კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მკვდრეთით აღმდგარი“ მაჟორიტარები

19 მარტი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 1385 გამოკითხული რესპონდენტიდან, 963 ამომრჩეველი ფიქრობს, რომ სულაც არ არის საჭირო საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. მათი თქმით, ისინი რეგიონებში ქონების მოხვეჭისა და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშად ჩარევის მეტს არაფერს აკეთებენ.

სოციოლოგიური გამოკითხვა ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, კახეთში, რეგიონული გაზეთის „იმედის“ სოციოლოგიური ჯგუფის დახმარებით, მაჟორიტარების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩაატარა. ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში, კარდაკარ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის 1385 რესპონდენტი.

დასმული იყო ორი შეკითხვა:

1. იცით თუ არა ვინ არის თქვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი?

2. როგორ ფიქრობთ, უნდა ჰყავდეს თუ არა თითოეულ რაიონს თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში?

გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება:

პირველ შეკითხვაზე გამოკითხულთაგან 1037 - მა ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში; 264 - მა ამომრჩეველმა ვერ გაიხსენა მაჟორიტარის გვარი - სახელი; კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა 84 მოქალაქემ.

მეორე შეკითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთაგან მხოლოდ 178 ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს საქართველოს პარლამენტში; 963 - ამომრჩევლის აზრით, პარლამენტში თითოეულ რაიონს არ სჭირდება თავისი წარმომადგენელი, ხოლო 244 - მა  ადამიანმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

კახეთის მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტში რეგიონიდან გასულ მაჟორიტარ დეპუტატებს უსაქმურებს უწოდებს.

„2003 წელს, სანამ დეპუტატებს ავირჩევდით, კარდაკარ დადიოდნენ და უამრავ დაპირებებს გვაძლევდნენ, ისეთსაც კი, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. იმასაც გვპირდებოდნენ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რაიონული ბიუჯეტის გაზრდაზე იზრუნებდნენ, მაგრამ გაზრდის ნაცვლად, ბიუჯეტი შემცირდა. უსაქმურები, რაიონებისთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველდღიურად გაიძახის, პედაგოგების ხელფასები გაიზარდა და კიდევ გავზრდითო, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები ენთუზიაზმით ვმუშაობთ. სირცხვილით ვერც კი მითქვამს, რომ 18 ლარი მაქვს ხელფასი და ისიც გასული თვეების ჯერ კიდევ არ მოუციათ. ვის აინტერესებს? დაწერთ, წაიკითხავენ, მერე შეუდგებიან იმის დადგენას, ვინ გაბედა და ვინ თქვა ეს და თუ გაიგეს, იმ 18 ლარსაც სანატრელს გამიხდიან“, - ამბობს ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის პედაგოგი.

არჩევნების შემდეგ დედოფლისწყაროელებმა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლაერტ ზუბადალაშვილი მხოლოდ ერთხელ ნახეს. „მაშინდელი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო ჩამოსული და მას ახლდა თან. გვინდოდა, მისთვის რაიონში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ გვეთქვა, მაგრამ არც კი გაგვეკარა. ამისთანა წარმომადგენელი პარლამენტში რა ჯანდაბად გვინდა?“- კითხულობს დედოფლისწყაროს მკვიდრი თამარ ჩარბოდაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა იმ ფაქტს იხსენებს, როცა სპეცრაზმმა საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტა. „რამდენიმე დღე პარლამენტის საშვთა ბიუროსთან ვიდექით და ზუბადალაშვილთან შეხვედრას ვცდილობდით, ხიდის გახსნაში რომ დაგვხმარებოდა. ურცხვად გვატყუებდა, დაკავებული ვარ, გავთავისუფლდები და მიგიღებთო. ერთი კვირა ასე გაგვტანჯა. ბოლოს მაინც ვერ შევხვდით. ახლა „აღდგნენ მკვდრეთით“, როცა ხელისუფლებას დასჭირდა და არჩევნები მოახლოვდა“, - ამბობენ ლია საკანელაშვილი, გულო პაპიაშვილი და სხვები.

ოთხი წლის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრით თავი არც სხვა მაჟორიტარებს შეუწუხებიათ. შესაბამისად, მათთან კახეთის ყველა რაიონის მაცხოვრებლებს აქვთ პრეტენზიები. სიღნაღში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, პარლამენტის წევრი ნუგზარ შოშიაშვილი რაიონში ქონების დაგროვებით უფროა დაკავებული, ვიდრე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით. `შოშიაშვილი იურისტია და კარგად იცის ქონება როგორ დააგროვოს ისე, რომ კანონდარღვევის კვალი არ დატოვოს. წლების მანძილზე ის გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა და რაიონში დიდი გავლენა აქვს. როგორც ვიცით, მას სოფელ საქობოს ერთ-ერთ მკვიდრზე, მეტსახელად ვინმე „ათულაზე“ გაფორმებული აქვს ათასობით ჰექტარი მიწა, სადაც ხალხს მონებივით ამუშავებს“, - აღნიშნეს კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში.

თელაველების განცხადებით კი მაჟორიტარი თამაზ ხიდეშელი რაიონში მხოლოდ მაშინ ჩადის, როცა თელავს პრეზიდენტი სტუმრობს. ამომრჩეველს არც ის ხვდება და ადგილზე არც მისი ბიურო მუშაობს.

მაჟორიტარ დეპუტატებს კანოდარღვევებში ამხელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონული კოორდინატორი ნანა დევიძე. მისი თქმით, დადგენილი წესით, მაჟორიტარებმა ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ამომრჩეველს ანგარიში უნდა ჩააბარონ პარლამენტში გაწეული საქმიანობის თაობაზე, რაც თითქმის არცერთ მათგანს არ განუხორციელებია.

ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, ყურადღებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის გამოყოფილ თანხებზე ამახვილებს. „მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით, კახეთის ყველა რაიონული ბიუჯეტიდან ათასობით ლარით ფინანსდება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები. რატომ? მაშინ როცა კახეთის არცერთ რაიონში ბიურო რეალურად არ მუშაობს?“- კითხულობს იურისტი.

ბრალდებებსა და პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს პარლამენტის წევრის ნუგზარ შოშიაშვილის წარმომადგენელი კაკო ბუდაღაშვილი. „ნუგზარ შოშიაშვილმა ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად საავადმყოფოშია. ალბათ ტელეფონზე ამიტომ ვერ გპასუხობთ. რაც შეეხება იმას, რომ ის რაიონში ქონებას აგროვებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კი გამოცემულია ბროშურა, რომელსაც თუ შემხვდებით, გადმოგცემთ“,- განაცხადა დეპუტატის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები