კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დღეს 6 ტელევიზიიდან მხოლოდ ხელისუფლების პოზიცია მესმის“

24 მარტი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„უშიშროების თანამშრომლები ხართ“... ასეთი სიტყვებით ტელეკომპანიების ჟურნალისტების მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ მიუმართავთ. მათ ხშირად ხელისუფლების ინტერესების გატარებაში და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. რატომ უჩნდებათ ოპოზიის წარმომადგენლებს ან თუნდაც რიგით მოქალაქეებს ეჭვი, რომ ტელეკომპანიები სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ იმართებიან? რეალურად ვინ მართავს საქართველოში მოქმედ ტელეკომპანიებს? და საერთოდ, გვაქვს თუ არა ობიექტური ტელეკომპანიები?

ერთ-ერთი ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავა, რომელიც „რუსთავის 2“-ის მიმართ ბოლო დროს განსაკუთრებით აგრესიულია, თავად საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ მიმართავს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ასეთი ფრაზებით. გოგა ხაინდრავას თქმით, დღეს თავისუფალ მედია სივრცეზე საუბარი არ შეიძლება.

გოგა ხაინდრავა: „რუსთავი 2“  უშიშროების სამინისტროს და ვანო მერაბიშვილის ოპერატიული სამსახურია. მათი ფუნქცია ცილისწამება და დასმენებია, რაც ჟურნალისტურ პროფესიაში არ იწერება. ამას ყველა ჟურნალისტზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ საქმეში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობენ. ამიტომ ამ ტელეკომპანიას არც დემოკრატიასთან, არც ჟურნალისტიკასთან და, მით უმეტეს, თავისუფალ მედიასთან კავშირი არ აქვს“.

ხაინდრავა ასევე საქართველოში მოქმედ სხვა ტელეკომპანიებზე საუბრობს. მისი თქმით, ობიექტურობით არც დანარჩენი ტელეკომპანიები გამოირჩევიან.

„მზე“ ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი საკუთრებაა და, ბუნებრივია, მისი პოლიტიკური მრწამსის გამომხატველი და პროპაგანდისტიცაა. აღარაფერს ვამბობ „საქართველოზე“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და, საერთოდ, გაუგებარი მოვლენაა. ეს ტელეკომპანია იმ თემატიკით რომ იფარგლებოდეს, რომელიც სამხედრო მშენებლობას სჭირდება, პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ ის ცილისმწამებლური დოკუმენტური ფილმები ამ ტელევიზიის ეთერშიც ტრიალებდა. „აჭარის“ ტელევიზია ცალსახად ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიაა. ასევე „ალანია“. ერთადერთი დამოუკიდებელი არხი „კავკასიაა“. დღეს გარკვეული პროცესები საზოგადოებრივ ტელევიზიაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ის ნამდვილად საზოგადოებრივ და არა ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიად ჩამოყალიბდება“.

პოლიტიკოსების მხრიდან ტელეკომპანიების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მათი ოპონენტების მიერ შეიძლება იმით აიხსნას, რომ ოპოზიცია ტელეკომპანიებზეა განაწყენებული, რომლებიც მათ ინტერესებს არ ატარებენ. სხვა საქმეა, როდესაც ტელეკომპანიებს ტენდენციურობაში თავად ჟურნალისტები ადანაშაულებენ.

ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, საქართველოში არ ფუნქციონირებს ტელევიზია, რომელიც არ იქნებოდა მოქცეული გავლენის ქვეშ და სარედაქციო დამოუკიდებლობას დაიცავდა. მედიამფლობელები ან ხელისუფლებასთან დაპირისპირებულები არიან, ან თავად ხელისუფლების გუნდის ნაწილს წარმოადგენენ.

დღევანდელი ვითარება ია ანთაძეს „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდს ახსენებს. მაშინაც ხელისუფლება მადიაორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იყო დაპირისპირებული, განსაკუთრებით ეს „რუსთავი 2“-ს ეხებოდა, რადგან ის ყველაზე რეიტინგული იყო და საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა. სიტუაცია, მისი თქმით, სამკუთხედს წარმოადგენდა, რომლის ზემო კუთხეში ხელისუფლება იდგა, ხოლო ქვედა ორ ბოლოში მფლობელი და ჟურნალისტი. ისინი ქმნიდნენ ერთიან გუნდს და ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს სამკუთხედი გადაბრუნდა. ხელისუფლება და მედიამფლობელები ჟურნალისტებს დააწვნენ. ისინი დაუცველები აღმოჩნდნენ, რადგან შრომითი ხელშეკრულება  მათ არ იცავთ. თან ხელისუფლებამ ყველა ტელევიზიაში მფლობელების შეცვლაც მოახერხა. ისინი ან ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. ერთადერთი, ვინც არ იყო ჩაბმული ამ სამკუთხედში, ბადრი პატარკაციშვილი იყო თავისი „იმედით“, ის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყო“.

