კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეტონის ფილების აყრა-დაგება - საარჩევნო კამპანიის განუყრელი ნაწილი

1 აპრილი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდში საარჩევნო კამპანიები ბეტონის ფილების აყრით იწყება და სრულდება. ადგილობრივი ხელისუფლება ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და საპარლამენტო არჩევნების წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილის გადათხრას იწყებს. წელიწადის ყველა დროში ქვაღორღიან ტროტუარზე სიარული მოსახლეობას უკვე მობეზრდა და პროტესტის გამოხატვა დაიწყო, თუმცა უკმაყოფილება ზუგდიდის მთავარი ხეივნის ტერიტორიას ჯერჯერობით არ გასცდენია.

ქალაქის მთავარი ხეივნის ტერიტორიაზე ხალხი უკმაყოფილებას ყოველდღიურად გამოთქვამს. გინების ადრესატი კი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალიაა.

ლამარა კანკია: "კინჩხი უნდა მოიტეხოს ამ მთავრობამ! ეს რა უბედურებაა! სკვერში კი არა, ტროტუარზე ვერ გამივლია. ინვალიდი ქალი იმაზე ვფიქრობ, ჯოხი რომელ ფილას ავაცდინო. ბზის ნარგავებში რომ გავიარო იმასაც ვერ ვახერხებ, იქაც მიწის გორები დგას..."

ნუგზარ შარია: "ეს იმის ბრალია, რომ ბეტონის ფილები უხარისხოდ იგება. მუშებს, ალბათ, შეუძლიათ მისი დაგება, მაგრამ ვინ აცლის?! ხან არჩევნები იწყება, ხან სააკაშვილი ჩამოდის, ხან ახალი წელი დგება... ჰოდა, ვერ ასწრებენ ეს მუშები, ქობალიები კი აჩქარებენ. თოვლსა და წვიმაში შეიძლება ასფალტი დააგო?! ან რამდენჯერ უნდა აყარონ ეს ფილები?!"

ზუგდიდელებს სათვალავი მართლაც აერიათ, მაგრამ კარგად ახსოვთ ის, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ტერიტორიები მუდმივად გადათხრილია. მოქალაქეებს ისიც ახსოვთ, რომ ბეტონის ფილებს მათი მთავრობის 15-მდე მაღალი თანამდებობის პირი გადაჰყვა და საპატიმროში აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება კი მთელს პასუხისმგებლობას იმ კომპანიებს აკისრებს, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ მათთვის სასურველ დროში სამუშაოთა დასრულების შესახებ პირდაპირ ბრძანებებს სწორედ ის იძლევა.

ასე იყო ბოლოს, როცა შპს "იმობილიარეს" მოცეკვავე შადრევნის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის ფილებით მოპირკეთება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიძულეს. უფრო სწორად, ქალაქის მთავარ მოედანზე მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაუკავშირეს. კოკისპირულ წვიმაში დასრულებული სამუშაოების შედეგი უხარისხო გამოდგა.

ქალაქმშენისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ესებუა აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას ობიექტი სწორედ უხარისხობის გამო არ ჩაუბარებია. "იმობილიარე" საკუთარი სახსრებით ასწორებს იმ სამუშაოებს, რომელიც უხარისხოდ შეასრულა. მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოასწრო დასრულება. ჩვენ კი რამდენიმე ობიექტი საახალწლოდ უნდა ჩაგვებარებინა და პრეზენტაცია უნდა მოგვეწყო. თუ მშენებელი დროში ვერ ეტევა, იგი ჯარიმასაც იხდის..."

არქიტექტორის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ ნახევარაღიარებას არ ეთანხმება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ემზარ ერანგია: "საახალწლოდ უნდოდათ ობიექტის ჩაბარება და სიჩქარეში ხარისხი არ გამოუვიდათ. ამიტომაც შპს "იმობილიარე" ვალდებულია 450 კვ. მეტრზე სამუშაოები საკუთარი ხარჯებით განაახლოს. ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიას საჯარიმო სანქციებიც უნდა წარედგინოს."

მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ხელშეკრულება და საჯარიმო სანქციები გახდეს. თუმცა დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი უცნობია, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით იგი „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. უცნობია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობაც. დამკვეთი-1 125 000 ლარს, ხოლო შემსრულებელი - 1 200 000 ლარს ასახელებს.

ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებზე არ საუბრობს შპს "იმობილიარეს" ხელმძღვანელი ირაკლი ძაგანიაც, ხოლო საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით იგი გაღიზიანებას ვერ მალავს. "არ გამოდგა ის ფილები, რომელიც სამტრედიაში დავამზადებინეთ. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა დროებით შადრევანზე ნაძვის ხე დამონტაჟდა და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანა შევიდა. იმ ადგილებში ბეტონის ფილები ჩაიზნიქა და წყლის გუბეები დადგა... ჯარიმა არ მეკუთვნის. არ მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებს ერანგია და ესებუა ჩემს საქმიანობაზე. უხარისხობაზე და ვადებზე ისინი არ უნდა საუბრობდნენ. მე მყავს უფრო კომპეტენტური შემფასებელი".

ახალი ამბები