კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები - დიდი რესურსი შერიგებისათვის

7 აპრილი, 2008

ეკა მჭედლიძე, თბილისი.

ქართველებს და აფხაზებს რაც დღემდე ისევ აერთიანებთ - ნათესაური კავშირები და შერეული ოჯახებია. ეს არის რესურსი, რომლის გამოყენებაც მხარეებს შორის ნდობის აღდგენისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ასოციაციას უკვე წლებია  რეზო ბენდელიანი ხელმძღვანელობს.

ამ ორგანიზაციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ომის შედეგად დაკარგული თუ დანგრეული ქართულ-აფხაზური ოჯახები. 2003 წლიდან 3500 ქართულ-აფხაზურ ოჯახში ძველი ურთიერთობები აღდგა, 3500 ოჯახი ისევ გამთლიანდა.

ურთიერთობის ძირითად მოტივად რჩება ნათესაური კავშირი, მაგრამ ჩნდება კითხვა, რა სახის რესურსი არსებობს დამატებით საიმისოდ, რომ ურთიერთობის თუნდაც პირველი ეტაპი დაიწყოს. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ჩვენი რესპოდენტი ასახელებს ეკონომიკურ ურთიერობებს. ასევე კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები. როგორც ჩვენი რესპოდენტისაგან შევიტყვეთ, მას შემუშავებული აქვს პროექტი  აფხაზური ენის შემსწავლელ კურსებთან  დაკავშირებით. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტის შექმნა არ იყო თვითმიზანი, ის უბრალოდ საჭირო გახდა იმ კატეგორიის ადამიანებისათვის, ვინც შერეული ოჯახის წარმომადგენელია და  დღესაც კონტაქტობს აფხაზ ნათესავებთან.

-ბატონო რეზო, კონკრეტულად რა ვითარებამ განაპირობა არასამთავრობოს ჩამოყალიბება სწორედ შერეული ოჯახების კუთხით?

-ყველაფერი ჩემი დის ოჯახური პრობლემით დაიწყო. ჩემი და და სიძე ომამდე დაქორწინდნენ. სიძე აფხაზია. ომმა მათი დაშორება განაპირობა. ეს ფაქტი ოჯახის ტრაგედიად იქცეოდა, რომ არა ერთმანეთის მხარშიდგომით მისი გადარჩენა. აფხაზეთის დაკარგვიდან 7-8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ზუგდიდში დევნილთა სამსახურის უფროსის მოადგილედ. იმ დროისათვის 120 000 დევნილის საქმე განიხილებოდა ჩვენს სამსახურში. მე მოწმე გავხდი იმ უამრავი შემთხვევისა, როცა ნათესავი დაკარგულ ნათესავს წლობით ეძებდა. აქედან დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ამ საკითხისათვის  მეტი  ყურადღება დაგვეთმო. 2000 წლიდან აქტიურად ჩავები ამ საქმიანობაში. ომმა არამარტო ცოლ-ქმარი, არამედ ბევრი დედა-შვილი, და-ძმა, ბიძაშვილები და სხვა სისხლით ნათესავები დააშორა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნათესაური ურთიერთობები არის ის რესურსი, რაც კონფლიქტის მოგვარებაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანია თუკი მას გამოვიყენებთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე ომამდე მცხოვრებთა 41% იყო შერეული (ქართულ-აფხაზური) ოჯახი. ომის დროს გახლეჩილი ოჯახების ძიებისას ძირითადად ვხვდებოდით ასეთ ფაქტებს: თუ შერეულ ოჯახში ცოლი იყო ქართველი, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე რჩებოდა აფხაზ მეღლესთან ერთად, და პირიქით, აფხაზი ქალები, რომლებსაც ქართველი მეუღლეები ყავდათ, ომის შემდეგ გადმოვიდნენ აფხაზეთიდან.

სხვათაშორის, დღესაც კი გრძელდება ქართულ-აფხაზური ოჯახების შექმნა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ რუსლან ქიშმარიას ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა 120 ახლადშეუღლებულ  ქართველ-აფხაზურ წყვილთა ქორწინება. ამ შემთხვევაში საუბარია, ძირითადად, გალის რაიონისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების შეუღლებაზე აფხაზური წარმოშობის ხალხთან. ეს არის ისეთი სახის ინფორმაცია, რაც საზოგადოდ არ ვრცელდება, მაგრამ სინამდვილეს ასახავს. ეს სასიკეთო ტენდენციაა. ცნობილია, რომ ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზთა რაოდენობა შეადგენს 42 000-ს, რომლის 60% ქართული წარმოშობის აფხაზობაა.
 
