კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე - გაბათილებული არჩევნების მაჟორიტარი

17 მარტი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ხელისუფლებას ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების დროს რომ ახსენდება, ეს ცხადია. ის ქალბატონი საერთოდ არ კითხულობს, რა გვიჭირს და გვილხინს. არადა, წინასაარჩევნოდ რას არ გვპირდებოდა. შევარცხვინე მე მაგის  ქუთაისელობაც და ქართველობაც“, - ეს მცირე ამონარიდია 74 წლის ნათელა გორგაძის ბლიც-ინტერვიუდან. პათოსი ქუთაისელთა საერთო განწყობისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. „ის ქალბატონი“ კი, მის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძეა.

ქუთაისში და მის ფარგლებს გარეთაც დღეს ბევრს საუბრობენ პარლამენტის თავმჯდომარის „დამსახურებებზე“ ზოგადად ქვეყნის და უშუალოდ მისი მშობლიური ქალაქის წინაშე. გამოკითხული ქუთაისელების უმრავლესობა მას უყურადღებობაში და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მის ამაგს ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გადაიხდიან.

„ყველამ კარგად იცის, რომ ბურჯანაძემ დაასაქმა ნათესავები, მეზობლები, მეგობრები და რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია - კლასელები. მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელიც რესტორანში, სუფრაზე გაგრძელდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კამპანიაში აღმოვჩნდი. ერთ-ერთმა სიტყვამოსწრებულმა ჩინოვნიკმა სუფრას გადახედა და იხუმრა, მთელი კლასელები აქ ხართ, ბარემ დამრიგებელიც მოგეყვანათ, რატომ დაჩაგრეთო“, - იხსენებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ ვლადიმერ ნაკაშიძე.

ჩინოვნიკის ხუმრობა რეალობასთან ახლოსაა. ბურჯანაძის კლანი ქუთაისში საკმაოდ „მსუყე“ თანამდებობებზე მისი გადეპუტატებისთანავე დასაქმდა. ბოლო 3-4 წელია ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილმოწყობის  სამსახურს მისი დეიდაშვილი ირაკლი ბერაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურს კი, კლასელი კახა დალაქიშვილი ხელმძღვანელობს. სუბსიდიების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის უფროსია ასევე მისი დეიდაშვილი ფიქრია ბერაძე, ხოლო მაჟორიტარის ოფისს, რომლის შენახვაც ადგილობრივ ბიუჯეტს 30 ათასი ლარი უჯდება, ბურჯანაძის კლასელი ქეთევან ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი ასევე, ქუთაისის 53-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილეა.

ქუთაისში დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ ქალაქის მერის ინტენსიური დანიშვნა-გათავისუფლების მიუხედავად, ადგილობრივ მთავრობაში წამყვანი თანამდებობები ერთსა და იმავე სახეებს, ბურჯანაძის ახლობლებს უკავიათ. თავად პარლამენტის თავმჯდომარის მაჟორიტარობა კი, როგორც ირკვევა, იურიდიულად არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა ნინო ბურჯანაძეს პარლამენტის დანამატი უწოდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ ვერც მიხვდა, რას გულისხმობდა დავითაშვილი, როცა ქვეყნის მეორე პირს ამგვარი ეპითეტით ამკობდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისმა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიებს გადახედა. მართალია, 53-ე საარჩევნო ოლქში მაშინდელ მოვლენებზე დღეს კატეგორიულად არ საუბრობენ, თუმცა, არსებობს სიმართლე, რომელსაც ქუთაისის მაშინდელი საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს.

„2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ქუთაისის შედეგები სასამართლოში გასაჩივრდა. სარჩელი რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ერთდროულად მოამზადა. ქუთაისის 53-ე საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო. მან მიიღო გადაწყვეტილება  - გაუქმებულიყო შემაჯამებელი ოქმი. მაშინ საოლქო კომისიას ხმების ხელახალი დათვლა დაევალა. მან ვეღარ მოახერხა იგივე შედეგი დაეფიქსირებინა ოქმში, რადგან ოპოზიციური პარტიებისგან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა. საოლქომ პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან და ყველა მასალა ცესკო-ს ისე  გადაუგზავნა, რომ ახალი ნორმატიული აქტი არ შეუდგენია. ცესკო-ს, რა თქმა უნდა, ქუთაისის შედეგები ცალკე არ დაუთვლია. ქუთაისის არჩევნების შედეგები საქართველოს ერთიანი შემაჯამებელი ოქმის შედეგების ნუსხაში მოექცა. ანუ, გამოაცხადეს პირვანდელი დათვლის შედეგები, რომელიც სასამართლომ გააუქმა,“- აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე. 

