კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ სჭირდება პარლამენტს უფრო მეტად: ბიზნესმენი თუ მძღოლი?

3 აპრილი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია. პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. ყველა პარტიას ბრძოლის თავისებური მეთოდი აქვს. ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის სიმპათიის მოპოვებას არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ ცნობადი სახეებითაც ცდილობს.  ნაციონალური მოძრაობის სიაში იხილავთ არა მხოლოდ შემოქმედებს, არამედ პრაგმატულად მოაზროვნე ბიზნესმენებსაც. რატომ გაუჩნდათ წარმატებულ ბიზნესმენებს პოლიტიკაში გადასვლის სურვილი? არიან თუ არა ისინი მზად მიატოვონ საკუთარი აწყობილი საქმე და ოპოზიციასთან „ხელჩართულ ბრძოლაში“ ჩაერთონ?

ნაციონალური მოძრაობის სიებში ბიზნესმენების გამოჩენამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, ბიზნესმენებს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოსვლის გადაწყვეტილება სწორედ ამ პარტიის  წევრებმა აიძულეს.

პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიან, ბიზნესმენები კი არა, ოლიგარქები არიან. მათ ავალდებულებენ  საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ, რადგან მათმა უმრავლესობამ ფული სწორედ ხელისუფლების ფრთის ქვეშ იშოვა.

„არჩევნებში მონაწილეობა ამ ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვა არ არის. როდესაც ჟურნალისტმა სამგორის  რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, რუსუდან კერვალიშვილს ჰკითხა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება რატომ მიიღეთო, მან უპასუხა, თავაზიანი შემოთავაზება მივიღეო. მე ვიცი, როგორია ვანო მერაბიშვილის „თავაზიანი შემოთავაზება“ - ან იყრით კენჭს, ან წახვალთ ციხეში. მათ უმრავლესობას კი საქმე არც ისე სუფთად აქვს“.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საპნის ბუშტი აღმოჩნდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ პარტიის გენერალური მდივანი, დავით კირკიტაძე, პარტიის სიაშიც არ არის შეყვანილი.

პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბიზნესმენები პარლამენტში საკუთარი სურვილით არ მიდიან. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენები იმიტომ დაითანხმა, რომ საკუთარი კადრები  არ გააჩნდა.
“ისეთი კადრები არ ჰყავთ, რომლებზეც ხალხს  უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდეს. ის ბიზნესმენები, რომლებიც თბილისში იყრიან კენჭს, თავისი ქალაქის მოსახლეობის 80 %-ის საწინააღმდეგოდ მიდიან “.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, ბიზნესმენების მოსვლა პარლამენტში ცუდი სწორედ იმიტომ არის, რომ ისინი, პირველ რიგში, საკუთარ ბიზნესზე დაიწყებენ ზრუნვას. „თუკი რომელიმე ბიზნესმენი საკუთარ ბიზნესს თავს დაანებებს და მთლიანად გადავა პოლიტიკაში, ცუდი არ იქნება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სახელით ვინც მოდის, მას წარმატებას ვერ ვუწინასწარმეტყველებ, რადგან თავიდანვე იმ პარტიის სახელით მოდის, რომელიც მთელ მოსახლეობას სძულს“.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის წევრს კერძო ბიზნესის მართვა ეკრძალება. გამოდის, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ბიზნესმენი ან უნდა წყვეტდეს ბიზნესსაქმიანობას ან  კანონს არღვევდეს. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ბორჯომის მაჟორიტარი, უმრავლესობის წევრი ნოდარ გრიგალაშვილი.

„პარლამენტარობა ბიზნესსაქმიანობასთან შეუთავსებელია. ის ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში მოდიან ან უნდა შეწყვიტონ ეს საქმიანობა, ან კანონი დაარღვიონ. თავად განსაზღვრეთ: რეალურად ბიზნესსაქმიანობას წყვეტენ თუ კანონს არღვევენ? ცხადია, კანონს უფრო არღვევენ. ის, რომ ბიზნესის გადაფორმება და წილებით მთელი მანიპულაციები ხდება, ეს მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა არის. ან კანონი უნდა შეიცვალოს, ან ვაღიაროთ, რომ ის კანონი, რომელიც გვაქვს, ირღვევა“.

ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ კანონების წერა ბიზნესმენსაც და მძღოლსაც შეუძლია. თუმცა პარლამენტში მძღოლის პროფესია გაცილებით მნიშვნელოვანია.
„ბიზნესმენის პროფესია პარლამენტში საჭირო არ არის, მძღოლის პროფესია კი საჭიროა. მანქანა თუ არ გყავს, წაგიყვანს მაინც, სადაც საჭიროა.“

გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მოხვედრილი ბიზნესმენები ლობირებას ისეთ პროექტებს გაუწევენ, რომლებიც მათ ბიზნესს ახეირებს. ისინი გაუწევენ ლობირებას იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც დაეხმარებიან მათი ბიზნესის ფეხზე დადგომას კონკრეტულ რაიონებში. საქართველოს კი აქედან სარგებელი არაფერი ექნება. „ეს ადამიანები მედროვეები, სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლები არიან. არ მგონია ამ ადამიანებმა თავისი რეგიონისთვის რამე გააკეთონ“.

ბიზნესმენები პარლამენტში ადრეც ხვდებოდნენ. ასე რომ გარკვეული გამოცდილება იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტში თუ პარლამენტიდან უკვე გვაქვს. ბევრი მათგანი დღეს უკვე ოპოზიციაშია გადასული, თუმცა გაცილებით მეტი ისევ უმრავლესობაში რჩება.  როგორც ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებდა, ბიზნესმენების უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ბიზნესს სხვის სახელზე აფორმებს, ბიზნესსაქმიანობას მაინც აგრძელებს. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე არც ერთი ბიზნესმენი კანონის დარღვევისთვის არ დაუსჯიათ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს არც ამის დაინტერესება ჰქონია როდესმე და არც შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურები, რომლებიც ყველა პარლამენტარის საქმიანობას გამოიძიებდნენ.

ზვიად ძიძიგურის თქმით, თუ ადრე არჩევნებში მონაწილეობა ბიზნესმენს დამოუკიდებლად შეეძლო, ახლა ყველა ბიზნესმენი პარტიული გახდა. „დღეს განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ბიზნესმენები ხდებიან პარტიის წევრები. მათ ძალით ყრიან ამ საქმეში, რომ რამენაირად გაიუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა“.

მაგალითად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, პარლამენტის ერთ-ერთი წევრს, დმანისის მაჟორიტარს კახაბერ ოქრიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 წელია პარლამენტის წევრია, საკუთარი ბიზნესისთვის თავი არ დაუნებებია. მისი კომპანიის „პსპ ჟგუფის“ მიერ შეძენილ საავადმყოფოებში ის დღესაც როგორც მესაკუთრე მიდის და პერსონალს პსპ-ეს სახელით ესაუბრება.

გია ცაგარეიშვილი: „რა გააკეთა კახა ოქრიაშვილმა დმანისის რაიონისთვის? მე არაფერი მსმენია. ან დამისახელეთ ბიზნესმენი, რომელსაც  საკუთარი რეგიონისთვის რამე გაეკეთებინოს“. 

ლევან ბერძენიშვილი: „წლების მანძილზე ბიზნესმენები პარლამენტში იყვნენ, მაგრამ არც კანონპროექტი წარმოუდგენიათ, არც განსხვავებული აზრი ჰქონიათ და საერთოდ, ბევრიც თვალითაც არ გვინახავს პარლამენტში. ეს ხალხი მოდის დასასვენებლად აგარაკზე, რომელსაც მათ ჰგონიათ, რომ ჰქვია პარლამენტი“.

ნოდარ გრიგალაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ პლატონის „იდეალური სახელმწიფოს“ იდეებს ემხრობა. რაც ნიშნავს იმას, რომ „პოლიტიკა უნდა აკეთონ იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვა მეორეხარისხოვანია, ქვეყნის ინტერესებზე კი - პირველხარისხოვანი. ბიზნესის ბუნება პირიქით არის, ბიზნესმენი ჯერ ბიზნესზე ფიქრობს, შემდეგ - ქვეყანაზე“.

ახალი ამბები