ის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა, ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ჯერ კიდევ 2004 წელს საუბრობდა. „ნოემბრის შემდეგ, რაც იმედი დაიხურა, ყველასთვის ცხადი გახდა, საქართველოში ტელეკომპანიები დამოუკიდებლები არ არიან. მაშინ კიდევ ორი არხი, „კავკასია“ და აჭარის „25-ე არხი“ დაიხურა“.

საერთოდ საქართველოში ტელევიზიებთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთება. პოლიტიკურ სპექტრს რატომღაც მიაჩნია, რომ ტელევიზიები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების და არა საზოგადოების ინტერესებს უნდა ატარებდნენ. ამაზე თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალიც მეტყველებს. ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურობის საზომი არ იყო, მის ეთერში გაშვებული დოკუმენტური ფილმის შემდეგაც დავრწმუნდით. ფილმი ნოემბრის მოვლენებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო მომზადებული, საზოგადოებას როგორც ჟურნალისტური ნაშრომი მიაწოდეს. მოგვიანებით თამარ კინწურაშვილი ამ ჩვენებას ”შეცდომა” უწოდა. ”...ჩემი პასუხისმგებლობაც არის ეს, რადგან ფილმი ისე გავიდა ეთერში, რომ მე არ მქონდა ნანახი”, - განაცხადა კინწურაშვილმა.

თუმცა როგორც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების განყოფილების უფროსმა მიშა ბასილაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დოკუმენტური ფილმის გაშვება დირექციის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. და მას ამ ფილმის გაშვებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ია ანთაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ვერც იქნებოდა. როდესაც მისი საბჭო პარლამენტმა აირჩია, მასში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები შევიდნენ. ხელმძღვანელი კი თამარ კინწურაშვილი გახდა, რომელიც რევოლუციის წინა პერიოდში თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა. ის, ფაქტობრივად, იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანას მართავდა.

„ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების მიერ იმართებოდა, არჩევნების შემდეგაც გამოჩნდა. როდესაც ორმაგი ოქმები აღმოაჩინეს და საზოგადოებას უამრავი შეკითხვა გაუჩნდა, გადალახა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა 50 პროცენტიანი ბარიერი, მაუწყებელმა თოკ-შოუს გამართვა უცებ შეწყვიტა. მაშინ ასეთ გადაცემას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როდესაც ტელეკომპანია არჩევნების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურ თოკ-შოუ ეთერიდან ხსნის და საზოგადოებას ვაკუუმში ტოვებს, არაფრით აიხსნება თუ არა პოლიტიკური გავლენით. სხვათა შორის, ახლა, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, მაუწყებელი ძალიან ადეკვატურად მუშაობს და ამას უამრავი ადამაიანი ამჩნევს.“

„დასმენები ჩვენი ხელისუფლების მიერ კარგად გამოცდილი და მოქმედი მეთოდია. „საქართველოში კომპრომატების ომი დაიწყო“, განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა, როდესაც თავად გახდა „სატელევიზიო დასმენების“ გმირი. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებთან მისი მიმართვა იყო. ეს მიმართვა „რუსთავი 2“-მა მის პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე იხსენებს, რომ ამ  მიმართვის შესახებ თავად „იმედის“ ჟურნალისტებმაც არ იცოდნენ.

„ამ სიგნალის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გამოაცხადა. იქამდე არც მე და არც დირექციამ არაფერი ვიცოდით. საიდან გაიგო „რუსთავი 2“-მა ამ მიმართვის შესახებ? მართალია, ეს სიგნალი დაშიფრული არ იყო და მისი „პერეხვატი“ პრობლემას არ წარმოადგენდა, ამას სპეციალური მუშაკი არ სჭირდებოდა. ყველა, ვისაც ჰქონდა შესაბამისი ტექნიკა შეეძლო ამის მიღება. სხვა საქმეა, რამდენად  ეთიკურია და კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია „იმედის“ თანამშრობლებისთვის გათვალისწინებული მიმართვის გადაცემა ნებართვის გარეშე. ეს ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურთან მაინც უნდა შეეთანხმებინა“.

გასული წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისას, რომელიც ტელეკომპანიების მიერ პოლიტიკური მოვლენების გაშუქებას ეხებოდა, ასეთი სურათი გამოიკვეთა:  ყველაზე დაბალანსებული საინფორმაციო საშუალება პოლიტიკის გაშუქების კუთხით „ქრონიკა“ აღმოჩნდა. შემდეგ „რუსთავი 2“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, პირიქით. ამ კვლევაში ია ანთაძეც მონაწილეობდა.

