კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიუჯეტი ნარკოტიკების მომხმარებელთა ხარჯზე იზრდება

13 მარტი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

წელს სასამართლოს მიერ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ორი მუხლით დაკისრებულ ჯარიმებზე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოების მიერ ჯარიმების ასეთი მასშტაბით დაკისრება პირდაპირი დაკვეთაა. შეღავათები, რომლებსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ნარკოტიკების შესახებ  კანონპროექტიდან ამოღებულია. ის ჯარიმების გაოთხმაგებას ითვალისწინებს.

მოქმედი კანონი პატრულს იმის უფლებას აძლევს, რომ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ადგილას გააჩეროს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანოს. პირველი დაკავების შემთხვევაში მას 500 ლარიანი ჯარიმით სჯიან, შემდგომ დაკავებებზე - მათ ან ციხე ემუქრება, ან 2 ათასი ლარი და პირობითი პატიმრობა.

დავით ოთიაშვილი, „კავშირი ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი: „როდესაც ადამიანი პოლიციის ყურადღების ცენტრში ერთხელ მაინც ხვდება, პოლიცია მას თვალს აღარ აშორებს. და კვლავ აკავებენ. ცხადია, 500 ლარიანი ჯარიმა არ კურნავს მას და ის  ნარკოტიკების მიღებას კვლავაც აგრძელებს. დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიციას ასეთი მიდგომა აქვს: ვინც ერთხელ დააჯარიმეს, მას განსაკუთრებული ენერგიით დარაჯობენ და დასდევენ, სასამართლოც იგივე პრინციპით მოქმედებს“.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ვერ გადაიხდის, მისი ქონება იყიდება. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ერიკ (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) სახლი აუქციონის წესით, საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდეს, დაავადებული დედა კი უსახლკაროდ დატოვეს. გაყიდვის  მიზეზი 800 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობა გახდა. ასეთ სანქციას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტიც არ გამორიცხავს.

მას შემდეგ, რაც პატრული ეჭვის ქვეშ მყოფს ლაბორატორიაში წაიყვანს, მას უფლება აქვს შემოწმებაზე უარი თქვას. მოქმედი კანონმდებლობით ამის გამო ვერ დასჯიან.

დავით ოთიაშვილი: „ეს ინფორმაცია მომხმარებლებში გავავრცელეთ. დაიწყეს უარის თქმა. გაგიჟდა პროკურატურა და პატრული და ახლა საპირისპირო ინიციატივა შემოაქვთ. თუ უარს ეტყვი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ჩაგეთვლება, რომ ზემოქმედების ქვეშ ხარ. ეს იმდენად არალოგიკურია: რის ქვეშ? რა უნდა ჩაიწეროს დასკვნაში? ეს იმიტომ კეთდება, რომ მეორე დაკავების შემთხვევაში მეტი თანხა გადაახდევინონ“.

თამარ სირბილაძე, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარე და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, საუბრობს ამ მოვლენის მეორე მხარეზე: „თუ ყველამ შემოწმებაზე უარი განაცხადა, მაშინ რა ვქნათ? პრობლემა არსებობს, ამიტომაც გავითვალისწინეთ“.

დავით ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოს და პატრულის ასეთი გააფთრებული „ბრძოლა“ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა დააკისრონ, ზემდგომი პირების პირდაპირი დაკვეთაა.

გთავაზობთ უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ მონაცემებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ 5 745 266 ლარი შეადგინა. 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ჯარიმა 5 581 500 ლარი შეადგინა, ხოლო საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის თანხამ 3 071 700 ლარი შეადგინა. გამოდის, რომ ბიუჯეტში მხოლოდ 2007 წელს ჯარიმებიდან 14 მილიონი 400 ათასი ლარი შემოვიდა... ალბათ ეს მონაცემები კომენტარს არ საჭიროებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში ჯარიმებიდან უზარმაზარი თანხები შედის, კანონპროექტი ჯარიმების გაოთხმაგებას გულისხმობს. პირველ დაკავებაზე 300 ლარია, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 2 ათასი. მესამე დაკავების შემდეგ პირი, რომელიც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ დააკავეს ყოველთვის 2 ათას ლარს გადაიხდის.

თამარ სირბილაძე, ამბობს, რომ ჯარიმის რაოდენობის საკითხი სადაო თემაა. „ჩემი აზრით 300 ლარი არ არის ისეთი თანხა, რომლის გადახდაც გაუჭირდებათ. თან დაჯარიმების შემდეგ 1 თვის განმავლობაში მას აღარ შეამოწმებენ. მისთვის, ვინც ჯერ არ არის დამოკიდებული ნარკოტიკზე, ჯარიმა შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ციხის მომხრე არ ვარ. გარდა ამისა, კანონპროექტი  მკურნალობის წახალისებასაც ითვალისწინებს. იმ თანხით, რომელსაც ნარკომანი ჯარიმის სახით იხდის, მას მკურნალობა შეუძლია. თუ ვერ გადაიხდის, მას ადმინისტრაციული პატიმრობა „ეღირსება“.

