრალოდ ვერ ათვიცნობიერებს, რომ თავის  გადაწყვეტილებით და უმეცარი მიდგომით, ნარკოპოლიტიკას სწორედ ნარკომაფიის ინტერესებით განსაზღვრავს“.

თამარ სირბილაძე ამბობს, რომ კანონპროექტში ეს უხეში ხარვეზი გამოსწორებულია. 260-ე მუხლში ცვლილებებია შეტანილი. მომხმარებელი და გამსაღებელი გაიმიჯნებიან. პრაქტიკაში ეს იმით აისახება, რომ მცირე ოდენობისთვის სასჯელის ნაცვლად ჯარიმა დაწესდება“.

ნანა გვეტაძე აცხადებსა, რომ ამ კუთხით კანონპროექტი მდგომარეობას საერთოდ არ ამსუბუქებს, პირიქით, ამძიმებს.

„სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის თანახმად, მცირე ოდენობის ფლობაც დასჯად ქმედებად ცხადდება. ეს კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის 45-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს“.

ლადო ულუმბერაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტია. მისი კომიტეტი ერთ-ერთია, რომელიც განიხილავს კანონპროექტს. „კარგია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ნარკომხმარებელთა ცალკე კატეგორიად გამოყოფის და ავადმყოფთა კატეგორიაში გადაყვანის მცდელობა აქვს. თუმცა კანონი უფრო მეტ გამყარებას და გაღრმავებას საჭიროებს“.

„არ იფიქროთ, რომ ამ კანონის საფუძველზე გარეთ გამოხვალთ-მეთქი“

ჩვენი რესპოდენტი, (მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ახლობლები შიშობენ, ციხეში საფრთხე დაემუქრება) ისევე, როგორც უამრავი პატიმარი სასჯელს ნარკოტიკის მხოლოდ მოხმარებისთვის იხდის. ის 7- ჯერ დააკავეს, ჯარიმაც გადაახდევინეს და 4 წელი და 6 თვეც მიუსაჯეს.

ის გაასამართლეს სისხლის სამართლის 173-ე მუხლით. კანონპროექტში ეს მუხლი გაუქმებულია. სწორედ ამიტომ ამ მუხლით გასამართლებულ პატიმართა ოჯახებს იმედი აქვთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, პატიმრებს გაანთავისუფლებენ.

ამას  თამარ სირბილაძეც არ უარყოფს: „კანონმდებოლობა როდესაც მსუბუქდება, შესაბამისად, ვინც უფრო მძიმე მუხლით იყო დასჯილი, ყველა საქმე უნდა გადაიხედოს“.

დავით ოთიაშვილი: „ერთი რამ მართლაც შეიცვალა, 273-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ხალხს ფული წაართვეს, აუქმებენ. ეს მუხლი ნარკოტიკის მეორედ  მიღებაზე 2 ათას ლარიან ჯარიმას ან 1 წლიან პატიმრობას აწესებს. ამის საფუძველზე აქვთ სალაპარაკო, რომ ნარკოტიკების დეკრიმინილიზაციას ვახდენთო. ანუ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანს სხეულში ნარკოტიკი აღმოაჩნდა ის ციხეში არ მოხვდება. ასეთი ადამიანები ციხეში თითქმის არც ხვდებიან. მათ ართმევენ ფულს და პირობითს უსჯიან“.

273-ე მუხლის გაუქმებას ალექსი შოშიკელაშვილიც ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მუხლის გაუქმებასთან ერთად ჯარიმათა რაოდენობაც იზრდება.
„პირველივე დაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია ან ჯარიმა ან 30 დღიანი პატიმრობა. ამ ხნის მანძილზე ნარკომანები ციხეში არაადამიანურ პირობებში იქნებიან. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი მაინც გაიკეთებენ და მათ ისევ დაიჭერენ. ასეთი მიდგომით ხელისუფლება2ნარკოტიკების ელიტარულ მოხმარებას აკანონებს. მე თუ მაქვს ფული, მეუბნებიან, რამდენიც გინდა მოიხმარეო, უბრალოდ ყოველთვის, როდესაც გამოგავლენთ, ფული გადაგვიხადეო. ის ადამიანი, ვისაც ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, დაჯარიმების შემთხვევაში აიძულებენ მოიპაროს, სახლიდან გაიტანოს და ა.შ. ან 30 დღე არადამიანურ პირობებში საპატიმროში გაატაროს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში 273-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „არ შეიძლება, წინასწარი განცხადების გაკეთება მხოლოდ იმის გამო, რომ პატიმართა ოჯახებს თავი მოაწონო. პატიმრებს პირდაპირ ვუთხარი, არ იფიქროთ, რომ ამ კანონის საფუძველზე გარეთ გამოხვალთ-მეთქი.

ამ კანონით პატიმრებს არაფერი ეშველებათ, მასში არ წერია რომ კანონს უკუძალა აქვს. ამიტომ, ჩვენი კომიტეტის პოზიციაა, მასში შესწორება შევიტანოთ. თუ ახალი კანონით 273-ე მუხლი (ნარკოტიკების მოხმარება) გაუქმდება და ადმინისტრაციულ სამართალში გადავა, რატომ უნდა იჯდეს პატმარი ციხეში იმაზე, რაც აღარ არსებობს?! აუცილებლად შევიტან შენიშვნას, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე, მათ, ვინც ნარკოტიკების მოხმარების გამო ზის ციხეში, შეღავათი მიიღონ“.

ალექსი შოშიკელაშვილი: „რეალურად ნარკოტიკების მომხმარებლები ციხეში 260-ე მუხლით ზიან, 95% - 93%. 273-ე მუხლის გაუქმებით ათეულობით ადამიანი განთავისუფლდება, ათობით ათასი კი ციხეში დარჩება. ასე რომ ჰარში რჩება პრეზიდენტის სიტყვები, რომ ნარკოტიკის მომხმარებლები ავადმყოფები არიან“.

ლადო ულუმბერაშვილი ამტკიცებს, რომ ეს საკითხი სერიოზულ დახვეწას მოითხოვს. „დღეს გვაქვს განმარტება: „გასაღების მიზნით მცირე ოდენობა...“ აღნიშნული მიდგომა არ არის მართებული. ადამიანს რა აქვს თავში, არავინ იცის, გასაღებისთვის უნდოდა თუ მოხმარებისთვის. სამწუხაროდ, ეს განმარტება უცვლელი რჩება.

ახალი ამბები