-აფხაზეთთან მიმართებაში დიდი ძვრები მაინცდამაინც არ შეიმჩნევა, რას აკეთებენ ამ დროს  არასამთავრობოები?

 -სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ხშირი კონტაქტები სოხუმთან არც მთავრობას აქვს და არც არასამთავრობოებს. ზუსტად მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობაში ჯარი შევიყვანეთ, ყველანაირი მონაპოვარი დავკარგეთ. კონტაქტი გაგვიწყვიტა აფხაზეთის სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებმა. არადა, შეიძლება ითქვას, რომ კოდორში ჯარის შესვლასთან ერთად ცივილიზაცია შევიდა. ძალიან ბევრი რამ ამ ხეობაში სასიკეთოდ შეიცვალა ადგილობრივებისათვის, ასეც უნდა მომხდარიყო. მაგრამ ამან გამოიწვია უკურეაქცია.

ამჟამად აფხაზებთან ურთიერთობა ჩიხში შესული, უკვე ერთი წელია არანაირი სერიოზული კავშირი არ გვაქვს იმ ხალხთან, ვისთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ბოლო პროექტს, რომელიც არ განხორციელდა ხსენებული ბლოკადის გამო, ერქვა ”ინტერნეტ-დიალოგი”. აქ  ჩართული იყო თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოჩამჩირე, სოხუმი. იგეგმებოდა ბათუმის და გაგრის გაწევრიანებაც. ამ ქალაქებში მოქმედი ქართული და აფხაზური ორგანიზაციები ინტერნეტის საშუალებით დაეხმარებოდნენ მონათესავე ადამიანებს მოეძებნათ და შეხვედროდნენ ერთმანეთს განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ოთხი თვის განმავლობაში 400 ადამიანის მოძიება შევძელით, უცხოელი დამფინანსებლები  რეალური შედეგებს ხედავდნენ, რაც პროგრამის წარმატებით განხორციელების გარანტს გვისახავდა. სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია პროექტი შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ვცადე ურთიერთობების აღდგენა აფხაზურ ორგანიზაციებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, მათზე ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. გაეროს თუ სხვა სამშვიდობო ორგანიზაციების მოვალეობა სწორედ ასეთი დაძაბულობის განმუხტვა და სიტუაციის დარეგულირებაა, მათ არაერთხელ მივმართეთ შუამავლობისათვის, მაგრამ რატომღაც დიდი მხარდაჭერა არ გამოუვლენიათ.
 
-როგორ ხდება მონათესავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება-შეხვედრა, რა წინასწარი პროცედურების გავლით შეიძლება ეს მოხდეს?

-პროექტზე მუშაობისას თავდაპირველად იქმნება ბაზა იმ ადამიანებისა, რომლებიც პროგრამის უშუალო ობიექტები არიან.. შემდეგ ამ ადამიანებზე უშიშროების სამინისტრო გასცემს საშვებს და წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილას ხდება ადამიანების შეხვედრა. უსაფრთხოების გარანტი საბოლოოდ არის ის მხარე, რომელსაც თავისი ნათესავი მიყავს. ამ პროცესში  მკაცრადაა გათვალისწინებული მონაწილე პირთა რაოდენობა და ფუნქციები, სპეციალური ნებართვის გარეშე ამ ღონისძიებებში მონაწილეობა არავის შეუძლია. უნდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევებში, ეს შეხვედრები ენგურის ხიდთან, სიხარულის ცრემლებით იწყება და მადლიერებით მთავრდება. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ორი ძმის შეხვედრა. დედით ქართველნი და მამით აფხაზი მცირეწლოვანი ძმები ერთმანეთს ომის დროს დაშორდნენ. ე.წ. “პერემირიეს” დროს მარტვილელმა ლეილა ბასილაიამ  უფროს ვაჟთან ერთად  დროებით დატოვა სახლი გუდაუთაში, სადაც მისი უმცროსი ვაჟი მეუღლის ოჯახში დატოვა. როცა  მოულოდნელად ჩაიკეტა გზები  და განახლდა ომი, ოჯახის წევრებმა ერთმანეთს ხმა ვეღარ მიაწვდინეს. ბავშვების მამა და ბიძა ომს შეეწირნენ. გავიდა წლები.. უფროსი ძმა  მარტვილში დედის ოჯახში იზრდებოდა, უმცროსი კი აფხაზ ბებია-ბაბუასთან. ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი ორივე მხარისათვის ძალიან დიდი იყო. დედით ქართველი და მამით აფხაზი ძმები ერთმანეთს ენგურის ხიდთან შევახვედრეთ. შემაძრწუნებელი იყო იმის ხილვა, რომ ძმები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ვერ ენა არ ესმოდათ. თუმცა, ახლა ერთად ცხოვრობენ და ალბათ, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