გასული წლის გაზაფხულზე ექსკლუზიური მასალა საზოგადოებრივ მაუწყებელს, „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს ჰქონდათ. საზოგადოებრივ მაუწყებელს 109 ექსკლუზივი ხელისუფლებაზე და 7 ოპოზიციაზე ჰქონდა. ასეთი ბალანსის შემთხვევაში საქმე ტენდენციორობასთან გვაქვს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში თითქმის ორჯერ მეტი რესპონდენტი ხელისუფლებიდან იყო, ვიდრე ოპოზიციიდან. დაახლოებით იგივე ვითარება იყო „რუსთავი 2“-ში. „ქრონიკაში“ ოპოზიციიდან ოდნავ მეტი რესპოდენტი იყო. ეს ბუნებრივია, რადგან ოპოზიცია სხვადასხვა სეგმენტად იყოფა და როდესაც საზოგადოებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი აინტერესებს, ერთი ადამიანი ამ აზრს ვერ გააჟღერებს. ამ დროს ხელისუფლების აზრი შეიძლება ერთმა ადამიანმა წარმოთქვას“.

საქართველოში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ტელეკომპანიები ხელისუფლების მიერ იმართება. ჟურნალისტი ბადრი კოპლატაძე ამ აზრს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ტელეკომპანიები დამოუკიდებლად მოქმედებენ, სახელმწიფოს მხრიდან არავითარი ცენზურა არ არსებობს და პრობლემა შიდასარედაქციო პოლიტიკაშია. ანუ მფლობელები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ. 

„საქართველოში არ არსებობს ისეთი არხები, რომლებსაც მთავრობა აფინანსებს. ერთადერთი ასეთი ტელევიზია “აჭარის“ტელევიზიაა, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო დაწესებულებაა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის. დანარჩენი მედია ფორმალურად თუ იურიდიულად მთავრობისგან გამოყოფილია. საზოგადოებრივი მაუწყებელიც კანონმდებლობით ისე არის ჩამოყალიბებული, რომ მთავრობისგან არ იღებს ფულს“.

მისი თქმით, საქართველოში არასწორად ესმით „მედიის თავისუფლება“ და „მიუკერძოებლობა“. ყოველთვის იგულისხმება, რომ ყველა ეს ღირებულება ყოველი კონკრეტული მედიუმის შიგნით უნდა არსებობდეს. „რეალურად კი მედიის თავისუფლება ამ მრავალფეროვნების თავისუფლებას ნიშნავს, როდესაც ადამიანს განსხვავებული ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროდან შეუძლია. მარტივი ამერიკული მაგალითი. იქ 3 ძირითადი არხია. FOX-ს მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული მიმართულება აქვს, ანუ მას მეტად რესპუბლიკელები ესიმპათიურება, CNN კი უფრო დემოკრატიულ პარტიაზეა ორიენტირებული. მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები მიმდინარე პროცესების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას იღებდნენ.

აქაც იგივე სიტუაციაა. „კავკასია“ წმინდა ოპოზიციური არხია. ოპოზიციის გარდა მის ეთერში ვერავის ვხედავთ. ანუ ადამიანი ოპოზიციურ აზრს იქიდან იღებს. „რუსთავი 2“-ს აბრალებენ, რომ სამთავრობო არისო. თუმცა მის ეთერში ოპოზიციაც არის. საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო საუბარი, რომ ის მიკერძოებულია, თუმცა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ყველაზე დაბალანსებულია. ანუ ამ სივრცეში მთავრობასთან და ოპოზიციასთან მიმართებაში ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს. საბოლოო ჯამში, ეს სამივე თავისუფლებას ქმნის. მე კი ერთ ფაქტზე ბევრი აზრის მიღება შემიძლია“.

ის პრინციპი, რომელზეც ბადრო კოპლატაძე საუბრობს, თამარ ჩიქოვანისთვისაც მისაღებია. თუმცა ის აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ არის „კავკასია“, სადაც ოპოზიციური აზრის მოსმენა შეგვიძლია. დავიწყოთ იქიდან, რომ „კავკასია“ მხოლოდ თბილისზე მაუწყებლობს, მეორე, დათო აქუბარდიას მიმართ კომპლიმენტებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი საქმეს აკეთებს, მაგრამ გამოსწორება არხს მართლაც სჭირდება. რაღაც მომენტში ერთი და იგივე ადამიანი ერთ და იგივე ფორმატში მოსაბეზრებელია. ანუ ეს არის ტელევიზიის ჩანასახი, რომელიც, იმედია, როდესმე განვითარდება.