ქუთაისში 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაბათილდა, ახალმა ვერ ჩაანაცვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბურჯანაძის მაჟორიტარობა იურიდიულად არ არსებობს. მაშინდელი არჩევნების შედეგები დღემდე ჰაერშია გამოკიდებული.

„მაჟორიტარები უმეტესწილად ფულის ტომრები არიან, რომლებიც ფულით იგებენ არჩევნებს. არჩევნები ფულით მოიგო ბურჯანაძემაც. წინასაარჩევნოდ თითქმის ყოველდღე ქუთაისში იყო და რომ გეკითხა, ქუთაისელებისთვის არაფერს იშურებდა. მე ვიცი ეს ქალაქი, მესმის ამ ქალაქის და ყველაფერს გავაკეთებ, გული არ დავწყვიტო ამ ქალაქსო - გვპირდებოდა და დაპირება დაპირებად დარჩა“, - წყენას არ ფარავენ ქუთაისელები.

აქ დღემდე ახსოვთ საქალაქო ტრანსპორტის ფასის გაზრდით გამოწვეული უსიამოვნებები. 3 თვის მანძილზე ტრანსპორტის ფასი ისე იყო გაზრდილი, რომ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი არ არსებობდა. მოსახლეობა უკანონოდ იხდიდა გაზრდილ ტარიფს. ამ საკითხთან გაკავშირებით ხალხმა  არაერთხელ მიმართა მაჟორიტარს და დაპირებაც მიიღო, რომ პრობლემას ამომრჩევლის სასარგებლოდ გადაწყვეტდა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინდელი ტარიფი დღემდე ძალაში რჩება.

„ნინო ბურჯანაძეს ტელევიზიით ვიცნობთ მხოლოდ. ჩვენ მისი ხილვის პატივი თითქმის არ გვქონია. ადრე, როცა ახალი არჩეული იყო, ჩამოდიოდა მაჟორიტარის ოფისში. დიდი დავიდარაბის შემდეგ ხალხი ძლივს ახერხებდა იქ შესვლას. თუმცა, მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა მას რაიმე კონკრეტული საკითხი დადებითად გადაეწყვიტა. მუდამ აცხადებდა, რომ საკითხს ვერ ფლობდა, შესწავლა სჭირდებოდა და ა.შ.  არ აინტერესებდა და იმიტომ ვერ ფლობდა. თორემ შეიძლება მაჟორიტარი თავისი ქალაქის პრობლემატიკაში ვერ ერკვეოდეს?“ - კითხულობს ქუთაისელი ამომრჩეველი ნიკოლოზ თოფურიძე.

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მაჟორიტარის დამსახურებებზეც მიუთითებენ.   ტრანსფერების თემა დღემდე ნინო ბურჯანაძის სახელთან ასოცირდება. 2004-2005 წლებში ქუთაისმა ტრანსფერის სახით 13 მილიონი ლარი მიიღო. 2006 წელს - 15 მილიონი, ხოლო 2007-ში - 11 მილიონი. „ეს ყველაფერი წმინდა სუბიექტური პრინციპებიდან გამომდინარე მოხდა. აქ, რა თქმა უნდა, არის ბურჯანაძის დამსახურება“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე. ოპოზიცია კი, სხვარიგად ფიქრობს. „რესპუბლიკელი“ ვლადიმერ ნაკაშიძის აზრით: „ბურჯანაძე არ ჰყავს ბათუმს, ბორჯომს და სხვა ქალაქებს, მაგრამ ტრანსფერს იღებს. ამიტომ აქ ბურჯანაძის დამსახურება რა არის, ვერ ვიგებ“.

ასეა თუ ისე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, როგორც მაჟორიტარზე, სხვადასხვა შეხედულება არსებობს. საერთო ჯამში კი, ქუთაისელების ერთ ნაწილს ნინო ბურჯანაძის მშობლიურ ქალაქში სტუმრობა მხოლოდ  პრეზენტაციების დროს ახსენდება. ან მაშინ, როცა იგი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილს გულდასმით „აპიარებდა“. დღეს კი, მასსა და ქუთაისელებს შორის ისევ ბარიერია აღმართული. მაჟორიტარის ბიუროში ტელეფონი, დავალიანების გამო, დღემდე გათიშულია.

ახალი ამბები