-თქვენს კავშირს თუ ჰქონია შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

-სოხუმში ბერიას სახლ-მუზეუმში მდებარეობს გაეროს ოფისი, სადაც ამავე ორგანიზაციის ეგიდით 2004წ. მოეწყო შეხვედრა. მონაწილეობდნენ აფხაზეთის ადგილობრივი როგორც სამთავრობო ისე არასამთვრობო ორგანიზაციები, უცხოური ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს წარმომადგენლობაც, სულ 40 ადამიანი. ვისაუბრეთ სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ურთიერთობა  რეალურად ხელჩასაჭიდი იყო, საუბარი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობდა. ვისაუბრეთ საერთო გეგმებზე, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ საუბარში არ იგულისხმება მსჯელობა პოლიტიკაზე, პოლიტიკურ შეცდომებზე, ამბიციებზე…და ა.შ. ვინაიდან ეს კომპეტენტური ორგანიზაციების პრეროგატივაა. ჩვენი პროგრამები, რომლებიც ხორციელდებოდა აფხაზეთში, გულისხმობდა ასევე სემინარების ორგანიზებას, სადაც იქნებოდა  მსჯელობა კონფლიქტოლოგიაზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე და რიგ მსგავს საკიხებზე. უკვე მეორე სემინარის მიმდინარეობისას ჩაერთო ადგილობრივი უშიშროება, მათ ბევრჯერ პოლემიკურ საკითხებზე ჩამოგვიგდეს სიტყვა, ცდილობდნენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დაგვეფიქსირებინა, მაგრამ ვერ ჩაგვითრიეს. ჩვენი მისიაა ძალიან კონკრეტული: არა პოლიტიკური, არამედ ნათესაური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობა.

-რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ ერთი გვარის წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული 7 წარმომადგენელი ესწრებოდა..

-ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ღონისძიება შეგვიძლია გამოვყოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი. აფხაზეთიდან ბოხუების გვარის 7 წარმომადგენელი ჩამოვიყვანეთ მოგვარეებთან შესახვედრად. ძალიან სასიკეთოდ მოქმედებს ასეთი ნათესაური ურთიერთობები, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არცთუ სახარბიელოა. ეს ღონისძიებები  დადებითად განაწყობს არა მარტო უშუალოდ მონაწილეებს, არამედ ადამიანებს, ვინც  ისმენს მათ ნაამბობს.

ამ პროგრამამ დიდი აგრესია გამოიწვია აფხაზურ უშიშროებაში. თუმცა, როგორც არ უნდა მოეწონოს ვინმეს, ჩვენ არ შევჩერდებით, უკვე მოპოვებული გვაქვს ნდობა და სიყვარული აფხაზი ხალხის გარკვეულ წრეში. ამის დასტურია ისიც, რომ აფხაზეთიდან ხშირად მოუმართავთ იმისათვის, რომ სამედიცინო ან სხვა სახის დახმარება  გაგვეწია. როცა ადამიანს უჭირს და მოგმართავს, ე.ი. მისთვის იმედი ხარ. ამ თხოვნების უგულებელყოფა კი ღალატია. ჩვენ ჩვენი კეთილი საქმეებით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ მტრები არ ვართ. არც თუ დიდი ხნის წინ თბილისიდან აფხაზეთში ერთი აფხაზი ქალბატონი გადავასვენეთ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მთხოვა, რომ მისი ცხედარი საკუთარ მიწა-წყალზე დაესვენებინათ. დაკრძალვაზე მგლოვიარე აფხაზებმა, ასეთი საბოლოო სიტყვით გამოგვაცილეს: ღმერთმა ქნას უკანასკნელი ყოფილიყოს ეს ჩამოსვენება, ამიერიდან ცოცხალნი დაგვბრუნებოდეთო....

 

ახალი ამბები