თან მხოლოდ ერთი „კავკასია“ კონკურენციას „რუსთავი 2-ს“, საზოგადოებრივ მაუწყებელს,  „მზე“-ს „ალანია“-ს, „აჭარა“-ს, „საქართველო“-ს ვერ გაუწევს. გამოდის, ერთ „კავკასიას“ დანარჩენი 6 არხი უპირისპირდება, რომლებსაც ხელისუფლება პირდაპირ აკონტროლებს. არ შეიძლება მეხუთე ნიუსად გაუშვა ის, რომ დედაქალაქში ნომერ პირველ პროსპექტზე შიმშილობის აქცია მიმდინარეობს“.

გაურკვეველი დარჩა თამარ ჩიქოვანის გადაცემის დახურვაც, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადიოდა. ტელეკომპანიას მხოლოდ ლიცენზიის შეცვლა უნდოდა, ანუ გასართობ-შემეცნებიდან ზოგადზე გადასვლა. ამ შემთხვევაში, სიხშირეზე საუბარი არც იყო. თუმცა პროცესი იმდენად გააჭიანურეს და სიტუაცია იმდენად გაართულეს, რომ საქმე ლამის ტელეკომპანიის დახურვამდე მივიდა.

ის, რომ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს მის ობიექტურობას, თუნდაც ტელეკომპანია „კავკასიის“ მუშაობიდან ჩანს. მართალია, ის ხშირად ისეთ თემებს აშუქებს, რომლებსაც სხვა ტელეკომპანიები ერიდებიან. მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა მომენტიც, ამ ტელეკომპანიის საქმიანობაში მისი უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართაც აშკარად იგრძნობა.

ია ანთაძე: „დამოუკიდებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ტელევიზია მთლიანობაში საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. ტელეკომპანია „იმედიც“ დამოუკიდებელი იყო, თუმცა მისი მხრიდან აგრესიის მუხტი იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ნამდვილად აშუქებდა იმას, რაც ხდებოდა, იქ კიდევ პოლიტიკური თოქ-შოუები და „დროება“ იყო. ასეთივე მდგომარეობა „კავკასიაშია“. იქ ყველა ადამიანი და ყველა პოლიტიკური მხარე არ არის წარმოდგენილი. ეს არის კერძო ტელეკომპანია, რომლის მფლობელიც მას ისე მართავს, როგორც მას მიაჩნია სწორად. პრობლემა ისაა, რომ ამ  ამ ტელეკომპანიაში პასუხისმგებლობის გრძნობა არ არის იმდენად მაღალი, რომ ყველამ თქვას, ეს არის  აბსოლუტურად კეთილსინდისიერად და ობიექტურად მთხრობელი ტელევიზია.

რეგიონულ ტელეკომპანიებშიც საკმაოდ მძიმე ვითრაებაა. მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან სხვა და სხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქებას შეეხება. ადგილობრივ ტელეკომპანიებს ფინანსურად ძალიან უჭირთ და ეს მათ საქმიანობის შინაარსზე აისახება. ვერ ვიტყვით, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. ისინი იმ თანხებზე არიან დამოკიდებულები, რომლებითაც იარსებებენ“.

თამარ ჩიქოვანს საქართველოს სატელევიზიო სივრცეში შექმნილი ვითარება რუსეთის სიტუაციას აგონებს. ბადრი პატარკაციშვილს ხშირად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას საკუთარი ტელევიზია ჰქონდა. ამ შემთხვევაში გარკვეული იყო, ოლიგარქი ვინ იყო. რასაც ვერ ვიტყვით „რუსთავი-2“-ის და „მზის“ მფლობელებზე. თავის დროზე, როდესაც რუსეთში რამდენიმე ოლიგარქს საკუთარი ტელევიზიები ჰქონდა, იქ სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი ნამდვილად იყო, ვგულისხმობ პატარკაციშვილს, ბერეზოვსკის. როდესაც ეს ტელევიზიები ხელისუფლების ხელში გადავიდა, იგივე „ენ-ტე-ვე“, ყველამ ნახა რას დაემსგავსნენ.  „რუსთავი 2“-საც იგივე დაემართა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. დღეს რეალურად 6 ტელევიზიიდან მხოლოდ ხელისუფლების პოზიცია მესმის.“

თამარ ჩიქოვანის აზრით, რაც უფრო მეტი ოლიგარქი იქნება საქართველოში და რაც უფრო მეტი ტელევიზია ექნებათ მათ, უკეთესი იქნება. ცხადია, ტელევიზიები მფლობელების ინტერესებს გაატარებენ, მაგრამ, რამდენიმე არხის არსებობის პირობებში საზოგადოებას სხვადასხვა მოსაზრების მოსმენის უკეთესი საშუალება ექნება.

ახალი ამბები