დავით ოთიაშვილს მიაჩნია, რომ ის მომხმარებელი, რომელიც საზოგადოებას არ უშლის, არ უნდა დაისაჯოს.  დასჯა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, თუ მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხდება.

თამარ სირბილაძე ასეთ მიდგომას არ ეთანხმება, რადგან ნარკოტიკის ყიდვა და მოხმარება არასამედიცინო მიზნით საქართველოში აკრძალულია. ასე რომ, როდესაც ნარკომანს აკავებენ, მას დანაშაული ამ დროისთვის უკვე ჩადენილი აქვს. „მოიხმარა  ნარკოტიკი? იჯდეს მაშინ სახლში. თუ პოლიციას ვინმეში ეჭვი შეეპარა, რატომ არ უნდა შეამოწმოს? რატომ არ აპროტესტებენ, როდესაც სიმთვრალეზე ამოწმებენ?“

მოქმედი კანონმდებლობის 45-ე მუხლით, თუ ადამიანი ნაბაყოფლობით მკურნალობის სურვილს გამოთქვამს, ის პასუხისმგებლობისგან  თავისუფლდება. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა მხოლოდ ქაღალდზე რჩება. რეალურად კი მოსამართლეები სულ სხვა პრინციპით მოქმედებენ. ბატონ ილგარს (გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებთ)  მიუხედავად იმისა, რომ მან ნებაყოფლობით იმკურნალა და მოსამართლეს კლინიკიდან ამის დამადასტურებელი ცნობა მიუტანა, 500 ლარიანი ჯარიმა მაინც გადაახდევინეს. მოსამართლემ მისი თხოვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა...

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მკურნალობასთან დაკავშირებული შენიშვნა არ მუშაობს, კანონპროექტიდან ეს შენიშვნა საერთოდ ამოღებულია. ნუთუ იმისთვის, რომ ჯარიმის გადახდისგან თავი ვერ აარიდონ?

თამარ სირბილაძე: „ეს მუხლი საერთოდ ამოვიღეთ, რადგან არ მუშაობდა. დღეს საქართველოში სავალდებულო მკურნალობა საერთოდ არ არსებობს. სამაგიეროდ ნებაყოფლობითი მკურნალობა დავტოვეთ.
 
ნანა გვეტაძე, ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში  ნებაყოფლობითი მკურნალობაც ვერ მოიკიდებს ფეხს, რადგან სამკურნალო ბაზა არ არსებობს. „ბევრი ფიქრობს, რომ თანხას კონკრეტული პირები მოიხმარენ და ის ბიუჯეტში არ შევა“.

ამ შემთხვევაში „მეტადონის“  „გაპიარებული“ პროგრამაც არაეფექტურია. აღმოჩნდა, რომ ჩანაცვლებითი  თერაპია ყველასთვის არ შეიძლება. თამარ სირბილაძე ამბობს, რომ მეტადონის პროგრამა მხოლოდ იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ოპიუმის ჯგუფის პრეპარატებზე და ჰეროინზე არიან დამოკიდებულები. მათთვის, ვინც „სუბოტექსს“ მოიხმარს, „მეტადონი“ არ შეიძლება, რადგან ის „სუბოტექსზე“ გაცილებით ძლიერია. გავრცელებულ პრეპარატზე, „ვინტზე“ დამოკიდებულ ადამიანს „მეტადონი“ არ შველის, ის სხვა ჯგუფის პრეპარატია. ამ შემთხვევაში ნარკომანი სხვა ნარკოტიკზეც „შეჯდება“.
„გარკვეული კრიტერიუმები უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, თუ მკურნალობის სურვილი თავად მომხმარებელს არ ექნება“.

გამოდის, რომ ჯარიმების გაზრდის დასაბუთება მკურნალობის წახალისებით ცარიელი სიტყვებია. ის, ვისაც მკურნალობის სურვილი და 2 ათასი ლარის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა, ისედაც იმკურნალებდა. კანონპროექტი მხოლოდ გაზრდილ ჯარიმებს გვაძლევს. ასე რომ, ნარკოტიკის მომხმარებელზე მეტად კანონპროექტი ჩინოვნიკებისთვის არის შექმნილი.

ახალი ამბები